მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინა კონტრშეტევას მაისში დაიწყებს-ბახმუტში რუსი ოკუპანტების წინსვლა შეჩერდა

გამოცემა The New York Times-ის ცნობით, უკრაინა კონტრშეტევას მაისში დაიწყებს.

“უკრაინა მაისში კონტრშეტევის დასაწყებად ემზადება. თუმცა, გადამწყვეტი გამარჯვების გარეშე, უკრაინისადმი დასავლეთის მხარდაჭერა, შესაძლოა, შემცირდეს და კიევი მზარდი ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდეს, რათა დაიწყოს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები კონფლიქტის დასრულების ან გაყინვის მიზანით”, – წერს გამოცემა.

გამოცემის ინფორმაციით, აშშ-მა და NATO-მ უკრაინას დიდი რაოდენობით არტილერია და საბრძოლო მასალა მიაწოდეს. ოფიციალური პირები კი იმედოვნებენ, რომ უკრაინელი დამცველების იარაღით მომარაგება გაგრძელდება.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილ ბუდანოვის ვარაუდით, უკრაინის არმია ყირიმში გაზაფხულზე შევა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინა აქტიურად ამზადებს ახალ სამხედრო ბრიგადებსა და დანაყოფებს.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსი ოკუპანტების წინსვლა შეჩერდა.

“რუსი ოკუპანტები აგრძელებენ სახმელეთო შეტევებს ბახმუტსა და მის შემოგარენში, მაგრამ ბოლო ორი დღის განმავლობაში მათ ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონიათ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.

ISW-ს ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის თავდასხმები ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით მოიგერიეს. რუსული რეგულარული ჯარები კი ჩართული იყვნენ პოზიციურ ბრძოლებში უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით.

“რუსულ არმიას არ გააჩნია საბრძოლო ძალა, რომელიც აუცილებელია ვუჰლედარის მიმართულებით რაიმე მნიშვნელოვანი შეტევისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრძოლა ბახმუტისთვის მიმდინარეობს”, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button