131 უკრაინელი ჯარისკაცი რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ ამჟამად რუსების ტყვეობაში არიან
ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა

უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლჰა ვასილევსკას ინფორმაციით, 131 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, ამჟამად რუსების ტყვეობაში არიან.
“131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის სადგურს იცავდნენ 2022 წლის 24 თებერვალს, მტრის ტყვეობაშია უკვე მეორე წელია, თავისუფლების, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის ფასად”, – განაცხადა სახალხო დეპუტატმა
დღეს, ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წლისთავზე, ვასილევსკა ამბობს, რომ რუსეთი ატომურ ელექტროსადგურებს იყენებს როგორც “ხიდს”, უკრაინის ჯარების შეკავებისა და კაცობრიობის შემდგომი დაშინების მიზნით და ამით არღვევს ბირთვული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.
შეგახსენებთ, რუსეთის საოკუპაციო ჯარმა ჩერნობილის ატომური სადგური 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეს დაიკავა.
რუსებმა ჩერნობილის აკრძალული ზონის ტერიტორიაზე „რადიოაქტიური ნიადაგი დაარბიეს“, დააბინძურეს მათი აღჭურვილობა და თავადაც მოიწამლნენ რადიოაქტიური მტვერით.
ჩერნობილის კატასტროფიდან 37 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით უკრაინის ქალაქ სლავუტიჩში მემორიალური ღონისძიებები გაიმართა. ჩერნობილის ელექტროსადგურის ყოფილმა თანამშრომლებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.
37 წლის წინ ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის შედეგად ბირთვული აფეთქება მოხდა, რამაც მიმდებარე ტერიტორიაზე რადიაქტიური დაბინძურება გამოიწვია. აფეთქების გამო გაჩენილი რადიაქტიური ღრუბლები ევროპის დიდ ნაწილზე გავრცელდა.
ავარიას ადგილზე 31 პირის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო რადიაციის შედეგად გამოწვეული დაავადებებით 115 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა.