საქართველოს მოსახლეობის ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს

NDI-ს უახლესი საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, რომელიც დღეს, 3 მაისს, გამოქვეყნდა, საქართველოს მოქალაქეებიდან ყოველი მეექვსე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს. ქვეყნის დატოვების სურვილი
შედარებით მაღალია ახალგაზრდა მოქალაქეებსა და კაცებს შორის. ამავე კვლევის მიხედვით, თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს უკვე ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.
კითხვაზე – რამდენად მოსალოდნელია, ან არ არის მოსალოდნელი, რომ მომდევნო 12 თვის განმავლობაში თქვენ სამუშაოდ საზღვარგარეთ წახვიდეთ – 15% პასუხობს, რომ მოსალოდნელია, 82% ამბობს, რომ არ არის მოსალოდნელი, ხოლო 3%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.
ემიგრაციაში წასვლის მსურველების რაოდენობა უფრო მაღალი იყო 2022 წლის დეკემბერში, ვიდრე 2023 წლის მარტში – გასულ წელს ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობდა ყოველი მეხუთე ადამიანი, ანუ ქვეყნის მოსახლეობის 20%.
2022 წელს მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში თითქმის 26 ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა თავშესაფარი. კვლევა 17-23 მარტის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით სატელეფონო გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). მარტში ჩატარებული გამოკითხვა 1 032 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2 პროცენტია.
NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ