მნიშვნელოვანისიახლეები

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან

პარტია “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრები ხატია დეკანოიძე და რომან გოცირიძე პარლამენტში პოლიტიკურ ჯგუფს ქმნიან. დეპუტატებმა ამის შესახებ თავად უთხრეს ჟურნალისტებს.

“მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა საპარლამენტო რესურსს. ეს იქნება მათ შორის აპარატში მუშაობა, საკანონმდებლო მუშაობა, დელეგაციებში ჩვენი მონაწილეობა…” – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან.

პოლიტიკურ ჯგუფად დასარეგისტრირებლად აუცილებელია პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღოს რეგლამენტში შესატანი ცვლილებები. ამის შემდეგ ერთი პარტიიდან გამოყოფილ დეპუტატებს შეეძლებათ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი.

“როდესაც დარეგისტრირდება საბოლოოდ ეს საკანონმდებლო ცვლილება, მე და ბატონ რომან გოცირიძეს გვექნება უკვე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი”, – თქვა დეკანოიძემ.

გოცირიძის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე განაცხადს საქართველოს პარლამენტის აპარატში დღეს შეიტანენ. ის არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო ჯგუფი გაფართოვდეს და სხვა დეპუტატებიც შეუერთდნენ.

“პოლიტიკური ჯგუფის შექმნა განპირობებულია ერთის მხრივ იმ საშუალებითაც, რაც ამ რეგლამენტით მოგვეცა და დღეს უკვე ოფიციალურად შევიტანთ განაცხადს და დავარეგისტრირებთ. ამ ჯგუფის შექმნით ჩვენ შევეცდებით, გავაძლიეროთ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ თანმიმდევრული ვიყავით ყოველთვის, მე და ხატია, მაშინაც კი, როდესაც ვიყავით ნაციონალურ მოძრაობაში მიგვაჩნდა და დღესაც მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტი არის უდიდესი რესურსი, რომლის არ გამოყენება სრული დატვირთვით არის დანაშაულის ტოლფასი.

ჩვენ საპარლამენტო მუშაობის გაგრძელებისთვის გამოვიყენებთ ყველა ხერხს, საკანონმდებლო ინიციატივებს არ მოგაკლებთ, სულ მალე იქნება პირველივე ინიციატივა, რაც ქალბატონი ხატიას იდეა იყო და ნახავთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საჭირო, ისევე, ძალიან ბევრ ეკონომიკურ საკითხზე გვექნება პოზიცია. ასე რომ, არ არის გამორიცხული, ჩვენი ჯგუფი გაფართოვდეს, სხვებიც შემოგვიერთდნენ, მაგრამ დღევანდელი ჩვენი პირველი განაცხადი, მთელი შინაარსი იმაშია, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა მუშაობდეს უკეთესად”, – განაცხადა გოცირიძემ.
ორივე მათგანმა სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვა პარტია “ნაციონალური მოძრაობა”, რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.

“ნაციონალურ მოძრაობაში” პარტიის თავმჯდომარის ორდღიანი არჩევნები 30 იანვარს დასრულდა ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებით. არჩევნებში მონაწილეობდა პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც დამარცხდა.

ხაბეიშვილის არჩევიდან მეორე დღეს, 31 იანვარს, ხატია დეკანოიძემ თქვა, რომ ტოვებდა პარლამენტში ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობას. დაახლოებით ორ კვირაში, 17 თებერვალს, რომან გოცირიძემ პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. ის აღნიშნავდა, რომ პარტიის ფარგლებში პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობები ამოწურა. 23 მარტს კი ხატია დეკანოიძემ მიიღო პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება.

მსგავსი პოსტები

Back to top button