“ღმერთო, დაიფარე მეფე”- ვესტმინსტერის სააბატოში ახალი მონარქის, ჩარლზ III-ის კორონაცია იმართება

ლონდონში, ვესტმინსტერის სააბატოში 6 მაისს იმართება ახალი მონარქის, ჩარლზ III-ის კორონაცია.
ცერემონია დაიწყო მსვლელობით ბაკინგემის სასახლიდან ვესტმინსტერის სააბატომდე. უშუალოდ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე ცოტა ნაკლებმა სამხედრო მოსამსახურემ, მარშრუტის გასწვრივ კიდევ ათასი სამხედრო იყო რიგში ჩამდგარი.
საყვირებმა ამცნო უესტმინსტერში შეკრებილებს, რომ მეფე უკვე სააბატოს დასავლეთ კართან იმყოფებოდა და მზად იყო დაედო ფიცი, რომლისთვისაც ის მთელი 70 წლის განმავლობაში ემზადებოდა, თუმცა, იქამდე მეფემ და დედოფალმა კამილამ გაიარეს გრძელი გზა ბუკინგემის სასახლიდან უესტმინსტერის სააბატომდე. ეს გზა მათ გაიარეს 2012 წელს დედოფალ ელიზაბეთ II-ის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი მუხის ეტლით და 4000 კავალერისტის თანხლებით.
სააბატოში მეფეს ელოდა 2300-მდე სტუმარი, 700 წლის სიძველის ტახტი, სუვერენის ბეჭედი, რომელიც მეფის ღირსების აღმნიშვნელია, კვერთხი, სფერო, რომელიც ქრისტიანულ სამყაროს აღნიშნავს და, რაც მთავარია, წმინდა ედვარდის გვირგვინი, რომლის ჩარლზ III-ის თავზე დადგმითაც, პრაქტიკულად, ბოლო აკორდი გაისმა და გაისმა სიტყვები, რომელიც 70 წელია აღარ მოგვისმენია – “ღმერთო, დაიფარე მეფე!” აქამდე “ღმერთო, დაიფარე დედოფალი” იყო ის მთავარი ფრაზა, რომელსაც სამეფო ოჯახის გამოჩენისთანავე ბრიტანელები წარმოთქვამდნენ, თუმცა ახლა ეს ტრადიცია იცვლება.
კორონაციის ცერემონია გაჯერებული იყო რელიგიური ელემენტებით. ჩარლზ მესამემ პირველი, რაც უკვე მეფის სტატუსით გააკეთა იყო ფიცი, რომელიც საკუთარი ქვეყნის წინაშე წარმოთქვა.
შემდეგ სააბატოში დაიწყო საზეიმო ცერემონია. მეფემ საეკლესიო იერარქების თანდასწრებით ბიბლიაზე წარმოთქვა ფიცი, რომ ერთგულად მოემსახურება ბრიტანეთის და იმ სხვა ქვეყნების ხალხებს, რომელთა მეთაურიც არის, რომ დაიცავს კანონებს და ანგლიკანურ რწმენას.
ტრაფალგარის მოედანზე პოლიციამ დააკავა რესპუბლიკის მომხრე რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ორგანიზაცია “რესპუბლიკის” ლიდერი გრემ სმიტი. რამდენიმე ასეული აქტივისტი მოედანზე მივიდა პლაკატებით “ეს ჩვენი მეფე არ არის”. სააგენტოების ცნობით, დაკავება უკავშირდებოდა იმ გარემოებას, რომ აქტივისტთა ნაწილს თან საღებავი ჰქონდა, და პოლიციამ ვანდალიზმი აღკვეთა. რესპუბლიკელები პოლიციას ადანაშაულებენ მშვიდობიანი თავშეყრის უფლების ხელყოფაში.
მონარქიის მომხრეები და ზოგადი მაყურებლები ლონდონის ქუჩებში ათასობით გავიდნენ. ისინი მიესალმებიან საზეიმო ცერემონიების მონაწილეებს.
კორონაციის ცერემონიაზე მიიწვიეს 200-მდე ქვეყნის 2000-ზე მეტი წარმომადგენელი. რუსეთის წარმომადგენლები ცერემონიაზე არ მიუწვევიათ.
მონარქად კურთხევის ცერემონიისას წმინდა პეტრეს სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები, ამერიკის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, ასევე უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. საქართველოს კი ბრიტანეთში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენდა. დღევანდელ ცერემონიაზე 2000- ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული.
ბრიტანეთის ისტორიაში 73 წლის ჩარლზი გახდა მონარქი, რომელიც ტახტზე ყველაზე ხანდაზმულ ასაკში ავიდა. მისი დედა, დედოფალი ელისაბედი 96 წლის ასაკში შოტლანდიაში გარდაიცვალა, 2022 წლის 8 სექტემბერს.