მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს

რუსეთი საქართველოსთან სავიზო რეჟიმს აუქმებს. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება.
დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ტერიტორიაზე შევლენ და დატოვებენ მან ვიზის გაფორმების გარეშე მოქმედ დოკუმენტებზე დაყრდნობით, რომელიც ადასტურებს პირის ვინაობას (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად).

დოკუმენტის მიხედვით, სავიზო რეჟიმი უქმდება 15 მაისიდან და საქართველოს მოქალაქეებს 90 დღემდე ვადით შეეძლებათ რუსეთში უვიზოდ ჩასვლა.
„ვწყვეტ: 1. დადგინდეს, რომ 2023 წლის 15 მაისიდან: ა) საქართველოს მოქალაქეები შედიან რუსეთის ფედერაციაში და ტოვებენ რუსეთის ფედერაციას ვიზის გაცემის გარეშე მათი ვინაობის დამადასტურებელი მოქმედი საბუთების საფუძველზე (საქართველოს მოქალაქის პასპორტი, დიპლომატიური. პასპორტი, სამსახურებრივი პასპორტი, მეზღვაურის წიგნაკი, სამგზავრო დოკუმენტი საქართველოში დასაბრუნებლად), გარდა იმ მოქალაქეებისა, რომლებიც შემოდიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით რუსეთში დროებით ყოფნისთვის, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების განყოფილების ქართველ თანამშრომლებსა და მათ ოჯახის წევრებს ეძლევათ ერთჯერადი ვიზა სამი თვის ვადით.

აღნიშნულია, რომ ასეთი თანამშრომლების აკრედიტაციის შემდეგ მათ და მათ ოჯახებს შეუძლიათ შევიდნენ რუსეთის ფედერაციაში და დატოვონ რუსეთის ფედერაცია ვიზის გარეშე აკრედიტაციის მთელი პერიოდის განმავლობაში” ნათქვამია რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა დღეს, 10 მაისს, გამოსცა კიდევ ერთი ბრძანებულება, რომლის მიხედვითაც, ხელმოწერისთანავე გაუქმებულია საქართველოსთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება. საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა.
2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
2019 წლის ზაფხულიდან, პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები ივნისში დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

მსგავსი პოსტები

Back to top button