მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენები კვირაში 7 ჯერ შესრულდება

რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებით, რუსული ავიაკომპანიები რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღსადგენად ემზადებიან. უწყება ამბობს, რომ კომპანიები რუსული თვითმფრინავებით კვირაში 7 პირდაპირ რეისს შეასრულებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან.
“ამჟამად გადამზიდავები ემზადებიან ფრენების აღსადგენად. რუსული ავიახაზები კვირაში 7 პირდაპირ რეისს განახორციელებენ მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით და უკან. ფრენები განხორციელდება შიდა წარმოების თვითმფრინავებით”, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს ცნობილი გახდა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ახალი განკარგულება, რომლის მიხედვითაც საქართველოსთან სავიზო რეჟიმი 15 მაისიდან გაუქმდება, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქციების შემდეგ, რაც თბილისში დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას მოჰყვა, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენები დროებით აუკრძალა. ფრენა აეკრძალათ კომერციულ ავიაკომპანიებსაც.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის მოქალაქეებისთვის გააუქმა რეკომენდაცია, რის მიხედვითაც უწყება მათ საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევდა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყების პრეს-სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, კომენტარი საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ გაკეთდება.

„რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეების რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების თაობაზე ჩვენი პრინციპული მიდგომის შესაბამისობაშია, რათა დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის“, – აღნიშნა ზახაროვამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button