მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტა ჩამოაგდეს-ბრძოლა ბახმუტისთვის გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 23 სარაკეტო და 43 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, 97-ჯერ დაცხრილეს თავდაცვის ძალების პოზიციები და დასახლებული პუნქტები.
უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, მოწინააღმდეგეს ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებული აქვს აღმოსავლეთში – ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე, სადაც გასულ 24 საათში შეტევაზე 46-ჯერ გადავიდა. გენერალური შტაბის ინფორმაციით, ყველაზე მძიმე ბრძოლა მიმდინარეობს ბახმუტისა და მარიინკისთვის.
უკრაინის გენშტაბის თანახმად, ბოლო 24 საათში გაანადგურეს რუსეთის საოკუპაციო ძალების 690 სამხედრო, 2 ტანკი, 6 დრონი, 18 ჯავშანმანქანა და სხვა ტექნიკა.
საომარი მოქმედებების პირობებში ინფორმაციის სხვა წყაროებით ოპერატიულად გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის, ოლექსანდრ სირსკის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით რუსულმა ძალებმა ზოგიერთ მონაკვეთზე უკან დაიხია.
“ბახმუტის მიმართულებით გააზრებული თავდაცვის შედეგად ჩვენი ქვედანაყოფების ეფექტური ქმედებების შედეგებს ვიღებთ. მათ შორის წარმატებულ კონტრიერიშებს ვაწარმოებთ. ფრონტის ცალკეულ მონაკვეთებზე მტერმა ვერ მოახერხა უკრაინელი დამცველების ზეწოლის შეკავება და 2 კილომეტრამდე უკან დაიხია”, – თქვა უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა.
სირსკი ამბობს, რომ უკრაინის ძალებს საიმედოდ უკავიათ ფრონტი და რუსულ არმიას წინ წაწევის საშუალებას არ აძლევენ. მისი თქმით, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება.
7 მაისს, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა განაცხადა, რომ მტერი გეგმების შეცვლას არ აპირებს და ყველაფერს აკეთებს, რომ ბახმუტზე კონტროლი დაამყაროს. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე დაძაბული, მაგრამ კონტროლირებადია.

უკრაინის სამხედრო მეთაურის ანდრეი ბილეცკის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა ბახმუტთან წარმატებული კონტრშეტევის შედეგად დიდი რაოდენობით რუსი მებრძოლები გაანადგურეს.
უკრაინის მესამე თავდასხმის ბრიგადის მეთაურის თქმით, მათ ბახმუტის სიახლოვეს რუსეთის 72-ე ბრიგადის დანაყოფები დაამარცხეს. მეთაური მოკლული რუსი სამხედროების რიცხვს არ ასახელებს.
ბილეცკის თქმით, “რუსეთის მე-6 და მე-8 დანაყოფები სრულად განადგურდა”, ასევე განადგურებულია დიდი რაოდენობით ჯავშანტრანსპორტი.
მისი ცნობით, “ვაგნერის მე-3 შეტევის დანაყოფს ასევე დიდი დანაკარგები აქვს” და ტყვედ აიყვანეს რუსი სამხედროების დიდი ნაწილი.
თავდასხმითი ოპერაციის შედეგად უკრაინამ რუსეთის ძალებისგან სრულად გაათავისუფლა 3 კმ-ის სიგანისა და 2.6 კმ-ის სიღრმის ფართობი. თუმცა უკრაინა ზუსტ ლოკაციას არ ასაჯაროებს.
უკვე რამდენიმე თვეა ბახმუტში შეტაკებები მიმდინარეობს. ტერიტორიაზე რუს სამხედროებთან ერთად რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფიც იბრძვის. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა ბახმუტში წარმატებისთვის დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და საბრძოლო რესურსები გამოყო, ქალაქზე კონტროლს ამ დრომდე ვერ ამყარებენ.
9 მაისს კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ უკრაინა ბახმუტის მიმართულებით ფლანგებს არღვევს და “მალე კონტრშეტევაზე გადავა”.
29 აპრილს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს ულტიმატუმი წაუყენა, რომ თუ ვაგნერის სამხედროებისთვის ტყვია-წამლის დეფიციტის პრობლემა არ გადაიჭრებოდა, მისი დანაყოფები იძულებულები იქნებოდნენ, გამოსულიყვნენ უკრაინის ქალაქ ბახმუტიდან.
მოგვიანებით, 2 მაისს, პრიგოჟინმა თქვა: “თუ კომპანია ვაგნერი დაიღუპება, ეს არ მოხდება უკრაინის არმიის ან NATO-ს ხელით”.
5 მაისს მან ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც მისი თქმით, გარდაცვლილი “ვაგნერელები” ჩანან.
გავრცელებულ ვიდეოში პრიგოჟინი რუსეთის ხელისუფლებას მიმართავდა და რუსული ჯარის ხელმძღვანელობას [თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსს ვალერი გერასიმოვს] აგინებდა.
5 მაისს ღამით პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ვაგნერელები ბახმუტს 10 მაისს დატოვებდნენ. ის უკრაინის ქალაქის დატოვებას სამხედრო შეიარაღების უქონლობას უკავშირებდა. როგორც პრიგოჟინმა აღნიშნა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბოლო 1 თვის განმავლობაში დაქირავებულ მებრძოლებს საჭირო შეიარაღების მხოლოდ 10%-ს აწვდის.
6 მაისს პრიგოჟინმა თქვა, რომ მზად იყო, 10 მაისიდან მის მებრძოლებს თავიანთი პოზიციები ჩეჩნურ სპეცდანიშნულების რაზმის ახმატისთვის გადაეცათ.
7 მაისს კი ვაგნერის დამფუძნებელმა თქვა, რომ მიიღო საბრძოლო ინსტრუქციები და პირობა, სავარაუდოდ, თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ვაგნერის სამხედროები მიიღებენ იმდენ ტყვია-წამალსა და იარაღს, რამდენიც დასჭირდებათ.

პენტაგონმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა რუსული რაკეტა „კინჟალი“ „პეტრიოტის“ საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებით ჩამოაგდეს.
„შემიძლია, დავადასტურო, რომ უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტა „Patriot“ საჰაერო სარაკეტო თავდაცვის სისტემის გამოყენებით. როგორც იცით, ეს სისტემა არის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების უფრო ფართო სპექტრის ნაწილი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ უკრაინას მიაწოდა“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, პატრიკ რაიდერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები პარტნიორებთან ერთად განაგრძობს უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობებითა და საბრძოლო მასალით უზრუნველყოფას, რათა ქვეყანამ ცისა და მოქალაქეების რუსეთისგან დაცვა შეძლოს.
ცნობისთვის, 6 მაისს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა მიკოლა ოლეშჩუკმა დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს რუსული რაკეტა Kinzhal პატრიოტის კომპლექსის გამოყენებით.

მსგავსი პოსტები

Back to top button