მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები

დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი კრემლის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. გავრილოვი ამბობს, რომ ის თბილისში კიდევ აპირებს ჩამოსვლას და ამჯერად უკვე პირდაპირი რეისით :

“ვთვლი, რომ ეს არის ძალიან დადებითი გადაწყვეტილება, რომელსაც დიდი ხანი ველოდით. ეს მოხსნის იმ ხელოვნურ ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლიდა ქართველებს რუსეთში მყოფი ნათესავების მონახულებაში, ისევე, როგორც პირიქით. ეს ასევე ხელს შეუწყობს კომერციული და პირადი კონტაქტების დამყარებას. ასევე შეამცირებს არსებულ დაძაბულობას სამხრეთ კავკასიაში.

ჩვენ არაერთხელ მივმართავდით რუსეთის პრეზიდენტს, რომ მოხსნილიყო ყველა არსებული ბარიერი, მით უმეტეს, რომ საქართველოს არა აქვს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებთან. ვისაც არ უნდა რუსეთში ჩამოსვლა, შეუძლია არ ჩამოვიდნენ.

მე არ ვიცი, იცოდა თუ არა ქართულმა ოცნებამ ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ, მაგრამ ვიცი, რომ საქართველოში ბევრი ელოდა ამ გადაწყვეტილებას.

პირადად მე ვაპირებ ჩამოსვლას. შესაძლოა ეს არ მოხდეს ახლო მომავალში, მაგრამ საქართველოში ჩემი ბევრი ნათესავია დაკრძალული. არ ვიცი, შემომიშვებენ თუ არა საქართველოში, ეს დამოკიდებულია ქვეყნის ხელისუფლებაზე” ამბობს გავრილოვი.

ამასტან მანვე განაცხადა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება თბილისს სარგებელს მოუტანს. ეს არის რუსეთის წინააღმდეგ ომში მონაწილეობაზე ქვეყნის ხელმძღვანელობის უარის შედეგი. შესაბამისი განცხადება რუსულ გამოცემა Life.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა გააკეთა.

„ათასობით ქართველს ეს სურდა, რადგან ეს ხელს უწყობს ტურისტული კონტაქტებისა და ახალგაზრდების გაცვლის პროცესის გაფართოებას, ვაჭრობის პროცედურების გამარტივებას, არაერთი საინვესტიციო პროექტის განბლოკვას, რომელთა განხორციელება დააკავშირებს რუსეთსა და საქართველოს „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ სატრანსპორტო დერეფნის ფარგლებში, გააძლიერებს ევრაზიის ინფრასტრუქტურული დერეფნების ქსელს“ , – განაცხადა რუსმა დეპუტატმა.

გავრილოვი ამბობს, რომ თავად საქართველოში ჩამოსვლას ჯერ არ გეგმავს, მაგრამ მოსკოვში ელოდება თავის ქართველ კოლეგებს მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეიდან.

„თუმცა, ვუშვებ მომავალში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობას, რათა მოვინახულო ჩემი წინაპრების საფლავები, რომლებიც იცავდნენ ჩვენს ქვეყანას დიდი სამამულო ომის დროს“, – დასძინა გავრილოვმა.

ცნობისთვის სწორედ გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანასა და მის ჩასმას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, 2019 წელს საქართველოში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სწორედ ამის შემდეგ გააუქმა ფრენები რუსეთმა საქართველოსთან. დღეს კი პუტინმა ყველა შეზღუდვა მოხსნა და სავიზო რეჟიმიც გააუქმა.

შეგახსენებთ რომ დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდება. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.

ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენები შეწყვიტა.

ამ დროის განმავლობაში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ გაჟღერებულა, რომ რუსეთი საქართველოსთან განიხილავდა როგორც პირდაპირი ფრენების აღდგენას, ისე სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში მიმდინარე მასშტაბური ომის ფონზე, დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან ფრენებს კრძალავდნენ და სავიზო რეჟიმსაც აწესებდნენ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ პირიქით, მათთვის მისასალმებელი იქნებოდა უვიზო მიმოსვლა და ფრენების აღდგენაც.

მსგავსი პოსტები

Back to top button