ბრიტანეთი „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს

ბრიტანეთი კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერს“ ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დაამატებს, – ინფორმაციას ამის შესახებ The Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, წყარომ ბრიტანეთის მთავრობიდან დაადასტურა, რომ ორთვიანი სამართლებრივი მზადების შემდეგ დაჯგუფების ტერორისტულ სიაში შეყვანა გარდაუვალია და ეს რამდენიმე კვირაში მოხდება.
როგორც The Times-ი წერს, ბრიტანეთის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება სისხლის სამართლის დანაშაულად აქცევს „ვაგნერის“ ჯგუფის შეხვედრებზე დასწრებას, მის მხარდაჭერას ან საჯაროდ დაჯგუფების ლოგოს ტარებას, რაც გამოიწვევს ფინანსურ სანქციებსა და სხვა სასჯელებს.
ეს ასევე გამოიწვევს ფინანსურ სანქციებს ჯგუფის წინააღმდეგ და შეზღუდავს დიდი ბრიტანეთის ფინანსური ინსტიტუტების მეშვეობით სახსრების მოზიდვის შესაძლებლობას.
Times-ის თქმით, ვაგნერს დაეკისრება ფინანსური სანქციები, რაც გავლენას იქონიებს ვაგნერის მიერ ბრიტანეთის ფინანსური ორგანოების გავლით დაფინანსების მოგროვების შესაძლებლობებზე.
ვაგნერსა და მის ლიდერს ევგენი პრიგოჟინს ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები უკვე არაერთხელ დაუწესეს.
პრიგოჟინის აქტივები ევროკავშირში 2020 წლიდან გაყინულია. ლიბიაში ვაგნერის ჯგუფის გადასმის გამო კი ის ვიზის შავ სიაშიცაა.
საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროკავშირს მოუწოდებს, რუსული კერძო სამხედრო ჯგუფი ვაგნერი ოფიციალურად ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.
თუ ვაგნერი ევროკავშირის ტერორისტული ორგანიზაციების სიაში მოხვდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბლოკის წევრ ქვეყნებს შეეძლებათ მისი აქტივების გაყინვა და ვაგნერის წევრებს ევროპულ კომპანიებსა და მოქალაქეებთან ბიზნესის კეთება აეკრძალებათ. ევროკავშირის გადაწყვეტილებას მალევე შეუერთდა შვეიცარიაც.
პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ფრანგმა დეპუტატმა ბენჯამინ ჰადადმა თქვა, რომ ვაგნერი ძალადობრივი ჯგუფია, რომელიც ადამიანებს კლავს, აწამებს და სათანადოდ არ ისჯება და ევროკავშირის მხრიდან ტერორისტად აღაირებით, გაძლიერდება სამართლებრივი ინსტრუმენტები ვაგნერის წინააღმდეგ.
“სადაც არ უნდა მუშაობდნენ, ვაგნერის წევრები ავრცელებენ არასტაბილურობასა და ძალადობას. ისინი კლავენ და აწამებენ. ისინი ხოცავენ და ძარცვავენ. ისინი აშინებენ და მანიპულირებენ თითქმის სრული დაუსჯელობით.
ეს რეზოლუცია და მისი ევროპული ფარგლები მიზნად ისახავს … გააძლიეროს სამართლებრივი ინსტრუმენტები [ვაგნერის ჯგუფის] წინააღმდეგ. მისი ევროკავშირის სიაში დამატებას ექნება გავლენა ყველა დაინტერესებულ მხარეზე, ბანკებზე, რომლებიც მის საქმიანობას შესაძლებელს ხდის.”. – განაცხადა ჰადადმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს ამ გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა და სხვა ქვეყნებს მოუწოდა, მიჰყვნენ მის მაგალითს.
“ტერორიზმის ყველა გამოვლინება უნდა განადგურდეს და ყველა ტერორისტი უნდა დაისაჯოს” – განაცხადა ზელენსკიმ.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატერინ კოლონამ განაცხადა, რომ იურიდიულად ევროკავშირის ტერორისტულ იარლიყს არ ექნება რაიმე “პირდაპირი დამატებითი ეფექტი” ვაგნერის ჯგუფზე. მაგრამ მისი თქმით, “არ უნდა შეგვეპაროს ეჭვი ამგვარი აღიარების სიმბოლურ მნიშვნელობაში, არც იმ დამაბრკოლებელ ეფექტში, რომელიც მას შეიძლება ჰქონდეს იმ სახელმწიფოებზე, რომლებსაც აქვთ ცდუნება, მიმართონ ვაგნერს”.