1 მილიონი ეთნიკური ქართველი გვყავს რუსეთში და მათ გაუადვილდებათ ჩამოსვლა
რუსეთის ტერიტორიაზე 113 687 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს

რუსეთის 2020 წლის მოსახლეობის აღწერის თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე 113 687 ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს. როსტატის ვებგვერდზე ატვირთულ აღწერაში ცალკე არიან გამოყოფილები ადამიანები ოკუპირებული რეგიონებიდან – 8 177 აფხაზი და 323 ოსი.
ამასთან აღნიშნულია, რომ რუსეთში 3 045 პირი საქართველოს მოქალაქეა. ამ შემთხვევაშიც ცალკე არიან გამოყოფილები “მოქალაქეები” ოკუპირებული ტერიტორიებიდან: აფხაზეთი – 644, ცხინვალის რეგიონი – 333.
აღწერის თანახმად, საქართველოში დაბადებული და რუსეთში მცხოვრები (ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად) 196 610 ადამიანია. ცალკეა გამოყოფილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაბადებულები და რუსეთში მცხოვრებები: აფხაზეთი – 44 302, ცხინვალის რეგიონი – 16 813.
მთავრობა და ქართული ოცნების წარმომადგენლები ხშირად იყენებენ არგუმენტად იმას, რომ რუსეთში “მილიონი ქართველი” ცხოვრობს, რის გამოც რუსეთს სანქციებს ვერ დაუწესებენ. მას შემდეგ კი რაც პუტინმა საქართველოსთვის სავიზო რეჟიმი მოხსნა და პირდაპირი ფრენები აღადგინა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ კვლავ გაიმეორა, რომ საქართველოს მილიონამდე მოქალაქეს “სანქცია” მოეხსნა.
1 მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.
პრემიერმა თავის განცხადებაში გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ არსებული ვითარება და აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ომის შემდეგ საქართველომ ცალმხრივად მოუხსნა ვიზები რუსეთის მოქალაქეებს.
„მე მინდა ჩვენს ხალხს კიდევ ერთხელ შევახსენო და განვუმარტო ქრონოლოგიურად, როგორ მოვედით დღემდე. დავიწყებ უვიზო რეჟიმით: რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ეს არის ფაქტი, რომ 1 მილიონი ეთნიკური ქართველი ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში, მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნთესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მათი მოძრაობა, მიმოსვლა, ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება.
რაც შეეხება ზოგადად უვიზო მიმოსვლას, მინდა შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენამდე, მაშინ ბატონი სააკაშვილი იყო პრეზიდენტი, ცალმხრივად, ისე რომ არაფერი მოუთხოვია, არც მოლაპარაკებები გამართულა და არაფერი, აგვისტოს ომის შემდეგ, როცა ტერიტორიების 20% დავკარგეთ და რუსეთმა ბაზები ააშენა, გამოვიდა წინა ხელისუფლება და ცალმხრივად გააუქმა სავიზო რეჟიმი. ასევე, უნდა შეგახსენოთ, რომ პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს. ასევე, გახსოვთ ცნობილი გამონათქვამები, რომ რა მნიშვნელობა ჰქონდა, საიდან შემოვიდოდა ინვესტიციები და ეს ყველაფერი ხდება ომის შემდეგ. ნაცვლად იმისა, რომ გონივრული, სახელმწიფოებრივი პოლიტიკა გამოეჩინათ და პოზიცია გამოეჩინათ, სანაცვლოდ უვიზო რეჟიმი მაინც მოეთხოვათ, ასე ერთპიროვნულად, ყოველგვარი პირობის გარეშე მოხსნეს უვიზო რეჟიმი. ახლა კითხვას, ალბათ, დამისვამთ თუ რომელიმე ასოცირებულ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვას აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან – ჩვენამდე ჰქონდა უკრაინასაც და მოლდოვას დღესაც აქვს უვიზო რეჟიმი რუსეთთან. ასევე, შეგახსენებთ, რომ მოლდოვა არის დსთ-ს წევრი. რატომ გავაკეთე ასეთი ვრცელი კომენტარი, მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი, გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ფრენების აღდგენაზე გადაწყვეტილება სასარგებლოა საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქისთვის, რადიკალური ოპოზიცია კი მათ საწინააღმდეგოდ გამოდის, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიციის მიზანია ნებისმიერი საკითხი რადიკალიზაციის საფუძველი გახადონ.
„რუსეთის ფედერაციამ ფრენების შეწყვეტის გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო 2019 წელს, რაც მაშინდელმა შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ევროკავშირმა, ევროსაბჭოს მაშინდელმა პრეზიდენტმა დაგმეს და რუსეთს ფრენების აღდგენისკენ მოუწოდეს. საქართველო იყო და არის უსაფრთხო ქვეყანა და რუსეთის მაშინდელი გადაწყვეტილება იყო დისპროპორციული, არასწორი.
დღეს, როდესაც ასევე ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციამ, გააუქმა სანქციები, ანუ აღადგინა ფრენები, დღეს უკვე რადიკალური ოპოზიცია ითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაასანქციროს საქართველოს მოქალაქეები. როგორც ჩანს, რადიკალური ოპოზიცია მაშინ დაეთანხმა საქართველოს მოქალაქეების მიმართ რუსეთის სანქციებს. ჩვენ არ გვიკვირს რადიკალური ოპოზიციის ასეთი მონური დამოკიდებულება ნებისმიერი საკითხის მიმართ, მათ შორის უცხოური ძალების მიმართ.
რადიკალური ოპოზიციის მიზანია ნებისმიერი საკითხი გახადონ რადიკალიზაციის საფუძველი. ასეთი მიზანი აქვთ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოლდოვა დღემდე დსთ-ს წევრი ქვეყანაა და ამას გაგებით ეკიდებიან როგორც მოლდოვის შიგნით, ასევე დასავლელი პარტნიორები. რუსეთის გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, სასარგებლო შეიძლება იყოს და არის კიდევაც საქართველოს ასეულ ათასობით მოქალაქისთვის. ამ გადაწყვეტილების ბენეფიციარი, მოსარგებლე ვინ არის? ხელისუფლება კი არ არის, არამედ საქართველოს მოქალაქეები არიან. რადიკალური ოპოზიცია საქართველოს მოქალაქეების საწინააღმდეგოდ გამოდის“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.