მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ ნიქოზთან უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

სავარაუდოდ ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს ამისთვის კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში-ქაცარავა

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, აღნიშნული ინციდენტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი და ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.

„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას”, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.

“უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპანტებმა ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან გაიტაცეს. ამისთვის კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში”, – ამის შესახებ ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშია” დამფუძნებელი დავით ქაცარავა Facebook-ზე წერს და რუსების მიერ გორის მუნიციპალიტეტიდან საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გატაცებას ეხმაურება.

ახალი გატაცება ნიქოზში.

დღეს ოკუპანტებმა კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს სოფელ ნიქოზიდან.

გამომდინარე იქიდან, რომ ნიქოზი ფაქტობრივად გარშემორტყმულია საოკუპაციო ღობით და მოსახლებისთვის ფაქტობრივად შეუძლებელია ამ ღობის “არშემჩნევა”, უნდა ვივარაუდოთ, რომ ოკუპანტებმა კვლავ გაიტაცეს ჩვენი მოქალაქე ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიიდან.

ამისთვის ოკუპანტებს კარები აქვთ გაჭრილი საოკუპაციო ღობეში, რათა მოახერხონ კომფორტულად შემოსვლა ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე.

ორკები აგრძელებენ თავის აგრესიულ პოლიტიკას, ქოცმთავრობა კი ტაშს უკრავს რუსებს ავიამიმოსვლის აღდგენისთვის.

ესე გააგრძელეთ, ქოცკოლაბორაციონისტებო, – წერს ქაცარავა.

შეგახსენებთ რომ 13 მაისს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები გიორგი ტერაშვილი გაათავისუფლეს, რომელიც 11 მაისს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში ამჟამად საქართველოს 6 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა სასჯელს ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იხდის.

მსგავსი პოსტები

Back to top button