მნიშვნელოვანისიახლეები

დეპუტატები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“-ს რიგებს ტოვებენ

ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – „ძალა ერთობაშია“-ს რიგებს ტოვებენ დეპუტატები: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე. ისინი პარლამენტში აირჩიეს ბლოკში „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, „სახელმწიფო ხალხისთვის” პარტიული სიით.

სამმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად მხარი დაუჭირა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამი არამოსამართლე წევრის არჩევას. მაჭუტაძე ტყუილს უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ის და მისი კოლეგები „ქართულ ოცნებას” გაურიგდნენ.

მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ილაპარაკა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად პარლამენტში მიმდინარე პროცესზე.როგორც მაჭუტაძემ აღნიშნა, ჰქონდათ ინფორმაცია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევასთან დაკავშირებით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა სხვადასხვა კონსენსუსურ მოდელებზე.

მისივე თქმით, არ იყვნენ ინფორმირებული ოპოზიციაში არსებული გადაწყვეტილების შესახებ, რომ წარმოდგენილი კანდიდატურებისთვის მხარი არ უნდა დაეჭირათ.

„ჩვენი ინფორმაციით, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას ესაუბრებოდა მოდელებსა და ფორმულებზე. მათ შორის იყო (5 ასარჩევი არამოსამართლე წევრიდან) ახალ, ასარჩევ კანდიდატებს შორის განაწილება 3/2-ზე, იყო ფორმულა 4/1-ზე, რომელიც ყველაზე აქტუალური იყო, სხვათა შორის. საკითხის კონსენსუსით გადაწყვეტას ითვალისწინებდა ევროეკომენდაციების დღის წესრიგი. ამ პარლამენტში, ჩვენ ყველ შემთხვევაში, არ გაგვიგია, რომ კონსენსუსს სხვაგვარად უყურებდნენ, თუ არადა, გადანაწილებას ე.წ. ოპოზიციური კვოტისას, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის ოპოზიციური კვოტა, – თქვა მაჭუტაძემ და დაამატა, – ჩვენ ვიცოდით, რომ მოლაპარაკებები მიდიოდა, ოღონდ ჩვენი პოლიტიკური მოძრაობა არ ვიყავით ამ მოლაპარაკებებში ჩართული. ვიცოდით, რომ საკითხი აქეთ უნდა წასულიყო. ოპოზიციისთვის გარკვეული მისაღები კანდიდატურები ჩვენ ჩვენს კოლეგებთან ერთად გავიარეთ… ამასთან ერთად, საზოგადოების რეაქციასთან ერთად, ჩვენ ვაცნობიერებთ იმას, რომ შესაძლოა, ჩვენი ეს პოზიცია ყოფილიყო, რასაკვირველია, ერთგვარი კომუნიკაციის პრობლემა ზოგადად ოპოზიციურ ფლანგზე, რომელიც ჩვენ გვქონდა. არავის არ განუცხადებია ჩვენთვის, რომ ხმა არავის არ მივცეთ. ასეთი შეთანხმება არ არსებობდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამის შესახებ არც გაფრთხილებულები და არც ინფორმირებულები ვიყავით”.

მაჭუტაძე სამი კანდიდატისთვის ხმის მიცემას შეცდომას უწოდებს. „ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ (რახან ეს არის ევრორეკომენდაციის, 12 პუნქტის საკითხი), მივცემდით ხმას სიაში მყოფ ადამიანებს, რომლებიც იყვნენ წარმოდგენილნი საქართველოს პარლამენტში… რადგან ინფორმირებულები არ ვიყავით, ამიტომ მოხდა ეს შეცდომა. ამას მე ვაღიარებ პირად პოლიტიკურ შეცდომად, თუმცა მოდელი 3/2-ზე (მნიშვნელობა არ ჰქონდა ვინ იქნებოდა ის სამი) და 4/1-ზეც კი. ჩემი ინფორმაციით, ამ მოდელზე გარკვეული ოპოზიციური დეპუტატები თანახმა იყვნენ”, – თქვა მან.

დეპუტატი ვერაფერს ამბობს, იმ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამ ახლად არჩეულ წევრზე, რომელსაც თავად მისცა ხმა.

„როგორც კი დავინახეთ, რომ ოპოზიციური აზრი იყო სხვაგვარი, იმ წუთას გამოვედით სხდომათა დარბაზიდან“, – დაამატა მაჭუტაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ ბაჩუკი ქარდავამაც დატოვა. ქარდავას მიერ ფრაქციის დატოვება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა დაადასტურა.

ქარდავას მიერ ფრაქციის დატოვება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის საბჭოს არასამოსამართლე წევრებისთვის ხმის მიცემას უკავშირდება.

საქართველოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებისთვის გამოყოფილი 5 ვაკანტური ადგილიდან 3-ზე ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი აირჩია. კენჭისყრა დღეს, 17 მაისს, ჩატარდა – 29 კანდიდატიდან ხმების საჭირო რაოდენობის მიღება მხოლოდ ამ სამმა კანდიდატმა შეძლო.

კანდიდატის ასარჩევად მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო. მმართველ პარტიას და უმრავლესობაში შემავალ “ხალხის ძალას” ერთობლივად მხოლოდ 84 ხმა ჰქონდათ, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩეულ სამ კანდიდატს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც დაუჭირეს მხარი.

არჩეული კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ასეთია:

ტრისტან ბენაშვილი – 93 მომხრე;
გიორგი გზობავა – 91 მომხრე;
ზურაბ გურასპაშვილი – 93 მომხრე.
კენჭისყრის პროცესი რამდენიმე წუთის განმავლობაში შეწყვეტილი იყო. ოპოზიციის დიდმა ნაწილმა სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც დაინახეს, რომ არჩეულ კანდიდატებს მათი კოლეგების მხარდაჭერაც ჰქონდათ.

პარლამენტის წევრი “ლელოდან” ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი “ქართულმა ოცნებამ” “იყიდა”.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მხარდამჭერთა შორის იყო პარლამენტში მათი ბლოკის სახელით არჩეული ნიკა მაჭუტაძე.

დეპუტატები, რომლებიც მმართველ პარტიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევაში დაეხმარნენ, “ნაციონალურ მოძრაობის” მიერ შექმნილი ბლოკით მოხვდნენ პარლამენტში. ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.

პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია” სხდომას მართავს საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებისთვის მათი ფრაქციის დეპუტატების მხარდაჭერის საკითხზე.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა დევი ჭანკოტაძემ მედიასთან თქვა, რომ „აქედან ორი გამოსავალია: ან თვითონ უნდა დატოვონ ფრაქცია, ან ჩვენ უნდა გავრიცხოთ. ახლა ამაზე მიდის სწორედ ლაპარაკი. ფრაქციის შეკრებას ველოდებით, რომ უმრავლესობა ადგილზე იყოს. ველაპარაკებით, რომ თვითონ დატოვონ ფრაქცია, თუ ასე არ მოხდა, ჩემი და უმრავლესობის აზრია, რომ უნდა გავრიცხოთ. ეს არის უდიდესი შეცდომა მათი მხრიდან, მურუსიძე – ჩინჩალაძის „კლანის“ წარმომადგენლები მოხვდნენ იქ, სადაც არ უნდა მოხვედრილიყვნენ, არავითარი შეთანხმება არ იყო ჩვენს და “ქოცებს” შორის, ამიტომ ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ფრაქციის არც ერთ წევრთან ეს მოქმედება არ იყო შეთანხმებული”, – თქვა ჭანკოტაძემ.

შეგახსენებთ რომ თითქმის ორი წელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია. პარლამენტის მიერ არჩეულ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებს უფლებამოსილების ვადა ჯერ კიდევ 2021 წლის ივნისში ამოეწურათ. საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის თანამდებობა ვაკანტურია მას შემდეგ, რაც საბჭოს არამოსამართლე წევრებს: – ნაზი ჯანეზაშვილს, ირმა გელაშვილს, ლევან გზირიშვილს, ზაზა ხარებავას და შოთა ქადაგიძეს უფლებამოსილების ვადა გაუვიდათ. შესაბამისად, 2021 წლის ივნისიდან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 15 წევრის ნაცვლად, მხოლოდ 10 წევრია.

მსგავსი პოსტები

Back to top button