თბილისი-მოსკოვი-თბილისი -Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა
"რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!" - დღეს 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება

თბილისი- მოსკოვი- თბილისი – რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილების შემდეგ, Georgian Airways-მა პირველი რეისი შეასრულა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანიამ რეგულარული ოპერირება უკვე დაიწყო. ავიაკომპანიის მიერ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განაცხადის შესაბამისად, ფრენები დღეიდან კვირაში 7-ჯერ განხორციელდება.
“დღეს, 20 მაისს, ავიაკომპანია Georgian Airways-მა განახორციელა პირველი რეისი თბილისი-მოსკოვის მიმართულებით. პირველ რეისზე 85 მგზავრი გვყავდა. Georgian Airways გეგმავს ყოველდღიურად, კვირაში 7-ჯერ ფრენების შესრულებას,”-განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით ყველაზე იაფი ბილეთი 824 ლარი ღირს და ყველაზე იაფიანი რეისი 22 მაისსაა დაგეგმილი, ბილეთის ფასი, 824 ლარსა და 90 თეთრს შეადგენს. დანარჩენ რეისებზე ერთი გზის ბილეთის საშუალო ფასი 950 ლარზე მეტია.
15 მაისს ძალაში შევიდა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულება, რომლის თანახმადაც, სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ასევე, რუსეთმა მოხსნა საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლაზე აკრძალვა. 16 მაისს Georgian Airways-მა განაცხადა, რომ ის მოსკოვთან ფრენებს აღადგენს. თბილი-მოსკოვის მიმართულებით ფრენები კვირაში 7-ჯერ განხორციელდება.
გუშინ, 19 მაისს უკვე შესრულდა პირველი პირდაპირი ფრენა მოსკოვიდან.
“რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!” – დღეს, 20 მაისს, 18:00 საათზე პარლამენტთან აქცია გაიმართება.
აქციის მთავარი მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების გაუქმებაა.
“რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება!
რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება!
ჩვენი მოთხოვნა უცვლელია – დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან!
დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის.
ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი.
რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!
ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები – სასტვენები, დოლები, ა. შ.
ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია”, – ნატქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
ცნობისთვის, 15 მაისიდან რუსეთმა საქართველოს მიმართულებით ფრენები აღადგინა. გუშინ, 19 მაისს მოსკოვიდან საქართველოში უკრაინის მიერ სანქცირებული რუსულმა ავიაკომპანია “აზიმუტმა” პირველი ფრენა შეასრულა. რუსულ თვითმფრინავს საქართველოს მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. დღეს, 20 მაისს კი თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი ფრენა ჰქონდა ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways-ს.