ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა – ის ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა- ის ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტს დაესწრება. უკრაინაში რუსული ომის დაწყების შემდეგ, ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია იაპონიაში.
“იაპონია, G7, მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებსა და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის – მშვიდობა დღეს კიდევ უფრო მოახლოვდება”, – წერს ზელენსკი.
სამიტის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის 375 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი სამხედრო დახმარების პაკეტის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ინფორმაციას სააგენტო როიტერი გამოცემა „პოლიტიკოზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
სამი ამერიკელი და უკრაინელი მაღალჩინოსანი „პოლიტიკოსთან“ საუბრისას აცხადებენ, რომ განცხადების გაკეთება იგეგმება ჯო ბაიდენისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შემდეგ. როგორც გამოცემა იტყობინება, დახმარების ახალ პაკეტში შევა საარტილერიო ჭურვები, ჯავშანტექნიკა და ტანკსაწინააღმდეგო იარაღი.
გუშინ იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტი დაიწყო – Reuters წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ სამიტის მონაწილეები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ განაცხადებენ. გარდა ამისა, G7-ის ქვეყნები განიხილავენ უკრაინაში ომთან დაკავშირებით ახალ სტრატეგიასაც.
Reuters-ის ცნობით, რომ დიდი ბრიტანეთი სამიტზე რუსული ბრილიანტებისა და რუსეთიდან ლითონის იმპორტის აკრძალვის შესახებ განაცხადებს. ასევე, ოფიციალური ლონდონი 86 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციებს დაუწესებს. სანქციების გაფართოებას და 70 პირის, ასევე 300 კომპანიის ე.წ. შავ სიაში შეყვანას ამერიკის შეერთებული შტატებიც გეგმავს.
ახალი სანქციების მიზანი იქნება ევროპიდან აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არსებული ხარვეზების დახურვა, იმ საქონლის შეზღუდვა, რომელსაც რუსეთი ომის საწარმოებლად იყენებს, ასევე რუსულ ენერგო-ექსპორტზე დამოკიდებულების შემცირება და საერთაშორისო ფინანსურ სისტემაზე მოსკოვის წვდომის შეზღუდვა.