ოკუპანტებმა იევის ოლქის მიმართულებით „შაჰიდის“ ტიპის 18 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, რუსული ძალების მიერ წუხელ განხორციელებული მასიური თავდასხმის დროს, Shahed-136/131 ტიპის 20 დრონი გაანადგურეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის მიერ გამოშვებული ყველა უპილოტო საფრენი აპარატი განადგურდა.
The Guardian-ის ცნობით, კიევის სამოქალაქო და სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი პოპკომ განაცხადა, რომ დრონების ნამსხვრევები სხვადასხვა რაიონში გაიფანტა, თუმცა ინფორმაცია დაშავებულების ან დაღუპულების შესახებ არ გავრცელებულა.
“ამ ღამით აგრესორებმა კიდევ ერთხელ განახორციელეს მასობრივი შეტევა დრონებით. ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე ჩვენი ძალებისა და საჰაერო თავდაცვის მიერ განადგურდა. კიევზე დარტყმები არ განხორციელებულა”, – თქვა მან.
ამას გარდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა „შაჰიდის“ ტიპის ორი ირანული დრონი ჩამოაგდეს ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, სამხრეთით კი რუსეთის კუთვნილი სადაზვერვო დრონი გაანადგურეს.
ამავე ინფორმაციით, წუხელ, დედაქალაქ კიევში, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის გამოცხადებიდან მცირე დროის გასვლის შემდეგ კიევში საჰაერო თავდაცვა ამოქმედდა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დედაქალაქის დნეპრის რაიონში ხანძარი გაჩნდა.
მაისში ეს კიევზე მე-11 საჰაერო თავდასხმაა – უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპანტებმა დედაქალაქზე შესატევად ირანული წარმოების 18 დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინელმა სამხედროებმა ყველა მათგანი გაანადგურეს.