მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გასამხედროებული ჯგუფი ”ვაგნერი” ბახმუტს 1 ივნისამდე დატოვებს

რუსეთის გასამხედროებული, კერძო ჯგუფის, “ვაგნერის” ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისი დაჯგუფების მეომრები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ ბახმუტს დატოვებენ 25 მაისიდან 1 ივნისამდე პერიოდში.
კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ მისი მებრძოლები ქალაქ ბახმუტის მოწინავე პოზიციებიდან უკანა ხაზზე გადავლენ და ეს პროცესი პირველ ივნისამდე დასრულდება.

ევგენი პრიგოჟინის თქმით, „ვაგნერის“ მებრძოლები კიდევ ხუთი დღე დაიცავენ ბახმუტს, რის შემდეგაც პოზიციებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებს გადასცემენ.

„25 რიცხვიდან ვტოვებთ სამხედრო მოქმედებების ზონას. პირველი ივნისიდან „ვაგნერის“ არცერთი მებრძოლი არ იქნება მოწინავე პოზიციებზე, ვიდრე ჩვენ არ აღვიჭურვებით და ხელახალ ფორმირებას და სწავლებას არ გავივლით“, – განაცხადა პრიგოჟინმა.

მისივე მტკიცებით, ბახმუტის დასახლებების, ხრონოვოესა და ივანოვსკოეს შტურმს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები განახორციელებენ.

20 მაისს „ვაგნერის“ დამფუძნებელმა განაცხადა რომ “ვაგნერის’ მებრძოლებმა ბახმუტი დაიკავეს, ყველაზე ხანგრძლივი და სისხლიანი ბრძოლის მერე, რაც 2022 წლის თებერვალში რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. კიევი უარყოფს ცნობას ბახმუტის დაცემაზე.

22 მაისს გავრცელებულ აუდიომიმართვაში პრიგოჟინი იმეორებს, რომ დანგრეული ქალაქი გადაეცემა რუსეთის რეგულარულ არმიას და დასძენს, რომ ბახმუტში რუსეთის პოზიციების შესანარჩუნებლად თავდაცვის სამინისტრომ უნდა შექმნას “გენერლების ქვედანაყოფი”.

მსგავსი პოსტები

Back to top button