კანადის პრემიერ-მინისტრი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა

კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო კიევში ჩავიდა წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. ტრუდოსთან ერთად კიევში ჩავიდა კანადის ფინანსთა მინისტრი ქრისტია ფრილანდი.
ტრუდომ ვიზიტი დაიწყო მიხეილის მოედნისა და იქ მდებარე უკრაინის დამცველთა ხსოვნის მემორიალის მონახულებით. კანადის პრემიერ-მინისტრმა ის გვირგვინით შეამკო.
ტრუდო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ისინი, სავარაუდოდ, განიხილავენ ოტავის მხარდაჭერას კიევისთვის, მათ შორის, იმსჯელებენ უკრაინის აღდგენაზე.
ეს არის ტრუდოს მეორე ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. კანადის პრემიერ-მინისტრი კიევს ბოლოს ეწვია გასული წლის მაისში. მიმდინარე წლის მაისში, ტრუდო და ზელენსკი შეხვდნენ ჰიროშიმაში, G7-ის სამიტის პერიოდში.
კანადაში ცხოვრობს ერთ-ერთი უდიდესი უკრაინული დიასპორა. ომის დაწყებიდან მოკიდებული, ოტავა კიევს იარაღით ამარაგებს, უწევს ფინანსურ და ჰუმანიტარულ დახმარებას.
2022 წლის 14 ნოემბერს, კანადამ უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოყო.
კანადის პრემიერმინისტრის თქმით, კანადამ ომის დაწყებიდან დღემდე, 3.4 მილიარდი დოლარი უკვე გამოყო, რათა ქვეყანამ თავდაცვა გააუმჯობესოს და საჭირო სამხედრო აღჭურვილობა მიიღოს
ნატო-ს წევრმა კანადამ უკრაინას, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მნიშვნელოვანი სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწია.