მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“.
ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.
„მნიშვნელოვანია, რომ რუსეთი მუდმივად გრძნობს, რომ დიდი ხანი არ დარჩათ. უკრაინაში მიმდინარეობს კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები, არ ვისაუბრებ დეტალებზე, რა ეტაპზე. ვფიქრობ, რომ ამას აუცილებლად ვიგრძნობთ. უნდა ვენდოთ ჩვენს სამხედროებს და მე მათ ვენდობი, მე ყოველდღიურად ვუკავშირდები ჩვენს მეთაურებს სხვადასხვა მიმართულებით. ახლა ყველა პოზიტიურადაა განწყობილი. ასე გადაეცით პუტინს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ.
“უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მახლობლად წინსვლას აგრძელებენ, მათ ასევე გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს დონეცკისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. გუშინ, უკრაინის ჯარები ფრონტის სულ მცირე ოთხ სექტორში შეტევით ოპერაციებს აწარმოებდნენ”, – აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსულმა ძალები კრემენაიას რეგიონში უკრაინის ჯარების შეზღუდულ და ლოკალიზებულ სახმელეთო თავდასხმებს ებრძოდნენ. თუმცა, უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უკრაინის ჯარები ბახმუტის მიმართულებით 1,2 კილომეტრით დაწინაურდნენ.
გუშინ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი ივლისში ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებას დაიწყებს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინამ კონტრშეტევა უკვე დაიწყო.

ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, უკრაინულმა ძალებმა ზოგიერთ რაიონში თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს.
“ზოგიერთ რაიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს და რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს”, – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.
დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების ქმედებები ორაზროვანია. მათი თქმით, ზოგიერთი ქვედანაყოფი მანევრულ თავდაცვით ოპერაციას აწარმოებს, ზოგი კი პოზიციებს ტოვებს და უკან იხევს.
“რუსეთის საჰაერო ძალები უჩვეულოდ აქტიურობენ სამხრეთ უკრაინაში, სადაც საჰაერო სივრცე უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ქვეყნის სხვა ნაწილებში, თუმცა გაურკვეველია, იყო თუ არა მათი საჰაერო დარტყმები ეფექტური”, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 214 660 ჯარისკაცი დაკარგა. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 10 ივნისამდე პერიოდს.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

ტანკი – 3909
ჯავშანტექნიკა – 7607
საარტილერიო სისტემა – 3717
ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 600
საჰაერო თავდაცვის სისტემა – 362
თვითმფრინავი – 314
ვერტმფრენი – 299
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3263
ფრთოსანი რაკეტა – 1176
გემი/ნავი – 18
სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი – 6428
სპეცტექნიკა – 507

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button