პრეზიდენტი ზურაბიშვილი უკრაინაში ჩასასვლელად მზად არის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინასკაია პრავდასთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ის მზად არის უკრაინაში ჩასავლელად, თუმცა შესაბამისი მოწვევა ჯერ არ მიუღია.
კითხვას – რატომ არ ჩადის ზურაბიშვილი უკრაინაში, იმის ფონზე, რომ კიევს ბევრი დასავლელი ლიდერი სტუმრობს, საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: “მე ყოველთვის მზად ვიყავი ჩამოსასვლელად და დღესაც მზად ვარ. ასე რომ, თუ გადასცემთ ჩემს გზავნილს, შემიძლია ხვალვე ჩამოვიდე”.
უკრაინელი ჟურნალისტი ასევე დაინტერესდა, თუ რატომ არ მიიწვია ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზურაბიშვილი კიევში. სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ეს “მისდამი პიროვნული დამოკიდებულება არაა, უბრალოდ ეს ის არის, რასაც ამ ეტაპზე სამთავრობო წრეებს შორის არც თუ ისე დამაკმაყოფილებელ ურთიერთობებს ეძახიან”.
“ამიტომ, რაღაც თვასაზრისით, მე ვგრძნობ ამ ყველაფრის შედეგებს, თუმცაღა მზად ვარ [ჩასასვლელად], და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი შესაძლებლობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ასეთი შესაძლებლობა ყირიმის პლატფორმაზე მოგვეცემა. ყირიმის პლატფორმაზე დასასწრებად მოწვევა ჯერ არ მიმიღია. ვფიქრობ, რომ ეს ჯერ ორგანიზებული არაა”სამაგიეროდ პარლამენტმა კი, მოწვევის მიუხედავად, არ მიიჩნია საჭიროდ ოფიციალურ დელეგაციის გაგზავნა. ვწუხვარ, რომ ამის შედეგად მხოლოდ ოპოზიციის სახით ვართ ჩვენ დღეს კიევში წარმოდგენილნი, თუმცა მაინც მიხარია, რომ ისინი იქ იმყოფებიან”, – თქვა ზურაბიშვილმა.
ყირიმის სამიტი ონლაინფორმატში ტარდება და მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციისა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
შეგახსენებთ რომ 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები კიევში უნდა ყოფილიყვნენ.
ომის დაწყებიდან საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია უკრაინას ერთხელ ეწვია, ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები – პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი კი – დასავლეთის ქვეყნების მრავალი ლიდერისგან განსხვავებით, უკრაინაში არ ჩასულან.
გასული წლის აგვისტოში სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობდა ონლაინ ფორმატში გამართულ “ყირიმის პლატფორმის” რიგით მეორე სამიტში.
“ყირიმის პლატფორმა” უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივითაა შექმნილი. ის მიზნად ისახავს ყირიმის მიმდინარე ოკუპაციაზე საერთაშორისო რეაგირების ეფექტიანობის გაუმჯობესებას, უსაფრთხოების მზარდ საფრთხეებზე რეაგირებას, კრემლზე საერთაშორისო ზეწოლის გაზრდას, ყირიმის დეოკუპაციასა და მისი უკრაინისთვის დაბრუნებას.
“ყირიმის პლატფორმის” რიგით მეორე სამიტში 50-ზე მეტი ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.