მნიშვნელოვანისიახლეები

ვიცე-პოლკოვნიკი რომელსაც გეგმური საველე სწავლების დროს მეხი დაეცა გარდაიცვალა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორფოლოს პოლიგონზე მეხის დაცემისას დაშავებული ვიცე-პოლკოვნიკი გოდერძი აფრასიძე კლინიკაში გარდაიცვალა.

გოდერძი აფრასიძე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში რამდენიმე დღის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე იყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძის გარდაცვალების გამო და ოჯახს, ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
“საკმაოდ სერიოზული დაზიანებები მიიღო ელვით, ე.წ. მეხის დაცემით. მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობაა, საკმაოდ კრიტიკული მდგომარეობით მიიყვანეს ახალციხის კლინიკაში, იყო პულსის გაჩერების ეპიზოდიც. ჩვენთან შემოვიდა დამწვრობითი შოკით”, – განაცხადა რამდენიმე დღის წინ ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ.
დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში. რამდენიმე საათში ის თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკის დამწვრობის ცენტრში მოათავსეს.

13 ივნისს, ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმური საველე სწავლების დროს საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონის მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ გოდერძი აფრასიძეს მეხი დაეცა. დაშავებულ ოფიცერს პირველადი სამედიცინო დახმარება ქვედანაყოფის სამხედრო ექიმებმა ადგილზე აღმოუჩინეს და ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში მოათავსეს, რის შემდეგაც ის თბილისში, სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button