მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით გამოჩნდა

BBC-ის ცნობით, ვაგნერის ჯავშანტრანსპორტის კოლონა მოსკოვის სამხრეთით შენიშნეს.

BBC-ის გუნდმა დაადასტურა იმ ვიდეოს ნამდვილობა, რომელშიც ჩანს როგორ მიემართება ვაგნერის ჯგუფის საბრძოლო ტრანსპორტი M4 მაგისტრალზე, რომელიც ვორონეჟსა და მოსკოვს ლიპეცკის რეგიონის გავლით აკავშირებს. გამოცემის ცნობით, ეს გზა ლიპეცკის რეგიონზე გადის.

ლიპეცკის გუბერნატორმა მოსახლეობას მოუწოდა, სახლში დარჩნენ და თავი შეიკავონ გადაადგილებისგან.
ლიპეცკის ადგილობრივმა ხელისუფლებამ ასევე განაცხადა, რომ რეგიონში საზოგადოებრივი ავტობუსების მოძრაობა შეჩერებულია.

ვორონეჟი ერთ-ერთია იმ ორი ქალაქიდან, რომელზეც ვაგნერის ჯგუფი აცხადებს, რომ სახელისუფლებო შენობებზე კონტროლი დაამყარეს.

„ვაგნერის“ ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ახალ აუდიოშეტყობინებაში ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ მისმა ჯარებმა ქალაქი აიღეს „გასროლის გარეშე“.

ის ასევე ამტკიცებს, რომ დონის როსტოვის მცხოვრებლები მხარს უჭერდნენ მის სამხედროებს და მათ „მსვლელობას სამართლიანობისთვის“.

რუსეთის სახელმწიფო მედიამ, თავის მხრივ, გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, რომ როსტოვის მცხოვრებლები კამათობენ „ვაგნერის“ ჯარებთან და მოუწოდებენ მათ დაემორჩილონ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ბრძანებებს.

23 ივნისის საღამოს, „ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსი სამხედროები დაქირავებულთა ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და გამოაცხადა, რომ ფაქტობრივად სამხედრო გადატრიალებას გეგმავს რუსეთში. ამას მან „სამართლიანობის მარში“ უწოდა.

24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დაიკავეს დონის როსტოვი. მოგვიანებით, გაჩნდა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რეგიონის გუბერნატორმა ალექსანდრ გუსევმა განაცხადა, რომ რეგიონში მიმდინარეობს „ოპერატიული საბრძოლო მოქმედებები“. რეგიონის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ესმით ბრძოლის ხმები.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი აცხადებს, რომ „ვაგნერის“ აჯანყება რუსეთში სამოქალაქო ომის დასაწყისია.

პოდოლიაკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევამ მოსკოვსა და გასამხედროებულებს შორის არსებული განხეთქილებები გაამწვავა.

„მოვლენები ვითარდება იმ სცენარის მიხედვით, რაზეც გასულ წელს ვისაუბრეთ. კონტრშეტევის დაწყებამ საბოლოოდ მოახდინა რუსეთის ელიტის დესტაბილიზაცია და გაამძაფრა შიდა განხეთქილება, რომელიც უკრაინაში დამარცხების შემდეგ გაჩნდა. დღეს ჩვენ რეალურად სამოქალქო ომის დასაწყისის მომსწრენი ვართ“, – განაცხადა პოდოლიაკმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button