დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა

დღეიდან ენგურის ცენტრალური ხიდი და საბეირო-ფახულანის ე.წ. გამშვები პუნქტი ცალმხრივად ჩაიკეტა.
რუსმა სამხედროებმა აღნიშნული გადაწყვეტილება აფხაზეთის დე ფაქტო ადმინისტრაციასთან ერთად მიიღეს.
ისინი მოსახლეობას მხოლოდ გალში, ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით უშვებენ. თუმცა, ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოსვლა შეიზღუდა. არ უშვებენ არც იმ პირებს, ვისაც გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ და ზუგდიდში გადასვლა სურთ. მათ ფორმა 100-სა და “ფეესბეს” მიერ დამტკიცებულ სპეციალურ საშვს სთხოვენ.
სავარაუდოდ, ე.წ. საგუშაგოზე შეზღუდვა არ შეეხება ენგურჰესის თანამშრომლებსა და ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირებს.
“ენგური ჩაიკეტა.
ჩემი შვილები ჩემს სახლში არიან ბებია და ბაბუასთან საბერიოში,მე ზუგდიდში ვარ.ისინი აქეთ ვერ მომყავს ,მე იქით ვერ მივდივარ.
იმედია დროებითი იქნება.”,-ამბობს აფხაზეთიდან დევნილი ქალი.
ცალმხრივად ჩაკეტვის გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, “ვაგნერის” დაჯგუფების ამბოხს უკავშირდება.
თუმცა, ოკუპანტებსა და დე ფაქტო ხელისუფლებას ამის შესახებ ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებიათ და არც მოსახლეობა გაუფრთხილებიათ.