საქართველოში ორდღიან ვიზიტს იწყებს ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სანქციების საკითხებში დევიდ ო’სალივანი

დღეს, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს ეწვია. ის საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს, კერძოდ, სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას.
ვიზიტის მიზანია პირდაპირი საკომუნიკაციო არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობაზე დაფუძნებული დიალოგის ჩამოყალიბება. საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტისთვის და არის იმედი, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროკავშირს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 11 პაკეტი აქვს დაწესებული.
ვიზიტის ფარგლებში, ხვალიდან გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან ილია დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერთან და ეკონომიკის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრთან ლაშა ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელთან არჩილ მესტვირიშვილთან და გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან. დევიდ ო’სალივანი, ასევე, ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება.
ეს იქნება ერთობლივი ვიზიტი, რომელშიც ასევე მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.
ევროკავშირის ინფორმაციით, დევიდ ო’სალივანი საქართველოს ხელისუფლებასთან განიხილავს საერთო ინტერესების სფეროში შემავალ საკითხებს – სანქციებსა და მათ ეფექტიან განხორციელებას. ევროკავშირის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ თანამშრომლობის დიდი მზადყოფნა გამოხატა. ვიზიტში მონაწილეობენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენიც და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში, კუმარ აიერი.
ამასთან, პერიოდულად ვრცელდება ცნობები, რომ რუსეთი სანქცირებულ საქონელს შესაძლოა, საქართველოს გავლით იღებდეს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოოდინაციის ოფისის ხელმძღვანელის, ელჩ ჯეიმს ო’ბრაიენის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ეხმაურება.
გავრცელებულ განცხადებაში საელჩო წერს, რომ ო’ბრაიენი საქართველოს ხელისუფლებასთან სანქციების ეფექტურ შესრულებასთან დაკავშირებით ისაუბრებს: “ამ ვიზიტის მიზანია კომუნიკაციის პირდაპირი არხის გახსნა და სამომავლო თანამშრომლობითი დიალოგის დამყარება”.
საელჩო წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება პრემიერმინისტრ ღარიბაშვილთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დარჩიაშვილთან, ვიცე-პრემიერ და ეკონომიკის მინისტრ დავითაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ხუციშვილთან, ეროვნული ბანკის პირველ ვიცე-პრეზიდენტ თურნავასთან და გენ.პროკურორ შოთაძესთან.
“ჩვენ მოუთმენლად ველით, გავაგრძელოთ ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობა და გავაძლიეროთ ძალისხმევა სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რადგან რუსეთი აგრძელებს სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ”, – წერს აშშ-ის საელჩო.