არ არსებობს ფაქტი რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლისთვის გამოიყენებოდეს-ო’სალივანის ჩამოსვლას პოლიტიკოსები ეხმიანებიან

რომ ინტერესდებიან კარგია, ცუდი ამაში არაფერია. ჩვენ აბსოლუტურად გამჭვირვალედ ვიქცევით. თქვენ ვერ მოიყვანთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სანქციების გვერდის ავლისთვის გამოყენებული იყო ჩვენი ქვეყანა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ო’სალივანის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი არსებობს რაიმე ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა, უნდა წარმოადგინონ.
„ძალიან დიდი ბოდიში, ყველას ძალიან დიდი პატივს ვცემ, ვიცით მეგობრობაც, პარტნიორობაც, მაგრამ ეჭვების დონეზე ხომ არ უნდა შემოვიფარგლოთ. თუ არსებობს რაიმე კონკრეტული ფაქტები, წარმოადგინონ და ერთად ვებრძოლოთ ამ პრობლემას. ესეც არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,” – განაცხადა კალაძემ.
ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არ უერთდება.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სანქციებს არ ვუერთდებით და ამას აქვს ერთადერთი მიზანი – არ გვინდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი, რომელიც თავიდანვე ვიცით, დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ კავშირშია ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეზე, გლეხზე, რომელიც 24 საათიან რეჟიმში შრომობს, მუშაობს, ქმნის პროდუქციას, იმისთვის, რომ შემდეგ მოახდინოს რეალიზაცია. რატომ უნდა შევუშალოთ ხელი მაგალითად, რუსული ბაზრის გამოყენებაზე? ამით დამატებით შემოსავალს მიიღებს თავისი შვილებისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, ბიზნესს კიდევ უფრო გააძლიერებს. რა არის ამაში ცუდი, მაშინ როდესაც ევროპულ ქვეყნებს დღესაც არ გაუწყვეტია პირდაპირი სავაჭრო ურთიერთობები რუსეთთან?!” – განაცხადა კალაძემ.
ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს მთავრობის სხდომის შემდეგ ილაპარაკა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტზე. მისი თქმით, სამი ძირითადი ჯგუფია (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი), რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აწესებენ და აახლებენ. როგორც დავითაშვილმა თქვა, საქართველოსთვის სანქციების მოთხოვნების შესრულება მარტივი არ არის და ამიტომ შესაბამისი სტრუქტურები პრევენციის მიზნით პარტნიორებთან თანამშრომლობენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა სანქციების აღსრულების კუთხით, ერთი ნაწილი და მეორე – სანქციების გვერდის ავლის პრევენციის კუთხით თანამშრომლობა. ამ კუთხით, საქართველო არის გამორჩეულად საიმედო პარტნიორი, როგორც ევროკავშირისთვის, ისე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და დიდი ბრიტანეთისთვის. ამაზე ჩვენ გვაქვს რეგულარული თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან – პირადად მე, საბაჟო სტრუქტურის წარმომადგენლებს, ფინანსთა სამინისტროს და ა.შ.
ეკონომიკის სამინისტრომ, ფინანსთა სამინისტრომ და შესაბამისმა სტრუქტურებმა არაერთი პრევენცია მოახდინეს, მათ შორის, ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლის მცდელობის. ჩვენ არ წარმოვიდგინოთ, რომ სანქციების შესრულება არის მარტივი პროცესი, იგივე სანქციების დამწესებელი ქვეყნების მხრიდან. ხშირ შემთხვევაში პირდაპირ უნდა აღინიშნოს, რომ რისკები არსებობს, მათ შორის ამ ქვეყნებიდან სანქცირებული ტვირთისთვის საქართველოს ტრანზიტის გამოყენების მცდელობის თვალსაზრისით. აქ საქართველომ ათეულობით შემთხვევაზე მოახდინა რეაგირება და პრევენცია. ასევე მესამე ქვეყნებიდან ხდება ხოლმე სანქცირებული ტვირთების შესაძლო გაგზავნა სანქცირებულ ქვეყანაში და აქ საქართველო პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდროდ თანამშრომლობს ინფორმაციის გაცვლის კუთხით. ასევე, იმისთვის, რომ სანქციები კარგად იყოს აღსრულებული, ჩვენ გვაქვს არაერთი ტრენინგი, შეხვედრა და სემინარი, იმისთვის, რომ სწორად მოხდეს ინტერპრეტაცია. იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ეს არ არის ცალსახა და ერთმნიშვნელოვანი. მას სჭირდება სწორი „გაიდლაინები” და მისი სწორად მიტანა აღმასრულებელ ოფიცრებამდე. ამ კუთხით ჩვენ გვაქვს თანამშრომლობის ძალიან ბევრი ფორმატი და პრაქტიკა, – განაცხადა მინისტრმა.
ლევან დავითაშვილი გამოეხმაურა ვიზიტს, რომლის ფარგლებშიც საქართველოში ჩამოვლენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი ჯიმ ო’ბრაიენი და კუმარ აიერი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის გენერალური დირექტორი ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში.
„ზუსტად ამ საკითხებზე იქნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან ერთად. შევაჯამებთ სანქციების დაწესებიდან დღემდე გავლილ სამუშაოს. ამის ანგარიში მზადდება სხვადასხვა უწყების მიერ. ჩვენ გავუზიარებთ ჩვენს პარტნიორებს. ჩვენ ალბათ მივიღებთ კიდევ ერთხელ მხარდაჭერას ჩვენი პარტნიორების მხრიდან იმ ნაწილში, როგორ მაღალ დონეზე ახდენენ ჩვენი სტრუქტურები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერას, იმ ნაწილში, რომ არ მოხდეს სანქციების გვერდის ავლას”, – თქვა დავითაშვილმა. ვიცე-პრემიერმა უპასუხა შეკითხვას, რომელიც ეხებოდა გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობას, რომლის თანახმად, ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ სანქციებისგან თავის არიდება რჩება „სერიოზულ პრობლემად“ და დაასახელა ხუთი ქვეყანა (მათ შორის, საქართველო), რომლებთან მიმართებითაც შეერთებულმა შტატებმა „მოახდინა პრობლემების იდენტიფიცირება“.ლევან დავითაშვილის თქმით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დეტალური განცხადება და განმარტება გააკეთა ამ საკითხებთან დაკავშირებით. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველო პარტნიორ ქვეყნებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციაში ეხმარება.
„ცალსახად არის განმარტებული, რომ საქართველოს მხრიდან სანქციების გვერდის ავლა არ ხდება, არამედ პირიქით, საქართველო ეხმარება პარტნიორებს სანქციების გვერდის ავლის პრევენციაში. ამაზე მეც მქონდა არაერთი შეხვედრა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მათ შორის, უმაღლეს დონეზე. ამ შემთხვევაში ვაჭრობის მინისტრის მოადგილეებთან ჩემი მოადგილეების შეხვედრები შეიძლება გავიხსენო, რომელზეც თხოვნა იყო საქართველოს მიმართ, რომ საქართველო დახმარებოდა სტრატეგიულ პარტნიორებს მესამე ქვეყნებიდან, მათ შორის, ტრანზიტის ნაწილის კონტროლში. ეს უფრო მეტი პასუხისმგებლობაა, ვიდრე ის, რაც ყოველდღიურ რუტინაში გვეკუთვნის, რომ შევასრულოთ და ასრულებენ ჩვენი საბაჟო სამსახურები ძალიან მაღალი პროფესიონალიზმით. ჩვენ ამ კუთხით ინფორმაციის გაცვლაზე შევთანხმდით პარტნიორებთან”, – თქვა დავითაშვილმა.სანქციების მე-11 პაკეტზე ევროკავშირი 21 ივნისს შეთანხმდა – შეზღუდვები ჯამში 71 პირს შეეხება, მათ შორის იმათ, ვინც დაკავშირებული იყო უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციასთან. შეზღუდვები ვრცელდება ასევე 33 კომპანიაზე.
გადაწყვეტილება ითვალისწინებს ბანკებისთვის იმავე სანქციების დაწესებას, რაც წარსულში გამოიყენა ევროკავშირმა, მათ შორის – აქტივების გაყინვა და ეკონომიკურ რესურსებსა და ფონდებზე ხელმისაწვდომობის აკრძალვა.
ვინც მოუწოდებს საქართველოს, დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან, გარისკოს ომი რუსეთთან,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში არ დადასტურებულა სანქციების გვერდის ავლაში რუსეთისთვის დახმარების არც ერთი ფაქტი და განაცხადა, რომ ამისთვის საქართველოს საბაჟო სამსახურები ევროკავშირისა და აშშ-ს მხარდაჭერით კარგად არიან აღჭურვილები.
ის ასევე მიესალმა საქართველოში სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის დევიდ ო’სალივანის ჩამოსვლას და აღნიშნა, რომ ო’სალივანს ექნება შესაძლებლობა თავად ნახოს რამდენად მომზადებულია საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტები.
„არც ერთი კითხვის ნიშანი საქართველოსთან მიმართებით არ არსებობს. ჩვენ პირველი დღიდან რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა ვთქვით რა არის ჩვენი პოლიტიკა და ამ პოლიტიკას მივყვებით კეთილსინდისიერად. ჩვენი პოლიტიკა არის, რომ ჩვენ არ ვუშვებთ, საქართველოს ტერიტორია გამოყენებულ იქნას საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლისთვის და არც ერთი ფაქტი ეჭვის დონეზეც კი არ დადასტურებულა. უფრო მეტიც, დაახლოებით 1300-მდე საზღვრის კვეთა, გადაზიდვა შეჩერდა იმიტომ, რომ იყო ან სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ან ისეთი საგნები, რომლებიც სანქციის ქვეშ იყო. სხვათა შორის გამომგზავნები იყვნენ მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები, ამიტომ პრობლემები უნდა ვეძებოთ იქ, საიდანაც იგზავნება სანქცირებული ტვირთი და იქ უნდა ვეძებოთ სადაც იგზავნება საბოლოო ჯამში. რაც შეეხება საქართველოს, რომელიც შეიძლება მხოლოდ ერთადერთი ფუნქცია ჰქონდეს, რომ იყოს შუალედური წერტილი გადაზიდვის, არც ერთი შემთხვევა არ დადასტურებულა და მეორე განზომილება, რომ საქართველო თავად არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ამასთან დაკავშირებით ჩვენ პარტნიორებთანაც ხშირად გვქონდა საუბარი და გაგებაც არის პარტნიორების მხრიდან, ვინაიდან ის, ვინც მოუწოდებს საქართველოს დააწესოს ორმხრივი სანქცია რუსეთის წინააღმდეგ, მოუწოდებს, რომ გარისკოს ესკალაცია რუსეთთან ანუ გარისკოს ომი რუსეთთან, ეს არის ორჯერ ორი ოთხი.
რაც შეეხება ვიზიტს, თავისთავად მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ მას ექნება კიდევ ერთხელ შესაძლებლობა ნახოს თუ რამდენად არის მომზადებული ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები, როგორც ტექნიკური აღჭურვილობის ისე რისკების გამოვლენის კუთხით იმისთვის, რომ არ მისცენ შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიის გამოყენების და სანქციების გვერდის ავლისთვის. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტების მცდელობა, აქ დიდი დახმარება გვქონდა ჩვენ როგორც ევროკავშირიდან ისე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მათ შორის, რომ ბაზებთან გვქონოდა წვდომა. ჩვენს საბაჟო სამსახურებს ჰყავს უკვე სპეციალისტები, რომლებიც ამა თუ იმ ბაზაში მუშაობენ, მოკვლევა შეუძლიათ და გარდა ამისა ტექნიკური აღჭურვილობა, სკანერები და ა.შ. რომლებიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ტვირთის უფრო დეტალური შემოწმება მოხდეს“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’სალივანი ორდღიანი ვიზიტით თბილისს დღეს ეწვევა.
გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება პრაქტიკულად შეუძლებელი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია და რისკია, რომ ამის გამო სტატუსი ვერ მიიღოს ქვეყანამ.
“ორი სცენარია განვითარების: რეკომენდაციების შეუსრულებლობის გამო ჩვენ შეიძლება ვერ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რაც იქნება სრული კატასტროფა. თუმცა, გეოპოლიტიკური მოსაზრებების გამო ჩვენ შეიძლება მივიღოთ სტატუსი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ “ქართული ოცნების” პირობებში ევროკავშირთან დაახლოება იქნება, პრაქტიკულად, შეუძლებელი. შუალედურმა დასკვნამ გამოავლინა, რომ რეკომენდაციები კვლავ შესასრულებელია, სამის გარდა ყველა არის ნაწილობრივ შესრულებული ან საერთოდ შეუსრულებელი, ამიტომ ამ მხრივ პასუხისმგებლობის გააზრება ხელისუფლების მხრიდან არის აუცილებელი. ასევე, ორი დავალებაა შესასრულებელი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან და ანტიდასავლური რიტორიკის შეწყვეტა, რომელიც მუდმივად გვესმის საქართველოს ხელისუფლებისგან,” – განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძე ასევე, გამოეხმაურა სანქციების საკითხებში დევიდ ო სალივანის ვიზიტს საქართველოში და აღნიშნა, რომ თუკი საქართველოს გამოყენებით სანქციების თავის არიდება დადასტურდება, ეს იქნება კატასტროფა ქვეყნისთვის.
“საქართველოს ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ სანქციებს არ უერთდებიან. ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, იმ შემთხვევაში თუ დადგინდება საქართველოს ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკის შედეგად, რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების კონტექსტი, ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციები, რაც იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის. ამიტომ ვფიქრობ, ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია. ხელისუფლება არის ძირითადად პასუხისმგებელი საერთაშორისო სანქციების შესრულების კონტექსტში. მე არ მაქვს ინფორმაცია,ხვდებიან თუ არა ოპოზიციას, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა სანქციების დაცვა და ჩვენ ვიცით, რომ ელექტრონული ტვირთების გადაზიდვაზე არის ძალიან სერიოზული პრობლემები ამ კუთხით,” – განაცხადა დეკანოიძემ.