მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებიდან ცხრა წელი გავიდა

რეფორმები, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ ტექსტშია აღნიშნული, ასოცირების შეთანხმებიდან ცხრა წელი გავიდა და საქართველოს ამ დღეს ულოცავენ.

„დღეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი შესრულდა. ასოცირების შეთანხმება არის ეტაპი, რომელიც აძლიერებს კავშირს პარტნიორებს შორის. რეფორმები, რომლებიც აღნიშნულ შეთანხმებას ეფუძნება, მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსთვის, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი. ვულოცავთ საქართველოს ამ განსაკუთრებულ დღეს“, – წერს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან ცხრა წელი გავიდა, – აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის, ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა გააგრძელოს.

„ცხრა წლის წინ საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი. მთავრობის თავდაუზოგავი შრომის შედეგად, საქართველომ უზარმაზარი პროგრესი განიცადა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, გააკეთა განაცხადი ორგანიზაციაში გაწევრიანების შესახებ და მოიპოვა ევროპული პერსპექტივა. ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ წინსვლა და მოვიპოვოთ კანდიდატის სტატუსი“, – წერს დარჩიაშვილი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ასოცირებული წევრობიდან 9 წლის თავთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გახდება, რაც მმართველი გუნდის და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.

პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ხელისუფლების ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით და კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება.

“ზუსტად 9 წლის წინ საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. ამ თავისთავად ისტორიულმა მოვლენამ, სათავე დაუდო სხვა მიღწევებს, თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში, საქართველოს საბოლოო ინტეგრაციისკენ. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებამ, შესაძლებლობა მისცა ჩვენს მეწარმეებს, პროდუქცია ევროკავშირში ყოველგვარი ბარიერების გარეშე გაიტანონ. ვაჭრობის მუდმივად მზარდ დინამიკას, ხელშესახები შედეგები მოაქვს ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის. ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული პასპორტით ევროკავშირში თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობა, რაც უვიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებამ მოიტანა. გასული წლის 3 მარტს, ხელი მოვაწერე ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადს. ამ პროცესის გაგრძელება იყო, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება; პირველად ჩვენს ისტორიაში, ევროპამ საჯაროდ და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. მანამდე, ხანგრძლივი სტაგნაციის შემდეგ, 10 წელზე ნაკლებ დროში მიღწეული ეს მონაპოვარი, ჩვენი ხელისუფლებისა და საზოგადოების უდიდესი ნაწილის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მჯერა, რომ ეს პროცესი წლის ბოლოს ამ ძალისხმევის დამსახურებული აღიარებით, კანდიდატის სტატუსის მონიჭებით გაგრძელდება, რაც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გადამწყვეტი ეტაპის დასაწყისად იქცევა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button