მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინული ძალები ფრონტის სხვადასხვა სექტორში 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ

რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს 4 მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით ახორციელებენ, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„მტერი აგრძელებს ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის და მარინკას მიმართულებებზე, მძიმე ბრძოლები გრძელდება. დღე-ღამის განმავლობაში 30-ზე მეტი საბრძოლო შეტაკება მოხდა“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ირანული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. „ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა, გასული დღის განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიას საჰაერო ბაზირების Х-22 ტიპის 5 ფრთოსანი რაკეტითა და S-300 ტიპის 2 საზენიტო რაკეტით დაარტყეს.

„გარდა ამისა, მტერმა 24 საჰაერო დარტყმა განახორციელა და უკრაინის ტერიტორია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 42-ჯერ დაბომბა“, – აცხადებენ გენშტაბში.

მათივე ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, 18 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პერსონალის თავმოყრის ტერიტორიებს, 6 კი – საზენიტო სარაკეტო სისტემას. უკრაინელებმა რუსების კუთვნილი 6 სადაზვერვო დრონიც გაანადგურეს.

„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მართვის პუნქტს, „ბუკის“ ტიპის 2 საზენიტო-სარაკეტო სისტემასა და მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და სამხედრო ტექნიკის დისლოკაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ წინ მიიწევენ.

“უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქში, დნეპრის მარცხენა სანაპიროსკენ წინ მიიწევენ. ახლა უკრაინული ძალები გარკვეულ პოზიციებს იკავებენ ანტონოვკის ხიდის მიმდებარედ”, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.

გუშინ, ომის კვლევის ამერიკულმა ინსტიტუტმა განაცხადა, რომ უკრაინელი დამცველები წარმატებით მიიწევენ წინ ფრონტის რამდენიმე მიმართულებით, სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში – მელიტოპოლში, ბერდიანსკსა და ბახმუტში.

ამასთან, უკრაინის თავდაცვის ძალები შეტევით ოპერაციებს აწარმოებენ ორეხოვო-ვასილევკას, ივანოვკას, კურდიუმოვკას და სევერნოეს დასახლებებში.

მორიგი მძიმე ღამე უკრაინაში – რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის ცენტრზე სარაკეტო თავდასხმა მიიტანეს. სამიზნე ხალხმრავალი რესტორნის შენობა და რამდენიმე კერძო სახლი იყო. შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ღამით უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონის რამდენიმე ოლქში. ხელისუფლება მოსახლეობას რაკეტებისა და დრონების თავდასხმების შესახებ იტყობინებოდა.

ოკუპირებულ მელიტოპოლში ძლიერი აფეთქებების სერია დაფიქსირდა.

10-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინული ძალები ფრონტის სხვადასხვა სექტორში 1400 მეტრამდე დაწინაურდნენ.

ამავე დროს, პენტაგონი ადასტურებს უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემას. ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ეს პაკეტი გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და დაეხმარება მათ კონტრშეტევით ოპერაციებში.

მიღწეულია შეთანხმება გერმანიის ფედერალურ მთავრობასთან, რომლის მიხედვითაც გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია “რეინ-მეტალი” უკრაინას, ნიდერლანდების სახელით, “ლეოპარდ 2-ის ” ტიპის 14 ტანკს მიაწვდის

პარალელურად, ვაშინგტონმა “ვაგნერის” დაჯგუფებასთან დაკავშირებულ 4 კომპანიასა და ერთ პირს სანქციები დაუწესა. საუბარია რუსეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებისა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკებში მდებარე კომპანიებზე, რომლებიც ოქროთი უკანონო ვაჭრობაში იყვნენ ჩართული და დაჯგუფებას აფინანსებდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button