რუსეთის ინიციატივას სარკინიგზო მიმოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში შეაფასეს

ზახაროვა დღე და ღამე მთვრალია, „ლოთ-ბაზარა“ ქალია, დაბჟუტურობს რაღაცას. მე არ მინდა დავიჯერო, რომ ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რუსეთთან რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს – ეს იქნება ღალატი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მას სურს ხვალ ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრს დაუსვას კითხვა, როცა პარლამენტში მოუსმენენ.
“ფრენების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რკინიგზის ხომ მით უფრო, ფრენების და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა ერთი და იგივე სიბრტყე არ არის. ეს არის ერთ-ერთი კითხვა, რასაც დავუსვამ ღარიბაშვილს და თუ მოვახერხე, ფორმატს გააჩნია, მინდა ეს ვკითხო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება აფხაზეთის გავლით, ამ ვითარებაში, რკინიგზის აღდგენა. აქ ყველაზე პრინციპული საკითხია, სად იქნება საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი – ენგურზე თუ ფსოუზე. ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ ენგურზე, ეს ნიშნავს, გვიღიარებია აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ამ ვითარებაში საერთოდ არაფერი იქნებოდა მისაღები. ერთადერთ შემთხვევაში იქნებოდა რკინიგზის გახსნა მეტ-ნაკლებად მისაღები, თუ ქართული დროშა იქნებოდა ფსოუზე, თუ ფსოუზე იქნებოდა ქართული საბაჟო და სასაზღვრო პუნქტი. სხვა შემთხვევაში ეს იქნება მართლა ღალატი ქართული სახელმწიფოს ინტერესების. მარია ზახაროვა რომ დღე და ღამე მთვრალია და ერთი ლოთი ქალია, “ლოთ ბაზარა”, დაბჟუტურობს რაღაცას და მე არ მინდა დავიჯერო, რომ ეს მართლა ხდება და ქართული ინტერესების საწინააღმდეგოდ ჩვენი ხელისუფლება რაღაც კულუარულ მოლაპარაკებებს მართავს,” – განაცხადა ელისაშვილმა.
ზოგჯერ ხდება, რომ ზახაროვას სურვილები და “ქართული ოცნების” დამოკიდებულება კვეთს ერთმანეთს, ეს არის საქართველოს ტრაგედია – ვფიქრობ, “ქართულ ოცნებაში” ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, – ასე ეხმიანება ოპოზიციონერი დეპუტატი არმაზ ახვლედიანი მარია ზახაროვას განცხადებას, რომ რუსეთი ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა აფხაზეთის გავლით სომხეთში სარკინიგზო მიმოსვლა აღდგეს.
ახვლედიანი აცხადებს, რომ “ქართული ოცნება” არა ქართველი ხალხის, არამედ ვიწროპარტიული და ივანიშვილის ინტერესებით მოქმედებს, ამიტომ ვერაფერს გამორიცხავს.
“ზახაროვა ყოველთვის გვეუბნება იმას, რაც სურს კრემლს. სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება არ ამბობს იმას, რაც ქართველ ხალხს სურს და ვიწროპარტიული და ივანიშვილების ინტერესებით მოქმედებს. ასეთ შემთხვევაში, ზოგჯერ ხდება, რომ ზახაროვას სურვილები და “ქართული ოცნების” დამოკიდებულება სადღაც კვეთს კიდეც ერთმანეთს, ეს არის საქართველოს ტრაგედია. სულ არ გამოვრიცხავ, რომ ახლაც გადაიკვეთოს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის მგრძნობიარე, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ალბათ, ორჯერ მაინც დაფიქრდებიან, სანამ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაგრამ გამორიცხვით არაფერს გამოვრიცხავ,” – განაცხადა ახვლედიანმა
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის „ოცნება”, მაგრამ პუტინის საამებლად, დარწმუნებული ვარ, მზად არის, ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომლის თანახმად, რუსეთი ძალისხმევას არ იშურებს, რომ აფხაზეთის გავლით სომხეთთან დამაკავშირებელი სარკინიგზო მაგისტრალი აღდგეს.
მისი თქმით, ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ ყველაფრის მიუხედავად ძალაუფლებას შეინარჩუნებს, რაშიც ცდება.
“ძალიან ძვირი პოლიტიკური ფასი დაუჯდათ, მათ შორის, საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. თქვენ გახსოვთ, ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის ელჩმა ოფიციალური დემარში გამოუცხადა ქვეყანას, რომელიც ცდილობს გახდეს ევროკავშირის წევრი. ამიტომ სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაში, ბუნებრივია, დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდის “ოცნება” ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, მაგრამ პუტინის საამებლად რომლისთვისაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანია იზოლაციაში ყოფნის პირობებში, ალტერნატიული სატრანსპორტო გზების ძიება, დარწმუნებული ვარ მზად არის ასეთ პოლიტიკურ მსხვერპლზეც წავიდეს, რადგან თვლის, რომ მაინც არჩევნების გაყალბების გზით შეინარჩუნებს ძალაუფლებას. სწორედ აქ ცდება ივანიშვილი, როცა ქვეყნის ღია რუსფიკაციის ფონზე ჰგონია, რომ ნებისმიერი გაყალბების პირობებში ძალაუფლების შენარჩუნებას შეძლებს,”- განაცხადა ბოკუჩავამ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მედიის შესაბამისი კითხვის პასუხად გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის თანახმად, რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.
შალვა პაპუაშვილის თქმით, რკინიგზასთან მიმართებით რუსეთისა და საქართველოს პოზიციები უცვლელია.
“არაფერი ახალი არც რუსეთის პოზიციაში არ არის, რომ მას სურს რკინიგზა და არაფერი ახალი არც საქართველოს პოზიციაში არ არის, რომ ეს საკითხი არ განიხილება – ეს არის მოცემულობა, ყველაფერი დანარჩენი არის კონსპირაცია”, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან კომენტარში.
მისივე განმარტებით, საქართველო გააგრძელებს თავისი პოლიტიკური ინტერესების შესაბამისად მოქმედებას.
სომხური მედიის ინფორმაციით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთი მიმართავს ძალისხმევას სომხეთთან სარკინიგზო მიმოსვლის აღსადგენად ოკუპირებული აფხაზეთის გავლით.
2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებით მიმართა, რომ აფხაზეთი მზადაა, „თანაბარი პირობებით“ მონაწილეობა მიიღოს რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო კავშირის გახსნის პროექტში.
საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო კომუნიკაციის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.