რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ-გენერალი ზალუჟნი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, 28 ივნისს, ღამით ზალუჟნიმ ტლეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. ვალერი ზალუჟინი დეტალებს არ აკონკრეტებს.
გენერლის თანახმად, მეტოქისგან ძლიერი წინააღმდეგობაა, თუმცა, მას დიდი დანაკარგიც აქვს. უკრაინის არმიის მთავარსარდლის ინფორმაციით, რუსეთის ძალები პოზიციების შენარჩუნებას ტერიტორიების დანაღმვით ცდილობენ.
ივნისის დასაწყისიდან უკრაინის თავდაცვის ძალები ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში უტევენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების პოზიციებს. 26 ივნისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჰანა მალიარმა განაცხადა, რომ ამ პერიოდში, მხოლოდ სამხრეთში გათავისუფლებულია 130კმ² ფართობი.
უკრაინის თავდაცვის ძალების გარკვეულ წინსვლას ადასტურებს არაერთი სხვა წყაროც, მათ შორის დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა და ამერიკული ანალიტიკური ცენტრი, ომის შემსწავლელი ინსტიტუტი(ISW).
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, საჯაროდ ყოველთვის აცხადებს, რომ უკრაინელების კონტრშეტევები მოგერიებულია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის.
როგორც ზელენსკი “ტელეგრამ” გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე “სიმართლეა”.
„ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის თავდაცვის ძალებს წარმატებები აქვთ ქვეყნის სამხრეთით და აღმოსავლეთით, ბერდიანსკის მიმართულებით არის 1 300 მეტრით წინსვლა, – ამის შესახებ ტელეგრამარხში უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი წერს.
„გრძელდება ჩვენი თავდაცვის ძალების შეტევითი ოპერაცია მელიტოპოლის, ბერდიანსკისა და ბახმუტის მიმართულებებით. ჩვენები მტერს ხელიდან „გლეჯენ“ მიწის თითოეულ მეტრს მძიმე ბრძოლაში. აქვთ წარმატებები. ამავე დროს მტერი განაგრძობს შეტევას ლიმანის, ავდეევკისა და მარინსკის მიმართულებებით. წარუმატებლად. ზაპოროჟიესა და მელიტოპოლის მიმართულებებით ვანადგურებთ მტერს. თავდაცვისთვის მტერი ახორციელებს თავისი ყველა რეზერვის მობილიზებას, საზღვაო ქვეითთა ბრიგადისაც, რომელიც თავის დროზე ხერსონიდან გაიქცა. ბერდიანსკის მიმართულებით არის წინსვლა 1 300 მეტრით“, – წერს ანა მალიარი.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა მოიპოვეს ოპერატიული ინიციატივა ფრონტის ამ მონაკვეთზე. ანა მალიარის თქმით, მოწინააღმდეგე ცდილობს დაკავებული პიზიციების შენარჩუნებას, კონტრიერიშებს ახორციელებს, თუმცა თანდათან უკან იხევს. მისივე ინფორმაციით, კლეშეევკის მიმართულებით უკრაინელმა სამხედროებმა 1 200 მეტრით წაიწიეს წინ, კურდიუმოვკის მიმართულებით კი – 1 500 მეტრით. არსებული ცნობებით, შეტაკებები ქალაქის ფლანგებზე გრძელდება. მალიარის თქმით, საერთო ჯამში, ბახმუტის მიმართულება კვლავ ურთულესია, იქ აქტიური შეტაკებები გრძელდება.
ცნობისთვის უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 29 ივნისამდე პერიოდს.
გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:
ჯარისკაცი დაახლოებით – 227 780
ტანკი – 4 038
ჯავშანტექნიკა – 7 857
საარტილერიო სისტემა – 4 116
სარაკეტო სისტემა – 627
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 388
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 308
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 513
ფრთოსანი რაკეტები – 1 261
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 780
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 569.