უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია- რუსეთმა ომში 228 340 სამხედრო დაკარგა

უკრაინის საჰაერო ძალებმა ოკუპანტების მიერ გაშვებული „შაჰიდის“ ტიპის 13 დრონიდან 10 გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამარხში უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებენ.
გავრცელებული ცნობის თანახმად, რუსეთის მიერ დრონებით იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსეთის ძალებმა უკრაინაზე თავდასხმა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებიდან განახორციელეს. ოკუპანტებმა 13 კამიკაძე დრონი აზოვის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გაუშვეს. ასევე, რუსმა სამხედროებმა „ეს-300“ ტიპის ოთხი რაკეტა გაუშვეს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთის ძალები ცდილობდნენ ზაპოროჟიეს ოლქში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმას.
უკრაინელმა სამხედროებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მოწინააღმდეგის სამეთაურო პუნქტებს, კონცენტრირების რაიონებსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინაზე Shahed-ის ტიპის დრონებისა და S-300 ტიპის საზენიტო მართვადი რაკეტების გამოყენებით მორიგი სარაკეტო და საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
„ამ ტერაქტის შედეგების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ზუსტდება“, – აცხადებენ გენშტაბში.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, რუსებმა გასული დღე-ღამის განმავლობაში ზაპოროჟიესა და ჩუგუევის სამოქალაქო ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე თავდასხმისთვის S-300 ტიპის ექვსი რაკეტა გამოიყენეს.
„რუსმა ოკუპანტებმა, გასული დღე – ღამის განმავლობაში, საერთო ჯამში, 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციებსა და დასახლებებს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 60-ჯერ გაუხსნეს“, – აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის საავიაციო ძალებმა ერთ დღეში 11 დარტყმა მიაყენეს იმ რაიონებს, სადაც მტრის პერსონალი იყო კონცენტრირებული.
„გასული დღე-ღამის განმავლობაში სარაკეტო და საარტილერიო ქვედანაყოფებმა მოწინააღმდეგის მართვის 3 პუნქტს, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 რაიონს, სარადარო სადგურსა და 13 საარტილერიო ქვედანაყოფს დაარტყეს“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა, ხერსონის ოლქზე საარტილერიო დარტყმა განახორციელეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 3 ადამიანი.
დაიბომბა ტერიტორია, სადაც მოსახლეობა ჰუმანიტარულ დახმარებას იღებდა. განადგურებულია საწყობები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.
10-ჯერ დაიბომბა სუმის ოლქის 3 სასაზღვრო დასახლება.
ამასთან, კიევში მოულოდნელი ვიზიტით, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი და “რესპუბლიკური პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი ჩავიდა.
რაც შეეხება საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის დახმარებას, მსოფლიო ბანკმა უკრაინისთვის ახალი მილიარდ ნახევარი დოლარის სესხი დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის აღდგენისა და განვითარების მხარდასაჭერადაა განკუთვნილი.
საერთაშორისო სავალუტო ფონდი კი უკრაინას 890 მილიონ დოლარს გამოუყოფს.
უკრაინელმა სამხედროებმა “სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, საერთო ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს პროგრესი როგორც აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ბახმუტის გარშემო, ასევე სამხრეთით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ფრონტის ხაზის გასწორებაში.
“თავად ქალაქში (ბახმუტი – რედ.) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. თუმცა მთავარი ბრძოლები ახლა ქალაქის გარშემო მიმდინარეობს. და იქ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეტევა რამდენიმე მიმართულებით მიდის. ეს არ არის მხოლოდ ფლანგები, არამედ ბევრად უფრო ფართო ფრონტი”, – განაცხადა ანა მალიარმა.
უკრაინელმა მაღალჩინოსანმა დასძინა, რომ მტერს ამ მიმართულებით დიდი ძალები ჰყავს მოზიდული და უკრაინის არმიას, როგორც ტექნიკის, ისე პირადი შემადგენლობის მხრივ, მოქმედება უხდება „მტრის აბსოლუტური უპირატესობის პირობებში“.
მანამდე უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, გენერალმა ვალერი ზალუჟნიმ ფრონტზე არსებული სიტუაცია განიხილა აშშ-ის არმიის შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელთან, გენერალ მარკ მილისთან.
სატელეფონო საუბრის შემდეგ, 28 ივნისს, ღამით, ზალუჟნიმ ტელეგრამზე დაწერა, რომ უკრაინამ შეძლო სტრატეგიული ინიციატივის ხელში აღება, უსაფრთხოების და თავდაცვის ძალები შეტევას განაგრძობენ და წინსვლა აქვთ. ვალერი ზალუჟინის დეტალები არ დაუკონკრეტებია.
უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს გენერალური შტაბი თქმით რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში 228 340 სამხედრო დაკარგა
მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 30 ივნისამდე პერიოდს.
უწყების ცნობით, გასული 24 საათის განმავლობაში, ლიკვიდირებულია 560 სამხედრო, ასევე, განადგურებულია 11 საარტილერიო სისტემა.
რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები კი ამ დროისთვის ასეთია:
ჯარისკაცი – დაახლოებით 228 340
ტანკი – 4 041
ჯავშანტექნიკა – 7 863
საარტილერიო სისტემა – 4 127
სარაკეტო სისტემა – 630
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 389
თვითმფრინავები – 315
ვერტმფრენი – 308
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 519
საკრუიზო რაკეტები – 1 261
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 785
გემი/ნავი/კატარღა – 18
სპეციალური აღჭურვილობა – 569.