მნიშვნელოვანისიახლეები

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში დანაშაული არ ჩამიდენია-სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო

სრულიად უდანაშაულო ადამიანს რატომ მამყოფებენ ამ ვითარებაში, არაფერი ისეთი მე არ გამიკეთებია, დანაშაული არ ჩამიდენია, საქართველოს არ ჰყოლია დამნაშავე პრეზიდენტი, ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ, – ამის შესახებ 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, სადაც ის კლინიკა „ვივამედიდან“ დისტანციურად ჩაერთო.
საქმე მოსამართლეთა კოლეგიის ერთ-ერთ ახალ მოსამართლეს დაეწერა, რადგან ძველი პენსიაზე გავიდა.

სააკაშვილის თქმით, რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, „ბრალდება თითიდან გამოწოვილია“.

„2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ დროს დამარცხდა კრიმინალი. პუტინისა და ოლიგარქის შურისძიებაა ეს. ჩემს სულს ვერაფერს დააკლებთ. ჩვენ გამარჯვებულები გამოვალთ ამ სიტუაციიდან, მაგრად დადექით და დამთავრდება გამარჯვებით, ამაში დარწმუნებული ვარ. არ შეგვეშინდეს. „ვარდების რევოლუციის“ დროს არ შემეშინდა, არც 2021 წელს. დავბრუნდი თქვენი ე.წ. სასამართლოს პირობებშიც კი. ჩვენ უნდა დავირაზმოთ, შევიკრათ. ევროპა, ევროპარლამენტარები ითხოვენ ჩემი ამ მდგომარეობამდე მიყვანის გამო ჩემი ოჯახის, უკრაინისა და ჩემ წინაშე ბოდიში უნდა მოიხადოთ. მაინც დაგამარცხებთ, შევძლებთ საქართველოს ფეხზე დაყენებას. არ მინდა, თქვენი ოჯახები იყვნენ ამ მდგომარეობაში. ერთიანობა, ერთად დგომა დაგვჭირდება. ერთიანობით უკრაინაც აუცილებლად გაიმარჯვებს. არ შემშინებია უკრაინაში ურთულეს სიტუაციაში, 2008 წელს, როცა არ დავტოვე თბილისი და საქართველო. რას გადავარჩინე თბილისი. შევძლებთ, ავიცილოთ ყველანაირი სამოქალაქო დაპირისპირება. ვაპირებ, აქტიურად ვიყო ჩართული ამ პროცესებში, აუცილებლად შევძლებთ ყველა დაბრკოლების გადალახვას. ჩვენი ამოცანაა, დავირაზმოთ, სამოქალაქო დაპირისპირების უფლება არ მივცეთ. მშვიდობა მოიპოვება დიალოგით, ამას ერთად გავაკეთებთ. მადლობა მხარდამჭერებს. ჩვენ გვინდა ერთიანობა, სიძლიერე. უნდა ვასხივებდეთ სიძლიერეს, დამფრთხალი ხელისუფლება სისუსტეს ასხივებს.

ძლიერად ვარ, უკრაინის ამაყი მოქალაქე ვარ, ვამაყობ ზელენსკით, იმ ქართველებით, ვინც იცავენ უკრაინას. მადლობა ზელენსკის მხარდაჭერისთვის. რატომ გეშინიათ, სააკაშვილთან ღიად შეხვიდეთ დებატებში? მომეცით საშუალება, დებატებში მივიღო მონაწილეობა და ხალხმა გადაწყვიტოს, თქვენ ხართ მართლები თუ მე. რკინის „ბრასლეტი“ დამადეთ თუ გინდათ, რომ არსად გაგექცეთ, ვითხოვ ერთადერთს – ღია კამათს. კამათში შევიდეთ. საჭიროა, მომცეთ საშუალება, არა სამ თვეში ერთხელ გამოვჩნდე, არამედ მქონდეს ღია დებატების საშუალება. გამოდით, ხალხო, ბევრი მომხრე მყავს. ხალხს ჰგონია, ცოტანი არიან. ის დროა, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ აქეთ მხარეს. საქართველო იქნება ეროვნული დროშის ქვეშ რეგიონის წამყვანი ქვეყანა. წკიპზეა რუსეთი. ჩვენ უნდა ვიყოთ მაგარ ფორმაში. აფხაზეთში ჩვენ უნდა დავბრუნდეთ მშვიდობიანად, მომავალი ვერავინ უნდა წაგვართვას. მომეცით პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის საშუალება. უნდა შევძლოთ საერთო ენის გამონახვა. მადლობა, რომ მომეცით საშუალება, მომემართა. ამ მდგომარეობამდე მიმიყვანეს. საქართველოში ძალადობა აღარ იქნება და საქართველო იქნება წარმატებული ქვეყანა. რაც შეეხება პროცესს, ბრალდება თითიდან გამოწოვილია. არაფერი არ წამიღია საქართველოდან. მთელი ჩემი ცხოვრება ეძღვნებოდა საქართველოს. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, „ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს, უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით“.

ამასთან, სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა: „მინდა, ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს. თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ, პაპუაშვილო, შემომხედე კარგად“.
აღნიშნული განცხადების გაკეთებისას ის ფეხზე წამოდგა და საკუთარი ფიზიკური მდგომარეობის დემონსტრირება მოახდინა.

საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილმა დისტანციური ჩართვის დროს, პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. სიტყვა მსჯავრდებულმა პრეზიდენტმა უკრაინულ ენაზე დაიწყო-მადლობა გადაუხადა ზელენსკის მხარდაჭერისთვის და თქვა, რომ უნდა დასანქცირდეს, ყველა ვინც საქართველოს და უკრაინას უღალატა.

სააკაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და აღნიშნა, რომ სისუსტის მიუხედავად ქართულ პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვება. ექსპრეზიდენტმა ხელისუფლებას რამდენიმე მოთხოვნით მიმართა, მათ შორის დააყენა ღია დებატების საკითხი და მოითხოვა, სამაჯურის გამოყენებით მისცენ პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლება. დაიწყება თუ არა 7 ნოემბრის საქმის ხელახლა განხილვა, ეს შემდეგ სხდომაზე გადაწყდება.

„მე მინდა ვთქვა, რომ ყველა, ვინც უღალატა უკრაინას და საქართველოს უნდა დასანქცირდეს ყველაზე მკაცრი სანქციებით. ჩემი აქ ყოფნა არის პუტინის შეთქმულება ივანიშვილთან ერთად და მის ადგილობრივ დამქაშებთან ერთად. ეს არის შეთქმულება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. მე არ შემეშინდა “ვარდების რევოლუციის’ დროს, მე არ შემეშინდა 2008 წლის ომის დროს, დავრჩი თბილისში, გადავარჩინე საქართველო და ქართული სახელმწიფოებრიობა, მე არ შემეშინდა არც 2021 წელს, როცა საქართველო იხრჩობოდა და დავბრუნდი ამ სასამართლოს პირობებშიც კი, ე.წ სასამართლოს პირობებშიც კი.

მე მინდა ვუთხრა ყველას, ჩვენ გვართმევენ მომავალს, ჩვენს შვილებს უბიძგებენ, რომ არ იცხოვრონ საქართველოში, ჩვენი შვილები იცხოვრებენ საქართველოში, მე ვიცი, როგორ გავაკეთო.

თურმე ევროპარლამენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს, რომ ითხოვს ჩემს გათავისუფლებას და მინდა ვუთხრა პარლამენტის ე.წ. თავმჯდომარეს თქვენ უნდა მოიხადოთ ბოდიში, რომ ამ მდგომარეობამდე მომიყვანეთ. ბოდიში უნდა მოიხადოთ ევროპარლამენტარების წინაშე, ჩემი ოჯახის წინაშე, ჩემს წინაშე, უკრაინის სახელმწიფოს წინაშე, რომლის მოქალაქე ამ მდგომარეობამდე მიიყვანეთ და ყველა ქართველის წინაშე, რომ ქართული სახელმწიფოს დამფუძნებელი ამ მდგომარეობაში ჩააგდეთ. პაპიაშვილო, შემომხედე კარგად! მე დაგამარცხებ, მაინც შევძლებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ვერავინ ვერ გაარუსებს, საქართველო დარჩება ქართულ მაგარ ქვეყნად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას დისტანციური ჩართვისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ჩამოშლის პირასაა და საქართველოსთვის იხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობები.

„საქართველოს ვერავინ გაარუსებს, საქართველო დარჩება ქართულ მაგარ ქვეყნად და საქართველო იქნება 5-ჯვრიანი დროშის ქვეშ, ეროვნული დროშის ქვეშ ძალიან ღირსეული, წამყვანი სახელმწიფო ჩვენი რეგიონის.

რუსეთის დაშლის დრო დგება, წკიპზე არის რუსეთი, ჩვენ უნდა ვიყოთ ახლა მაგარ ფორმაში, იმიტომ, რომ ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს აფხაზეთში, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი გზით, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ეს დრო, რაც დავკარგეთ და ჩვენ ვერავინ ვერ უნდა წაგვართვას მომავალი.

მომეცით საშუალება პოლიტიკურ დებატებში ღიად მონაწილეობის და ყველაფერი გაირკვევა. რუსეთში ყველაფერი წკიპზეა, საქართველოს ეხსნება წარმოუდგენელი შესაძლებლობა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ უარი უთხრა მიხეილ სააკაშვილს დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.

2022 წლის 12 მაისიდან ყოფილი პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ გადის მკურნალობის კურსს. ოჯახის წევრები, ადვოკატები და მისი მხარდამჭერები, ასევე სამედიცინო დარგის სპეციალისტები, მათ შორის უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.

მიხეილ სააკაშვილი 2021 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ არის პატიმრობაში. მას სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.

“7 ნოემბრის საქმეზე” პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი 2014 წლის 28 ივლისს წარუდგინა, 2014 წლის 2 აგვისტოს კი მას დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. ეს არის პირველი სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარედგინა ბრალი.

2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევისა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრის საქმეზე ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, რაც 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საქმეზე უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალდებულები არიან მიხეილ სააკაშვილი, დავით კეზერაშვილი, ზურაბ ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა.

საქმეს იხილავს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგია სამი მოსამართლის შემადგენლობით.

დაპატიმრების პირველსავე დღეს მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, რომელიც გორის კლინიკაში გადაყვანის შემდეგ შეწყვიტა. ახლობლებისა და ადვოკატების თანახმად, მან იქ ვერ შეძლო სათანადო რეაბილიტაცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button