ემზადება თუ არა რუსეთი მორიგი კატასტროფისთვის-უკრაინა მსოფლიოს აფრთხილებს

უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოს მოუწოდებს დროული რეაგირებისკენ საფრთხეზე, რომელიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ემუქრება. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა უახლოეს მომავალში, შესაძლოა, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე პროვოკაციები მოაწყონ. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების ოფიციალურ განცხადებაშია საუბარი.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების წესებს, ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს და მზად არიან, იმოქმედონ ნებისმიერ პირობებში.
წუხანდელ ვიდეომიმართვაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა სადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მიზანი შესაძლოა, იყოს სადგურზე დარტყმის იმიტირება ან რაიმე სხვა სცენარი. “ოპერატიული ინფორმაციით, დღეს ZNPP-ის მესამე და მეოთხე ენერგობლოკის გარე სახურავზე განთავსდა ასაფეთქებელი მოწყობილობების მსგავსი უცხო ობიექტები. მათმა აფეთქებამ არ უნდა დააზიანოს ელექტროსადგურები, თუმცა შესაძლოა შეიქმნას უკრაინიდან დაბომბვის სურათი. ამასთან დაკავშირებით მედიასა და ტელეგრამების არხებში დეზინფორმაცია ვრცელდება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ზელენსკის განცხადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს და შეუძლებელია არ ხედავდეს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო რუსეთია. უკრაინის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კახოვკის ჰესის წინააღმდეგ ტერაქტზე დროული და მასშტაბური რეაქცია არ ყოფილა, რამაც კრემლს შესაძლოა, ახალი ბოროტებისკენ უბიძგოს და მისი შეჩერება მთელი მსოფლიოს ვალდებულებაა, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს.
4 ივლისს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ტვიტერზე დაწერა, რომ სატელეფონო საუბრისას საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი გააფრთხილა საოკუპაციო ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციების მზადების შესახებ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 4 ივლისს განაცხადა, რომ ოპერატიული ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მესამე და მეოთხე ენერგობლოკების სახურავზე განათავსეს ასაფეთქებელი მოწყობილობის მსგავსი საგნები, რომელთა აფეთქებამ ბლოკები არ უნდა დააზიანოს, თუმცა, უნდა შექმნას უკრაინის მხრიდან სადგურის დაცხრილვის სურათი.
გენშტაბის განცხადებით, მტერს პროვოკაცია არ გაუვა, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები არ არღვევენ საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, სიტუაციას აკვირდებიან და აკონტროლებენ და მზად არიან ნებისმიერ პირობებში მოქმედებისთვის. 4 ივლისს რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა რენატ კარჩაამ სახელმწიფო ტელეკომპანია „როსია 24-ის” ეთერში განაცხადა, რომ 5 ივლისს უკრაინის არმია შეეცდება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს შეუტიოს შორ მანძილზე მოქმედების მაღალი სიზუსტის იარაღით და უპილოტო საფრენი აპარატებით.
ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს ქალაქ ენერგოდართან, რომელიც 2022 წლის მარტიდან რუსეთის მიერაა ოკუპირებული.
ომის დაწყების შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ერთმანეთი არაერთხელ დაადანაშაულეს სადგურის მიმდებარე რაიონის დაცხრილვაში.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ არაერთხელ, უშედეგოდ მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნა და იქ საბრძოლო მოქმედებების აკრძალვა.
ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილის ოკუპაციის და ანექსირებულად გამოცხადების შემდეგ, 2022 წლის ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გამოსცა ატომური ელექტროსადგურის “ფედერალურ საკუთრებაში მიღების ბრძანება”.
ამასთან ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დანაღმვის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ იაპონიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააგენტო ყურადღებით აკვირდება.
“დღეს კონტაქტი მქონდა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მუდმივი მისიის ექსპერტებთან, სულ რამდენიმე საათის წინ. ვიცით ორივე მხარის მტკიცებები და განცხადებები… ცოტა ცოტა ხნის წინანდელი ინსპექციის დროს დანაღმვის არანაირი ნიშნები ვერ დავაფიქსირეთ, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ყურადღებით ვართ”, – განაცხადა გროსიმ.
მისი თქმით, ახლა “მოდუნება არ შეიძლება.”
სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, ასევე, პირობა დადო, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებულ ვითარებაზე ინფორმაციას რეგულარულად გაავრცელებს.
შეგახსენებთ რომ რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგური 4 მარტს ჩაიგდეს ხელში. ასევე, რუსები ქალაქ-სპუტნიკ ენერგოდარს აკონტროლებენ. ევროკავშირმა რუსეთს არაერთხელ მოუწოდა, რომ კონტროლი ელექტროსადგურზე უკრაინას დაუბრუნონ. 5 აგვისტოს ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურს 3-ჯერ ესროლეს. 6 აგვისტოს გაჩნდა ინფორმაცია, რომ ოკუპანტებს შესაძლოა ელექტროსადგურის ტერიტორია დაენაღმა.
6 აგვისტოს უკრაინის სახელმწიფო კომპანია ენერგოატომმა გაავრცეკა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაბომბვის შედეგად წყალბადისა და რადიოაქტიური ნივთიერებების გაჟონვის საფრთხეები არსებობს.
ენერგოატომი, რომელიც უკრაინაში არსებულ ყველა ატომურ ელექტროსადგურს მართავს, აცხადებს, რომ დაბომბვამ მნიშვნელოვნად დააზიანა აზოტ-ჟანგბადის სადგური და რადიაციის გარდა, არის ხანძრის გაჩენის რისკებიც.