“ვიღაც ცდილობს საქართველო და უკრაინას გადაჰკიდოს ერთმანეთს თუმცა ეს არ არის რუსეთი”

პარლამენტის თავმჯდომარე საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას ეხმაურება. შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას არანაირი საფუძველი არ გააჩნია.სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს, პირველ რიგში, საზიანოა თავად უკრაინისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს, უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების გადაწყვეტილებები.
მისი თქმით, თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს, რა თქმა უნდა, არ დაეხმარება უკრაინას.
„დღეს, რაც უკრაინას ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვქვეშ დააყენოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად, სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების სასამართლო გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას გარდა სამხედრო ომისა, მოსაგები აქვს სამართლებრივი ომი რუსეთთან. თუკი უკრაინის პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ეს რა თქმა უნდა, არ მიეშველება უკრაინას ამ ბრძოლაში. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება, უპირველეს ყოვლისა, თავად უკრაინისთვის არის საზიანო და მეორე, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს საქართველო და უკრაინა ერთმანეთს გადაჰკიდოს და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ამით, ძირითადად, ხარობენ ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაინასა და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია და უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკური, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ღირსეული დამოკიდებულება პარტნიორის მისამართით, ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, როდესაც ისაუბრა უკრაინის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც საქართველოს ელჩს უკრაინაში გიორგი ზაქარაშვილს 48 საათში ქვეყნის დატოვებას სთავაზობენ.
ილია დარჩიაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი განცხადება გაავრცელა, სადაც საქართველოს პოზიცია ნათლად იყო გამოხატული და რა თქმა უნდა, ეს ზუსტად ასახავს იმ პოზიციას, რომელიც ქვეყანას აქვს.
მინისტრის შეფასებით, გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ და მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნულზე საქართველო “ტრადიციულად ინარჩუნებს სიმშვიდეს” და რეაგირება არ ექნება.
„პირველ რიგში, მე მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს ელჩს უკრაინაში და თითოეულ დიპლომატს, რომლებიც ძალიან რთულ პერიოდში და ძალიან რთულ გარემოში ერთი მხრივ, საქართველოს საუკეთესო ინტერესებს ემსახურებოდნენ კიევში, უკრაინაში და მეორე მხრივ, ეს იყო მათი დამოკიდებულება ადგილზე, აქტიურად დაეჭირათ მხარი უკრაინისთვის, უკრაინელი ხალხისთვის და არცერთ დიპლომატს მუშაობა ერთი დღე არ გაუჩერებია, კიევი არ დაუტოვებია. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარი და საფუძველს მოკლებული იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც უკრაინისგან მოვისმინეთ. მეგობრები ასეთ დამოკიდებულებას არ იმსახურებენ. ჩვენ ტრადიციულად აქამდე, გვქონდა ძალიან ბევრი შემთხვევა, როდესაც ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსისგან გაუგებარი, უსამართლო დამოკიდებულება მოვისმინეთ საქართველოს მისამართით. ჩვენ ტრადიციულად ვინარჩუნებთ სიმშვიდეს, ჩვენი ეს დამოკიდებულება მეგობარი ხალხის და ქვეყნის მისამართით. ჩვენ მომავალში დრო აუცილებლად გვექნება იმისთვის, რომ ამ საკითხებზე ორმხრივ ფორმატებში ვიმსჯელოთ. თუმცა, დღეს ჩვენ ტრადიციულად ვარჩევთ იმ პოზიციას რომელიც გვაქვს, გამოვხატეთ. ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება. შესაბამისად, როგორც ვისაუბრეთ, ელჩი საქართველოში უახლოეს პერიოდში დაბრუნდება.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ საფუძველი, რომელიც ამ გაუგებარი გადაწყვეტილების განმაპირობებელი გახდა. ვფიქრობთ, რომ ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია – ყველა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რაოდენ პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფო ყველა პატიმრის უფლებებს და მათ შორის, ბატონი სააკაშვილის, შესაბამისად, თავად ეს საკითხიც საფუძველს მოკლებულია, რადგან ეს გადაწყვეტილება განპირობებული იყო, როგორც მოვისმინეთ, სწორედ ამ საკითხ ით. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის,უკრაინის მხარდაჭერას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, როგორც აქამდე იყო. ჩვენ ძალიან აქტიურად ვეხმარებოდით უკრაინას ჰუმანიტარული თვალსაზრისით, პოლიტიკურ, დიპლომატიური ხაზით. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, ჩვენი ღირსეული დამოკიდებულება ჩვენი პარტნიორის მისამართით, ჩვენ ამას გავაგრძელებთ და ერთ-ერთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება, თუ გადაწყვეტილება ჩვენს მიმართ, ამ ხაზს ვერ შეგვაცვლევინებს“ , – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩი უნდა დაბრუნდეს თბილისში და კონსულტაციები გაიაროს საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე, ირაკლი კობახიძე ეხმაურება.
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ამბობს, რომ საქართველოს ელჩი უკრაინაში არის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა, მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორების ელჩებისგან.
გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის თემაზე ყოველგვარი კონსულტაციები გამორიცხულია. მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი სამწუხაროა, თუმცა ქართული მხარე არ აპირებს ამ ფაქტზე რეაგირებას.
“ჩვენი ელჩი უკრაინაში არის ის ადამიანი, რომელიც ომის დაწყების პირველი დღიდან დარჩა კიევში, განსხვავებით ბევრი სხვა ელჩისგან. მათ შორის უკრაინის სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ელჩებისგან და ყოველდღიურ რეჟიმში, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ტანკები მიმდგარი იყო კიევს, რჩებოდა კიევში, უკრაინის დედაქალაქში და ზრუნავდა ბევრ რამეზე, ჰუმანიტარული კუთხით, პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით მისი როლი იყო ძალიან მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, უკრაინის ხელისუფლების ეს ნაბიჯი არის შეურაცხმყოფელი, ძალიან დასანანი და სამწუხარო. თუმცა, ამის მიღმა ჩვენ არ ვაპირებთ არც კომენტარებით რეაგირებას. გვირჩევნია, დავრჩეთ ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში,” – აცხადებს ირაკლი კობახიძე.
საქართველოს სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ ძებნილი ადამიანები უკრაინაში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, მათ შორის საქართველოს მესამე პრეზიდენტიც უკრაინაში ე.წ რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება საქართველოსადმი უხეში დამოკიდებულებაა.
„ზელენსკის გადაწყვეტილება არის უხეში დამოკიდებულება საქართველოსადმი, თუმცა ეს არ გვიკვირს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ ძებნილი ადამიანები უკრაინაში იკავებდნენ მაღალ თანამდებობებს, ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტიც ე.წ რეფორმების ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, რომელიც ქართველი სამართალდამცავების მიერ იძებნებოდა. მისი ეს ქმედება გასაკვირი არ არის, გასაკვირია ის სიხარული და ის ყიჟინა, რაც გამოიწვია რადიკალურ ოპოზიციაში მისმა განცხადებამ. ძალიან გაუხარდათ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ეს უხეში რიტორიკა და არამეგობრული დამოკიდებულება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა მძიმე ომშია ჩართული, რა თქმა უნდა, ჩვენ ვითვალისწინებთ ამ ფაქტორს, ის ადეკვატური პასუხი, რასაც იმსახურებს ზელენსკი, შეიძლება არ იყოს იმ დონეზე დაყენებული და გაცემული, თუმცა ეს არის ძალიან უხეში და არამეგობრული დამოკიდებულება იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ყოველგვარი დახმარება აღმოუჩინა უკრაინას, რაც ჩვენს შესაძლებლობებში იყო, იქნებოდა ეს საერთაშორისო ფორუმებზე მხარდაჭერა, სისხლის სამართლის სასამართლოში თანასპონსორობა თუ დახმარება უკრაინელი ლტოლვილებისადმი, რომლებიც ჩამოვიდნენ საქართველოში“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
გონჩარენკო კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არც ერთი დღით არ დაუტოვებია, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
არჩილ თალაკვაძე არამეგობრულს უწოდებს გონჩარენკოს განცხადებას და აღნიშნავს, რომ როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული.
მისივე თქმით, საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს, როგორც ჩანს გონჩარენკო კარგად ვერ ხედავს ამ ყველაფერს.
„როცა უკრაინა ებრძვის რუსეთს საკუთარი თავისუფლების და ტერიტორიების დასაცავად, ამ დროს გონჩარენკო საქართველოსთან ბრძოლით არის დაკავებული, რაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურია, ეს განცხადება არამეგობრულია. საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც შეუძლია უკრაინის მხარდასაჭერად და უკრაინელი ხალხი ამას ხედავს. როგორც ჩანს გონჩარენკო კარგად ვერ ხედავს ამ ყველაფერს. ის ასე კრიტიკულად საუბრობს ჩვენს ელჩზე, რომელსაც კიევი და უკრაინა არ დაუტოვებია არც ერთი დღით, მათ შორის მაშინ, როდესაც კიევი იბომბებოდა და იყო იმ გამონაკლის ელჩებს შორის, ვინც ბოლომდე, ომის დღემდე, ომის მიმდინარეობის განმავლობაში რჩებოდა კიევში და უკრაინაში. ამიტომ, ეს განცხადება ნამდვილად არ არის სამართლიანი და მეგობრული ისეთი ელჩის მიმართ, როგორიც საქართველოს ელჩია, რომელმაც მართლაც აჩვენა უკრაინის თავდადება და მხარდაჭერა“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
უკრაინაში საქართველოს ელჩი, თბილისში, სავარაუდოდ, დღეს დაბრუნდება. უკრაინის პრეზიდენტის მიერ საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა კვლავ პოლიტიკური განხილვისა და ურთიერთ ბრალდებების თემაა.
არაერთგვაროვანია ოპოზიციის შეფასებები. ნაწილი ზელენსკის განცხადებებს მხარს უჭერს და ვითარების ესკალაციაში “ქართულ ოცნებას” ადანაშაულებს.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტები” წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და უკრაინის სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეს.
“ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინის სახელმწიფო იცავს საკუთარ მოქალაქეს. მას აქვს ყველანაირი შესაძლებლობა, რომ მოიქცეს იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც აძლევს კონსტიტუცია. ჩემთვის ძალიან მძიმეა ეს გადაწყვეტილება და ბევრი ადამიანისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, წინა მოთხოვნებს მიხეილ სააკაშვილის გადაცემაზე არავითარი პასუხი არ მოჰყოლია საქართველოს ხელისუფლებისგან და ამიტომ ეს გადაწყვიტა პრეზიდენტმა ზელენსკიმ,” – აცხადებს ხატია დეკანოიძე.
პარტია ”სტრატეგია აღმაშენებელის” გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ამბობს, რომ ეს ვოლოდიმერ ზელენსკის ბუნებრივი რეაქცია იყო, როდესაც მიხეილ სააკაშვილის ფოტო ნახა.
“ზელენსკის კრიტიკა არასწორი იქნება, ბუნებრივი რეაქცია იყო მისი, როცა ნახა ადამიანი, სააკაშვილი, რომელიც ჰგავდა ოსვენციმის ბანაკის პატიმარს. ბუნებრივი რეაქციაა, თუნდაც სამართლიანი იყოს ყველა ბრალდება ქართული ოცნების სააკაშვილთან დაკავშირებით. ხომ არის პრეცედენტები, როდესაც ექსტრადიცია ხდება ადამიანების? ექსტრადიცია გააკეთონ უკრაინაში,“ – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “მოქალაქეები” თავმჯდომარე, ალეკო ელისაშვილი უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ელჩმა უკრაინაში უნდა დატოვოს ქვეყნის ტერიტორია კონსულტაციის მიზნით, მიუღებელს უწოდებს. როგორც ალეკო ელისაშვილი ამბობს, მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ნაბიჯი.
“ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა ჩემთვის ზელენსკის საქართველოსთან მიმართებაში. დიპლომატიურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამის მერე ომი იწყება ხოლმე. იმედია, ჩვენს და უკრაინას შორის ომი არ დაიწყება, მაგრამ ეს არის ძალიან გულდასაწყვეტი და გაუგებარი გადაწყვეტილება. გაუგებარია ჩემთვის, რას ემსახურებოდა ეს, მით უფრო, როდესაც მაგიდაზე დევს სტრასბურგის გადაწყვეტილება, სადაც სიტყვა სიტყვით წერია, რომ არანაირი წამება სააკაშვილთან მიმართებაში გამოყენებული არ არის,” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
უკრაინელებისთვის და არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, სააკაშვილი თავისუფლებისა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არ იმსახურებს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ციხეში აწამებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს და რომელმაც გააკეთა ყველაზე მეტი ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის.
„აბსოლუტურად ლოგიკური იყო პრეზიდენტ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინას ჰქონდა არაერთი მცდელობა საქართველოს ხელისუფლებასთან მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. ასევე, თუ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების“ რიტორიკას ომში მყოფი ჩვენი მოძმე უკრაინის მიმართ ომის დაწყების პირველივე დღიდან, „რუსულ ოცნებას“ ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ უნდა უკვირდეს. უკრაინელები და უკრაინის ხელისუფლება არიან ქართველი ხალხის მხარდამჭერები და მეგობრები. ქართველი ხალხი და საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად სხვადასხვა რაღაც არის.
პრობლემა ზელენსკის განცხადებაში კი არ არის, პრობლემა იმაშია, რომ ქვეყანას ჰყავს „რუსული ოცნება“. პრობლემაა, რომ „რუსულმა ოცნებამ“ მოახერხა, რომ ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტი, რომელიც დღეს მთელი ცივილიზებული სამყაროს მორალური ლიდერია, აკეთებს განცხადებას, რა განცხადებაც გააკეთა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან დაკავშირებით. უკრაინელებისთვის და არა მხოლოდ უკრაინელებისთვის, სააკაშვილი არის თავისუფლებისა და პუტინის წინააღმდეგ ბრძოლის სიმბოლო და ძალიან სწორი მესიჯი იყო უკრაინის პრეზიდენტისგან, როდესაც თქვა, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლების ხელით რუსეთი აწამებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს. პრობლემა უნდა ეძებოთ საქართველოს ხელისუფლებაში და არა ზელენსკის განცხადებაში“, – განაცხადა ანა წითლიძემ.