მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენა შესრულდება

ბილეთის ფასი დაახლოებით 535 დოლარია-Georgian Airways მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფერენებს იწყებს

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. დოკუმენტი გამოქვეყნებულია რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

გამოცემის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებას ახალი ფრენების ნებართვა ჯერ არ გაუცია.

ნებართვების უმეტესობა რუსეთის სააგენტომ ავიაკომპანია Red Wings-ზე გასცა, რომელსაც სურს ფრენები განახორციელოს შემდეგ მიმართულებებზე:

ვლადიკავკაზიდან ბათუმსა და თბილისში (კვირაში შვიდი რეისი);

ეკატერინბურგიდან ბათუმსა და ქუთაისში (თითო შვიდი რეისი);

ჟუკოვსკიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

ყაზანიდან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

კრასნოდარიდან თბილისამდე (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდი რეისის ზრდა), ბათუმი და ქუთაისი (შვიდ-შვიდი რეისი);

მახაჩკალიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

„მინვოდიდან“ ბათუმსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

მოსკოვიდან ბათუმსა და ქუთაისში (დოკუმენტში მითითებულია სიხშირის 3-დან შვიდ რეისამდე ზრდა);

ნიჟნი ნოვგოროდიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში (შვიდ-შვიდი რეისი);

პერმიდან ბათუმის, ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით (შვიდ-შვიდი რეისი);

დონის როსტოვიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);

სამარადან ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

სოჭიდან თბილისამდე (სიხშირე გაიზარდა სამიდან შვიდ რეისამდე), ბათუმი და ქუთაისი ((შვიდ-შვიდი რეისი);

ტიუმენიდან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

უფადან ქუთაისისა და თბილისის მიმართულებით ((შვიდ-შვიდი რეისი);

ჩელიაბინსკიდან ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში ((შვიდ-შვიდი რეისი);

გარდა ამისა, ავიაკომპანიებს „რასიასა“ (სოჭი-თბილისი, კვირაში შვიდი რეისი) და „იამალს“ (ტიუმენ-თბილისი და ტიუმენ-ბათუმი, თითო-თითო) შეუძლიათ ფრენები საქართველოში.

ავიაკომპანიებს ჯერ არ გაუკეთებიათ კომენტარი რუსეთის სააგენტოს გადაწყვეტილებაზე.

რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული გამოცემა TASS-ის ცნობით, Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით ნიცაში ფრენებს 5 ივლისიდან იწყებს.

TASS-ის თქმით, თბილისის გავლით ტრანზიტული ფრენები, როგორც ავიაკომპანიის საიტიდან ჩანს, დღეს დაიწყო და ბილეთის ფასი დაახლოებით 535 დოლარია.

“თბილისიდან ნიცამდე ფრენები ყოველკვირეულად, ოთხშაბათსა და შაბათს იქნება, გაფრენის დრო ადგილობრივი დროით 11:00 საათია (10:00 საათი მოსკოვის დროით). ვინაიდან ავიახაზები მოსკოვიდან ყოველ დილით დაფრინავს, და თბილისში 09:50-ზე ჩადის (მოსკოვის დროით 08:50 საათზე), მოსკოვიდან ნიცამდე ტრანზიტული ფრენები საქართველოს დედაქალაქში 1 საათი და 10 წუთიანი ტრანსფერით ხელმისაწვდომი იქნება გადამყვანის ვებგვერდზე. ბილეთები დაახლოებით $535 ღირს“ – წერს TASS.

გამოცემის ცნობით, ნიცას გარდა, Georgian Airways ასევე ტრანზიტულ ფრენებს მოსკოვიდან პარიზში, ამსტერდამში, ვენაში, თესალონიკში, თელ-ავივში, მილანში, ბერლინსა და ლარნაკაში განახორციელებს.

10 მაისს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენის აკრძლვა მოუხსნა.

20 მაისს, ქართულმა ავიაკომპანიამ, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. რუსული ავიაკომპანიის მიერ შესრულებულ პირველ ფრენას პროტესტი მოყვა – მოქალაქეებმა რუსეთთან ფრენები ჯერ აეროპორტთან, შემდეგ კი პარლამენტთან გააპროტესტეს.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ავიაკომპანია Georgian Airways ბოიკოტი გამოუცხადა – მან თქვა, რომ აირზენა “ფულისთვის ყველაფერზე მზად არის” და “უნდა, რომ ისარგებლოს ამ რეალობით”, რომელიც მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის მიუღებელია. თავის მხრივ თამაზ გაიაშვილმა განაცხადა, რომ ზურაბიშვილს ავიაკომპანიის ბორტზე არ აუშვებენ.

რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут-მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.

1-ელ ივლისს უკრაინამ ქართულ ავიაკომპანიას, Georgian Airways-ს სანქციები დაუწესა. განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

ახალი პაკეტი მოიცავს პერსონალურ სანქციებს Georgian Airways-ის დამფუძნებლის თამაზ გაიაშვილის წინააღმდეგაც. სანქციები 10 წლის ვადით იქნება ძალაში. ჯამში სანქციები ეხება 190 პირსა და 290 კომპანიას.

თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. მას შემდეგ, რაც ვლადიმერ პუტინმა ფრენებზე შეზღუდვა მოხსნა, Georgian Airways იყო ერთ-ერთი პირველი ავიაკომპანია, რომელმაც მოსკოვთან ფრენების დაწყებაზე ნებართვა მოითხოვა.

ცნობისთვის, ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეისებს ახორციელებს ავიახაზები Azimuth (5 ივლისიდან – დღეში ორი რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის), Georgian Airways (ივლისიდან – კვირაში 10 რეისი მოსკოვსა და თბილისს შორის).

უახლოეს დღეებში Red Wings-ის რეისებს სოჭი-თბილისი-სოჭი და მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი განახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button