კონფლიქტი კი არა – ომი- ზელენსკიმ ბულგარეთის პრეზიდენტს სიტყვა შეუსწორა
ბულგარეთმა ოფიციალურად დაუჭირა მხარი უკრაინის NATO-ში შესვლას

დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა. მან ბულგარეთის პრემიერ მინისტრთან, ნიკოლაი დენკოვთან ერთად ხელი მოაწერა დეკლარაციას, რომლითაც ბულგარეთი ოფიციალურად უჭერს მხარს უკრაინის თავდაცვით ალიანსში “რაც შეიძლება სწრაფად” შესვლას.
“ბულგარეთი თანმიმდევრულია მის მხარდაჭერაში უკრაინის სუვერენულობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დარწმუნებულები ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა” – განაცხადა დენკოვმა ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
ბულგარეთის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დაუბრუნდეს საკუთარ “საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს”.
გარდა ამისა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სოფიაში გამართულ შეხვედრაზე შეუსწორა ბულგარელ კოლეგას, რუმენ რადევს, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს რამდენჯერმე უწოდა „კონფლიქტი“.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია შეშფოთებას იწვევს ჩვენს რეგიონში. კონფლიქტი აფართოებს მის სივრცით მასშტაბებს“, – განაცხადა რუმენ რადევმა, რომელიც ვარაუდობს, რომ „კონფლიქტი“ გადაიზრდება გამომფიტველ ომში და არ არსებობს სამხედრო გზით მისი გადაჭრა.
უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარეთის პრეზიდენტთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ბულგარელ ხალხს „ესმის, რომ ეს კონფლიქტი კი არა – ომი. რადგან კონფლიქტის დროს ქვეყანას მილიონობით ადამიანი არ ტოვებს“.
ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ბულგარეთს ურჩევნია, რომ იარაღი მიაწოდოს უკრაინას, რომელიც ამ იარაღით ევროპას იცავს. „ის, რაც თქვენ დაგრჩათ, არასაკმარისის იქნება თქვენი არმიისთვის რუსეთთან საომრად, თუ ის აქ მოვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ბულგარელ კოლეგასთან შეხვედრის დროს.
ვიზიტის დროს ზელენსკი ასევე შეხვდა ბულგარეთის ახალ პრემიერ-მინისტრს, ნიკოლაი დენკოვს, რომელმაც გასულ თვეში ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშკარად მიანიშნა, რომ წინ დროებითი მთავრობისგან განსხვავებით მხარს უჭერს უკრაინისთვის საბრძოლო იარაღით დახმარებას.
“ბულგარეთი თანმიმდევრულია უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში, რადგან ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ დამოუკიდებელი და სუვერენული უკრაინა მნიშვნელოვან როლს თამაშობს რეგიონში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისათვის”,-განაცხადა ბულგარეთის პრეზიდენტმა ზელენსკისთან მოლაპარაკებების შემდეგ.
“რუსეთმა უპირობოდ უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იკისროს პასუხისმგებლობა”, – დასძინა დენკოვმა.
6 ივლისის შეხვედრაზე სოფიაში რუმენ რადევმა კვლავ გაიმეორა, რომ წინააღმდეგია უკრაინაში იარაღის გაგზავნის და მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა.
რადევი კიევის იარაღით დახმარებას ომის წაქეზებად მიიჩნევს.
ივნისის ბოლოს პრემიერ-მინისტრ დენკოვის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ უკრაინას სამხედრო დახმარება პარლამენტის 2022 წლის დეკემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე გაეგზავნოს. მაგრამ ბულგარეთის მიერ უკრაინისათვის განკუთვნილი იარაღის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საიდუმლოდ ინახება.
ომის დაწყების შემდეგ ეს ბულგარეთში ვოლოდიმირ ზელენსკის პირველი ვიზიტია.
ბულგარეთის მსგავსად შეერთებულმა შტატებმაც უკრაინას იმედი მისცა ნატოში შესვლის საშუალებასთან დაკავშირებით და დასძინა რომ უკრაინისთვის ნატოს კარი ღიაა, წევრობისთვის კი, საჭიროა რეფორმები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეს პოზიცია 5 ივლისს, ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა.
უკრაინა ითხოვს მყარ გარანტიას, რომ რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ ნატოს წევრი გახდება. შეკითხვას, რატომ არ არის აშშ-ის მხრიდან მკაფიო თანხმობა, ჟან-პიერმა უპასუხა, რომ აშშ ნატოს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია და მოკავშირეებთან და უკრაინასთან ერთად განაგრძობს ამ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფების კოლექტიური მხარდაჭერის საშუალებების განხილვას. თეთრი სახლის პრესმდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატოში ახალი წევრის მიღების საკითხს 31 მოკავშირე წყვეტს.
კარინ ჟან-პიერის თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა არაერთხელ თქვა, რომ უკრაინამ უნდა ჩაატაროს რეფორმები, რათა შეესაბამებოდეს ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებს და მას ამის გაკეთება შეუძლია.
ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა ვილნიუსის სამიტის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მოუწოდა, უკრაინა ნატოში მიიწვიოს. ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ სწორედ ბაიდენია გადაწყვეტილების მიმღები. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ესმის, რომ ომის დასრულებამდე მისი ქვეყანა ნატოს წევრი ვერ გახდება, მაგრამ მნიშვნელოვანია გრძნობდე, რომ მომავალში მოკავშირეებთან ერთად იქნები.
ნატოს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა სამიტი 11-12 ივლისს გაიმართება ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში.
სამიტზე, რომელზეც მიწვეულია პრეზიდენტი ზელენსკიც, განიხილავენ უკრაინის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიებს.
ნატოს ლიდერთა წინასწარი განცხადებების თანახმად, ვილნიუსის სამიტზე არ იგეგმება ალიანსში უკრაინის ოფიციალურად მიწვევა.
რუსეთის პრეზიდენტ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის “დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია”. ომის დაწყებამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.