მნიშვნელოვანისიახლეები

აქციის მონაწილეების განცხადებით „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარებას არ დაუშვებენ

მეტროსადგურ „ვაჟა-ფშაველასთან“ 8 ივლისს დილიდან შეკრებილმა ჰომოფობიურად განწყობილმა, ანტიდასავლურმა ჯგუფებმა ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით მსვლელობა დაიწყეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ანტილგბტ აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ „პრაიდის კვირეულში“ დაგეგმილი ფესტივალის ორგანიზატორებს მისი ჩატარების უფლებას არ მისცემენ.

„ჩვენი ამოცანაა, ავიდეთ იქ ბოლომდე ყველა მიზეზგარეშე. იმ ტერიტორიას, სადაც მაგათ რაღაცის ჩატარება უნდათ, ჩვენ, ხალხი მოვაქცევთ ალყაში. საქართველო თუ ჩვენია, აქ ჩვენი წესები უნდა მოქმედებდეს. დღეს უნდა გაეცეს პასუხი, ვისია ეს ქვეყანა“, – ასე მიმართა „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ მახარაძემ იქ შეკრებულ ხალხს.
„ლისი ვანდერლენდის“ მიმდებრედ 13:00 საათზე დაიწყება მშვიდობიანი შეკრება, ჩვენი პოზიცია იქნება მტკიცე და მკაფიო, რომ არ დავუშვებთ საქართველოში, საჯარო სივრცეში ამ გარყვნილების, სიბინძურის დემონსტრირებას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, „თბილისი იპოდრომ სერვისის“ დირექტორის პოზიცია, რომ აღარ აპირებდა, დაეთმო კუთვნილი ტერიტორია პრაიდის ორგანიზატორებისთვის, მყარი და საბოლოო არ აღმოჩნდა, რადგან ძალიან დიდია ზეწოლა.

„ძალიან დიდია ზეწოლა, მათ შორის მესაკუთრეებზე. კომპანიის დირექტორმა, რომელმაც დროებით სარგებლობაში იჯაროთი გადასცა აღნიშნული ტერიტორია ორგანიზატორებს, სადაც იგეგმება ლგბტ პრაიდფესტივალი, საჯაროდ, ღიად განაცხადა, რომ აღარ აპირებდა, დაეთმო კუთვნილი ტერიტორია „პრაიდის“ ორგანიზატორებისთვის. როგორც ჩანს, ეს პოზიცია მყარი და საბოლოო არ აღმოჩნდა, გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დიდია ზეწოლა. იცით, რომ ერთ-ერთი პარტნიორის უკან დგას ჟორიკა რურუა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ ერთი ლიდერი და ცნობილი დამნაშავე. ასევე ძალიან დიდია წნეხი ქვეყნის გარედან. დღეს ვნახეთ აგენტურული ქსელის მეთაურის, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებაც, რომელიც გამოვიდა ლგბტ „პრაიდ ფესტივალის“ მხარდასაჭერად. სიტუაცია ასეა – იქით არის საქართველოს მტრების გაერთიანება და აქ დგას ქართული საზოგადოება, რომლის პოზიციაც არის მტკიცე და ქართული საზოგადოება მშვიდობით, ერთიანობით გააკეთებს იმას, რომ საქართველოში არ შედგეს პრეცედენტი ლგბტ პრაიდფესტივალის საჯაროდ ჩატარებისა.

ხაზგასმით ვაცხადებთ, ჩვენი შეკრება დაიწყება 13:00 საათზე „ლისი ვანდერლენდის“/„ლისი იპოდრომის“ მიმდებრედ, ცალსახად მშვიდობიანი, მაგრამ ჩვენი პოზიცია იქნება მტკიცე და მკაფიო, რომ არ დავუშვებთ საქართველოში, თბილისში ღია, საჯარო სივრცეში ამ გარყვნილების, ამ სიბინძურის დემონსტრირებას“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

იპოდრომის ტერიტორიის ერთ-ერთმა მეწილემ, მაია ტაბაღუამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავდა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, იპოდრომის ტერიტორიაზე ვერ დაუშვებდნენ პრაიდფესტივალის ჩატარებას.

„თბილისი პრაიდმა“ გუშინ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ 8 ივლისს არ ტარდება ქუჩის მსვლელობა. ფესტივალი კერძო, დახურულ ტერიტორიაზე გაიმართება, იქ მხოლოდ მიწვეული სტუმრები მივლენ და, რომ ფესტივალს აქვს მხოლოდ საგანმანათლებლო, კულტურული და სოციალური ხასიათი.

8 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც, რომლის თანახმად, მიიღებენ ყველა შესაბამის ზომას, რომ ფესტივალი უსაფრთხოდ ჩატარდეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს კონტრაქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებით სარგებლობის ფარგლებს.

8 ივლისის აქციის მთავარი ორგანიზატორია „ალტო-ინფო“ და მის ბაზაზე დაარსებული კონსერვატიული პარტია, რომლებიც მკაფიოდ პრორუსული განწყობებით გამოირჩევიან და საქართველოს არა ევროპის, არამედ რუსეთის ორბიტაზე ხედავენ.

„პრაიდის კვირეული“ შარშანაც გაიმართა. 2022 წლიდან ორგანიზატორებმა უარი თქვეს „ღირსების მარშის“ ჩატარებაზე. 2021 წელს კი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ რუსთაველის გამზირი მოძალადე ჯგუფებმა დაიკავეს, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს, ოპერატორებსა და გამვლელებს. 5 ივლისს მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა, მათ შორის „ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.

აქამდე დაკავებული არ არის ძალადობრივი აქციის არცერთი ორგანიზატორი.

მსგავსი პოსტები

Back to top button