მნიშვნელოვანისიახლეები

პრაიდის მონაწილეები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან-შსს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე ლისის ტბაზე მივიდა მისი თქმით „პრაიდ ფესტივალის“ საწინააღმდეგო ანტილგბტ აქციაზე ძალიან ბევრი ხალხი მივიდა და სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მათ ხალხის მასა ვერ შეაკავეს და ფესტივალის ორგანიზატორებისა და მონაწილეების ევაკუაცია გახდა საჭირო. მისი თქმით თუმცა პრაიდის მონაწილეები ამ ეტაპზე უსაფრთხოდ არიან.
შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დილიდან ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პოლიციის დანაყოფები, მათ შორის, საპატრულო პოლიცია და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, მაგრამ იქ მივიდნენ „საკმაოდ დიდი რაოდენობა კონტრაქციის მონაწილეები“, რომლებმაც მოახერხეს შემოვლითი გზებით შეეღწიათ ტერიტორიაზე და გაერღვიათ კორდონები:

“აქ იყვნენ შესაბამისი ძალები და დანაყოფები მობილიზებულები, თუმცა კარგად ნახეთ, რომ საკმაოდ ბევრნი მოვიდნენ კონტრაქციის მონაწილეები.

ეს არის გაშლილი ტერიტორია და აქციის მონაწილეებმა მოახერხეს პოლიციის კორდონების გარღვევა და შემოსვლა. ჩვენ მოვახერხეთ, რომ პრაიდის მონაწილეები უსაფრთხოდ გავიყვანეთ ტერიტორიიდან. ამჟამად პოლიცია ცდილობს სიტუაციიის სტაბილიზებას და ვცდილობთ, რომ არავისზე თავდასხმა არ მოხდეს.

დღეს მობილიზებული იყო პოლიციის მაქსიმალური რაოდენობა. მოგეხსენებათ, რომ ყველა აქციაზე 100%-იანი უზრუნველყოფა რთულია, მით უფრო, როდესაც გაშლილია ტერიტორია. ჩვენ ამ რისკებზე მუდმივად ვსაუბრობდით, კონტრაქციის მონაწილეები ძალიან ბევრნი არიან. ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე ყოფილიყო დაცული,” – აცხადებს დარახველიძე.
მისი სიტყვებით, ახლა პოლიცია ადგილზე ვითარების დასტაბილურებას ცდილობს.

პოლიციას ანტილგბტ აქციის მონაწილეების შესაკავებლად რაიმე სპეციალური საშუალებები არ გამოიყენებია.

ანტილგბტ აქციის მონაწილეებმა კი ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს.

„თბილისი პრაიდი“ პრაიდკვირეულის მოსამზადებელ პერიოდში აქტიურად თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და აცხადებდა, რომ უწყება უსაფრთხოების მყარ გარანტიებს დაჰპირდა მათ.

თავის მხრივ, შსს-ც აცხადებდა, რომ მიიღებდა ყველა შესაბამის ზომას, რათა ღონისძიება უსაფრთხო ფორმატში ჩატარებულიყო და პირობას დებდა, რომ დაიცავდა თითოეული ადამიანის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, რომელიც არ გასცდებოდა კანონით დასაშვებ ფარგლებს.

მაგრამ 8 ივლისს, მას შემდეგ, რაც ჰომოფობიურად განწყობილმა აქციის მონაწილეებმა ფესტივალის ჩატარების ადგილს ალყა შემოარტყეს, “პრაიდ ფესტივალის” მონაწილეთა ევაკუაცია გახდა საჭირო.

შეგახსენებთ, რომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. ისინი ცდილობდნენ „პრაიდ ფესტივალის” მონაწილეები ენახათ, თუმცა ადგილზე არ დახვდათ. ამის შემდეგ „პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. ლისის ტბის როგორც შიდა ისე გარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.

მსგავსი პოსტები

Back to top button