მნიშვნელოვანისიახლეები

კონტრაქცია არა მხოლოდ მმართველი პარტიის მხრიდან არამედ მოქმედი დეპუტატებისგანაც არის წაქეზებული

პრაიდის კვირეულს ელჩები გამოეხმაურნენ

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საგანგაშოა, რომ პრაიდ ფესტის წინააღმდეგ ძალადობრივი კონტრაქცია მმართველი გუნდის წევრების მხრიდანაა წაქეზებული და ღიად მხარდაჭერილი.

ზურაბიშვილმა გააკრიტიკა მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ოცნების სხვა წევრები, ვინც მათი თქმით, გვარწმუნებენ რომ უფლებადამცველები არიან და მათ “სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს ფასი არ აქვს”.
ამით ის პრაიდის ღონისძიების ჩაშლას და ამ ფაქტთან დაკავშირებით ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს გამოეხმაურა.

“აქ კიდევ უფრო საგანგაშოა, რომ ეს კონტრაქცია წაქეზებული, აპრობირებული და ღიად მხარდაჭერილი იქნა სოციალურ ქსელებში გავრცელებული პოსტებით, არამხოლოდ მმართველი პარტიის სხვადასხვა განშტოებების წარმომადგენლების მიერ, არამედ პირდაპირ პარტიის მოქმედი დეპუტატებისგანაც, როგორც დღეს ვნახეთ. ამდენად რა ფასი უნდა ჰქონდეს სასწრაფოდ გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც ახლა მოვისმინეთ, იმ თანამდებობის პირების მიერ რომლებსაც ევალებათ პირველ რიგში ადამიანის უფლებების დაცვა, პირველ რიგში პარლამენტის თავმჯდომარეს და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარეს, რომლებიც გვარწმუნებენ რომ არიან უფლებების დამცველები. ჩემი მარჯვენა ხელი ერთს ამბობს და მარცხენა მეორეს აკეთებს” – განაცხადა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილის თქმით, კონტრაქციების წაქეზებითა და სიძულვილის ენის არ დაგმობით ქართული ოცნება ძალადობას ახალისებს და ყველანაირ შედეგზეა პასუხისმგებელი.

“რეალურად ამ კონტრაქციების წაქეზებით და ამ ქმედებების თუ სიძულვილის ენის არ დაგმობით მმართველი პარტია პარლამენტის უმრავლესობა ახალისებს ძალადობას და პასუხისმგებლობას იღებს ყველა შედეგზე.” – განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა შსს-ს მოუწოდა “რომ აღკვეთოს და აღკვეთოს რეალურად ყველანაირი ძალადობრივი ქმედება”, რადგან მისი თქმით, ეს არის ამ უწყების “მოვალეობა და ამას ჰქვია სამართლის დაცვა”.

მმართველ გუნდს კი პრეზიდენტმა მოუწოდა, შეწყვიტოს სიძულვილის ენა და დაპირისპირების წაქეზება. მისი თქმით, ეს მარტივად ხდება “გაკონტროლებული მესიჯბოქსებით”.

ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც გია ვოლსკიმ აღნიშნა, საქართველოშია დღეს სხვა რეალობაა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება, ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე სხვა ქვეყნები.

„პრაიდის კვირეული, სხვადასხვა ღონისძიებები, ამის საწინააღმდეგო აქციები, მასშტაბური, ნაკლებად მასშტაბური, ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი რეალობა. საქართველოშია დღეს სხვა რეალობა შექმნილი, როდესაც ძალადობამ შეიძლება ეს ქვეყანა გაცილებით უფრო დააზიანოს, ვიდრე მაგალითად საფრანგეთი, სადაც დაპირისპირებები ამ ნიადაგზე ხდება, იგივე პოლონეთი, ან ევროპის სხვადასხვა ქვეყნები, უნგრეთი იქნება ეს ჩეხეთი, თუ სხვა. ფაქტია, რომ მოწყვლადია ჩვენი ქვეყანა და რასაკვირველია, ქვებისა და მუშტების რესურსის გამოყენება საპირისპირო აზრების დასამკვიდრებლად, არის ის თემა, რაც სერიოზულად დიდ ზარალს მიაყენებს ჩვენ ქვეყანას, რომელსაც ისედაც უამრავი საშინაო და საგარეო გამოწვევა აქვს . თვითმყოფადობაზე, ეროვნულ კულტურაზე, საერთოდ იმ რესურსზე, რომელსაც აქამდე ქვეყანა მოუყვანია და აცოცხლებს ქვეყანას, ეს არის რწმენა, დამოკიდებულება, რასაკვირველია, უნდა ვილაპარაკოთ განათლების გზით, იდეის დამკვიდრება არ შეიძლება, მოხდეს ძალადობით. ამას პერსპექტივა არ გააჩნია, უარესის მოტანა კი ნამდვილად შეუძლია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა, – ასე ეხმაურება საქართველოში ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

კლეიტონი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას აგრესიული გზით ხელი შეუშალა.

“შეძრწუნებული ვარ, რომ მიუხედავად მზადების და პრევენციული ზომებისა, პრაიდის ფესტივალი ჩაიშალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც აგრესიული გზით ხელი შეუშალეს მშვიდობიანი შეკრების ჩატარებას”, – წერს კლეიტონი “ტვიტერზე”.

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება დაირღვა.

„სევდიანი დღე თბილისში. საქართველოს კანონი დაირღვა. მეტიც, დაირღვა მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება, რაც დაცულია ადამიანის უფლებათა უნივერსალური დეკლარაციის მეოცე მუხლით, რომელიც რატიფიცირებულია საქართველოს მიერ. სრული მხარდაჭერა თბილისი პრაიდს“, – წერს პეტერ ფიშერი ტვიტერზე.

“მე სრულიად იმედგაცრუებული ვარ, რომ „პრაიდ ფესტივალი“, უსაფრთხოების რისკების გამო დღეს ვერ გაგრძელდა, მიუხედავად წინასწარ მოწოდებული უსაფრთხოების გარანტიებისა”, – წერს ტვიტერზე მააიკე ვან კოლდამიც, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩი.

„ძალადობის ყველა ორგანიზატორი დღეს და წარსულშიც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული. სიყვარული არ შეიძლება დამარცხდეს“, – წერს ის.

შეგახსენებთ, რომ დღეს „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებმა პოლიციის კორდონი გაარღვიეს და ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, სადაც „პრაიდ ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. აღნიშნულს პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოჰყვა. პრაიდის მოწინააღმდეგეებს ფესტივალის მონაწილეები ადგილზე არ დახვდათ, რადგან ისინი ტერიტორიიდან ევაკუაციის გზით გაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, ლისის ტერიტორიაზე რამდენიმე პირი დააკავეს.

მსგავსი პოსტები

Back to top button