პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა

პუტინმა რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის “ორმაგი მოქალაქეობის შესახებ” კანონს ხელი მოაწერა – მანამდე, ერთი წლის განმავლობაში ფორმალური პროცედურები მიმდინარეობდა, მათ შორის იყო შეთანხმების გაფორმება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მინისტრსა და სერგეი ლავროვს შორის.
დოკუმენტი დუმამ მიმდინარე წლის 29 ივნისს მიიღო და ფედერაციის საბჭომ 5 ივლისს დაამტკიცა – შეთანხმება ითვალისწინებს “მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მეორე მხარის მოქალაქეობის მიღებას”. ასევე, გათვალისწინებულია, რომ რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივებული წესით შეეძლებათ პირებს, რომლებსაც 2008 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით ჰქონდათ “აფხაზეთის მოქალაქეობა და დღემდე შეინარჩუნეს”.
ასევე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები მუდმივი ბინადრობის მიხედვით ყველა სოციალური უფლებით ისარგებლებენ და მათ ამ მხარის სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც შეეხებათ.
„ორმაგი მოქალაქეების მქონე პირებს სოციალურ უზრუნველყოფაზე, განათლებაზე, სამედიცინო მომსახურებაზე უფლების გამოყენება შეეძლება იმ მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, რომლის ტერიტორიაზე ისინი მუდმივად ცხოვრებენ. ამავე პრინციპით სამხედრო სამსახურში გაწვევის წესიც იმოქმედებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის დაწესების ინიციატივა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ეკუთვნის. 2022 წლის 27 სექტემბერს შეთანხმებას ხელი მოაწერეს სერგეი ლავროვმა და ინალ არძინბამ. 2022 წლის 30 დეკემბერს აფხაზურმა მხარემ აღნიშნული შეთანხმება ძალაში შეიყვანა – ხოლო პროექტის რატიფიცირება რუსულმა მხარემ საბოლოოდ 2023 წლის 29 ივნისს დაასრულა.