მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

NATO-ს სამიტის დღის წესრიგში უკრაინის პოტენციური წევრობაა

ლიეტუვის დედაქალაქში დღეს, 11 ივლისს, დაიწყო ნატოს ორდღიანი სამიტი. სამიტის მთავარი თემა ალიანსისა და უკრაინის ურთიერთობა იქნება, თუმცა მისი მონაწილეები სხვა არაერთ საკითხზე, მათ შორის სამომავლო სტრატეგიულ მიმართულებებზეც იმსჯელებენ.
იკრიბება სამხედრო ალიანსის 31 ლიდერი, რათა განიხილონ უკრაინის ომი, შვედეთის ნატოში გაწევრიანება, ასევე, ალიანსის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ნაბიჯები.
ამ ეტაპზე უკრაინას ალიანსში არ მიიწვევენ. ნატოს ზოგიერთ წევრს სამხედრო ბლოკში კიევის სწრაფად მიღება სურდა, მაგრამ ამის წინააღმდეგი, სხვა ქვეყნებთან ერთად, არიან აშშ და გერმანია.
სამიტის დაწყების წინ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ უკრაინა ჯერ მზად არაა NATO-ს წევრი გახდეს, რადგანაც რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი გრძელდება.

ამავე დროს, NATO ასრულებს მუშაობას კომუნიკეზე, რომელშიც წევრი სახელმწიფოები “ფორმულირებებს ათანხმებენ”. თუმცაღა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ უკრაინის შესახებ ტექსტი უკრაინის მონაწილეობის გარეშე განიხილება.

აშშ-ის პრეზიდენტმა სამშაბათს განაცხადა, რომ ის დათანხმდა შემოთავაზებულ ფორმულირებას NATO-ში უკრაინის გაწევრიანების მომავალი შესაძლებლობის შესახებ. ამავე დროს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტებთან თქვა, რომ “იხილავთ ფორმულირებებს რამდენიმე საათში, რადგანაც ახლა ვასრულებთ მუშაობას კომუნიკეზე”. მანამდე მან აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ სამიტი უკრაინას “პოზიტიურ და ძლიერ სიგნალს” გაუგზავნის.

თავისი უკმაყოფილება გამოთქვა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ წევრობასთან დაკავშირებული “გაურკვევლობა” რუსეთისთვის “ტერორის გაგრძელების” მოტივაციაა.

“უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც NATO-ს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის ნატოში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული. როგორც ჩანს, არ არსებობს მზადყოფნა არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც მისი NATO-ს წევრად ქცევისთვის”, – დაწერა ზელენსკიმ ტვიტერზე.
თუმცა ნატოს დაგეგმილი აქვს გაწევრიანების მაგივრად, უკრაინას შესთავაზოს „უსაფრთხოების გარანტიები“, რაც ხანგრძლივ სამხედრო, ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებას გულისხმობს.

ამას გარდა, ვილნიუსში უკრაინა ნატოს უფრო დაუახლოვდება და იმოქმედებს უკვე არსებული ნატო-უკრაინის კომისიის განვითარებული ვარიანტი, ნატო-უკრაინის საბჭო.
სამიტამდე ერთი დღით ადრე, 10 ივლისს მნიშვნელოვანი იყო თურქეთის გადაწყვეტილება, დათანხმდეს ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას. მანამდე ანკარა თვეების განმავლობაში ბლოკავდა სტოკჰოლმის სურვილს. მეორე დღეს კი შვედეთის წევრობას უნგრეთმაც მწვანე შუქი აუნთო.

ლიეტუვის დედაქალაქში შეკრებილები პრინციპულად იმსჯელებენ ასევე იმაზე, თუ როგორი იქნება ნატოს სამომავლო სტრატეგია. წინა სამიტზე, მადრიდში, ახალი მიმართულება დაისახა, უკრაინაში რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით. ამ ახალი მიმართულების არსებითი პუნქტია ნატოს შეიარაღებული ძალების 300 ათას სამხედრო მოსამსახურემდე გაზრდა.

ვილნიუსში იმსჯელებენ კონკრეტულად ე.წ. „New Force Model-ის” შესახებ. ალიანსს ექნება ასევე „რეგიონული გეგმები“ ჩრდილოეთის, სამხრეთისა და განსაკუთრებით, სამხედრო კავშირის აღმოსავლეთისთვის.

ვილნიუსში განხილვის საგანი იქნება ასევე ფინანსები. დღემდე მიზანი იყო, რომ ნატოს წევრ ქვეყანას თავდაცვისთვის საერთო შიდა პროდუქტის ორი პროცენტი უნდა გამოეყო. ახლა თითოეული წევრი მოვალე გახდება, მინიმუმ ორი პროცენტი დახარჯოს სამხედრო მიზნებისთვის.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა.

როგორც მანამდე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, უკრაინის ლიდერი დღეს საღამოს დაგეგმილ ალიანსის ლიდერების ვახშამს დაესწრება, ხვალ კი ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს ნატო-უკრაინის ახალშექმნილ საბჭოს სხდომაში.

ლიეტუვის ქალაქ ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანი სამიტი დღეს გაიხსნა.

მსგავსი პოსტები

Back to top button