შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს

კრემლში აცხადებენ, რომ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებას ემუქრება და მოსკოვი საპასუხო ზომებს მიიღებს.
ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, შვედეთის ნატო-ში შესვლას ცალსახად ნეგატიური შედეგი მოჰყვება რუსეთისთვის. პესკოვი ამბობს, რომ საპასუხოდ რუსეთი მიიღებს ზომებს, რომლებიც იქნება ანალოგიური იმ ნაბიჯებისა, რომლებიც იგეგმება ფინეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უკვე დამდგარი ფაქტის კონტექსტში.
შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანება ძალიან მკაფიო გზავნილს აგზავნის რუსეთში, ვლადიმერ პუტინთან, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება, ნატო-ს გაფართოება ალიანსის წევრების გადასაწყვეტია და მოსკოვს არ აქვს ვეტო გაფართოების საკითხებზე, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ვილნიუსის სამიტის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ არის სტრატეგიული შეცდომა და მან ნატო-ს მოკავშირეთა ერთიანობა სათანადოდ ვერ შეაფასა.
„ეს არის ნათელი იმ ფაქტით, რომ ფინეთი უკვე არის ნატო-ს სრულუფლებიანი წევრი და შვედეთი მალე გაწევრიანდება ალიანსში. ეს არის დემონსტრირება იმისა, რომ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ იყო დიდი სტრატეგიული შეცდომა. მან ნამდვილად ვერ შეაფასა უკრაინელების შესაძლებლობები და ვერ შეაფასა ნატო-ს მოკავშირეთა ერთიანობა, სათანადოდ ვერ შეაფსა პოლიტიკური შედეგები ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ფინეთი და შვედეთი. მან ომი წამოიწყო, რადგან სურდა ნაკლები ნატო და ის მიიღებს მეტ ნატო-ს აღმოსვლეთ ფლანგზე და ალიანსის ორ ახალ წევრს. ეს ხაზგასმით აჩვენებს პუტინის დიდ სტრატეგიულ შეცდომას“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ “პროვოკაციული” გადაწყვეტილებების შემდეგ, თურქეთი ნეიტრალური ქვეყნიდან “არამეგობრულ” ქვეყნად იქცევა.
ვიქტორ ბონდარევის თქმით, თურქეთმა შეთანხმების დარღვევით გაათავისუფლა “აზოვის” მეთაურები და ასევე, მხარს უჭერს უკრაინის ნატო-ში დაჩქარებული წესით გაწევრიანებას.
ბონდარევმა, ასევე, დასძინა, რომ თურქეთის მსგავსი ნაბიჯების საფუძველი, ალიანსის მხრიდან ზეწოლაა.
AFP-ს ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი დათანხმდა, თავისი ქვეყნის პარლამენტს გადასცეს დასამტკიცებლად შვედეთის განცხადება ალიანსში სკანდინავიის ამ ქვეყნის გაწევრიანებაზე. ამის შესახებ განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.
ვილნიუსში ერდოანთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსსონთან მოლაპარაკების შემდეგ, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თურქეთი დათანხმდა, წინ წავიდეთ და თქვა, რომ ეს „ისტორიული დღეა“.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ პრეზიდენტი ერდოანი დათანხმდა, ოქმი შვედეთის გაწევრიანების შესახებ გადასცეს დიდ ეროვნულ კრებას და მჭიდროდ ითანამშრომლოს მასთან, რათა მოხდეს რატიფიკაცია”, – განაცხადა სტოლტენბერგმა პრესკონფერენციაზე, ვილნიუსში.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა ულფ კრისტერსსონმა განაცხადა, რომ ის „ძალიან მოხარულია“, რომ შვედეთმა მიაღწია შეთანხმებას თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეპ ტაიპ ერდოანთან, ნატოში გაწევრიანების მხარდასაჭერად.
თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმა აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი.
სტოლტენბერგი, რომელიც ერდოანსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრს, ულფ კრისტერსსონს შეხვდა ვილნიუსის ნატოს სამიტის წინ, 10 ივლისის საღამოს ცდილობდა, მოეძებნა გამოსავალი ჩიხიდან, რომელშიც ნატოში შვედეთის გაწევრიანების შესახებ განაცხადი აღმოჩნდა. ფინეთმა და შვედეთმა შარშან შეიტანეს წევრობის განცხადება ალიანსში, რითაც უარი თქვეს ნეიტრალიტეტის ხანგრძლივ პოლიტიკაზე უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ფინეთი ნატოს წევრი აპრილში გახდა, ხოლო ალიანსში შვედეთის შესვლას ეწინააღმდეგებოდნენ თურქეთი და უნგრეთი.
სტოკჰოლმიც ცდილობდა, ვილნიუსის სამიტზე სამხედრო ბლოკში გაწევრიანებულიყო.
ერდოანი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს მხოლოდ მაშინ, როცა სკანდინავიის ეს ქვეყანა შეასრულებს პირობებს, შარშან მადრიდის სამიტზე მიღწეულ შეთანხმებას. შეხვედრის წინ ერდოანი და კრისტერსსონი დაუძაბავად საუბრობდნენ. შვედეთის პრემიერმა იხუმრა, რომ თავის თვითმფრინავს ვილნიუსის აეროპორტში თურქეთის დიდი თვითმფრინავის გვერდზე დააყენებს.
თურქეთი მიიჩნევდა, რომ შვედეთი არ აკეთებს საკმარისს, თურქეთის პოზიციით, „ტერორისტების“, ქურთისტანის მუშათა პარტიის, წინააღმდეგ. ნატოს ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა გზა უნდა გაუხსნას ბლოკში თურქეთის შესვლას მანამ, სანამ ქვეყნის პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შვედეთის გაწევრიანებას დათანხმდება. 10 ივლისს აშშ-მა, მანამდე გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირში თურქეთის გაწევრიანება და ნატოში შვედეთის შესვლა ორი სხვადასხვა საკითხია.
შეგახსენებთ, ფინეთმა და შვედეთმა NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ გადაწყვიტეს. 4 აპრილს ფინეთი ოფიციალურად გახდა ალიანის 31-ე წევრი. შვედეთის გაწევრიანებას კი თურქეთი აფერხებდა. თუმცა, გუშინ, 10 ივლისს, NATO-ს ვილნიუსის სამიტის წინ, ცნობილი გახდა, რომ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, შვედეთის გაწევრიანებას მხარს დაუჭერს.