ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა

ყირიმის ხიდზე განხორციელებულ თავდასხმაზე რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გამომძიებლები ადგენენ ტერაქტის ორგანიზებაში მონაწილე პირებს უკრაინის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ფორმირებებიდან.
რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ინციდენტის ადგილას ოპერატიულ და საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ.
ყირიმის ხიდზე თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანებულია ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. რუსეთის ხელისუფლება ხიდზე თავდასხმაში უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს.
ამასთან რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა ყირიმის ხიდზე თავდასხმაში აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს ადანაშაულებს.
ამის შესახებ განცხადება მან სოციალური ქსელით გაავრცელა.
ზახაროვას თქმით, „კიევის მმართველი რეჟიმი არის ტერორისტული და მას აქვს საერთაშორისო დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა ნიშანი, ხოლო კიევში გადაწყვეტილებები მიიღება აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მონაწილეობით“.
„დღევანდელი თავდასხმა ყირიმის ხიდზე განხორციელებულია კიევის რეჟიმის მიერ. გადაწყვეტილებები მიიღება უკრაინის ოფიციალური პირებისა და სამხედროების მიერ, ამერიკული და ბრიტანული სპეცსამსახურებისა თუ პოლიტიკოსების უშუალო ჩართულობით. აშშ და დიდი ბრიტანეთი ახორციელებს ტერორისტული სახელმწიფოებრივი სტრუქტურის მართვას“, – წერს ზახაროვა ტელეგრამ-არხზე.
რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა დაადასტურა მანამდე უკრაინული წყაროებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ წუხელ ყირიმის ხიდზე დრონებით შეტევა იყო. ეს საავტომობილო და სარკინიგზო ხიდი ანექსირებულ ყირიმს აკავშირებს რუსეთის კრასნოდარის მხარესთან.
ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე „ორი უკრაინული, წყალზედა უპილოტო საფრენი აპარატით შეტევის” შედეგად, დაიღუპა 2 ადამიანი და 1 დაშავდა და დაზიანდა ხიდის საავტომობილო ნაწილი.
“დილის 3.05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი,” – ნათქვამია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა „ტერორისტული აქტის” მუხლით. ამ უწყების საიტზე ნათქვამია, რომ გამოძიება დაადგენს „პირებს უკრაინის სპეცსამსახურებიდან და შეიარაღებული ფორმირებებიდან, რომლებსაც კავშირი აქვთ დანაშაულის ორგანიზებასა და შესრულებასთან”. ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა ტელეგრამ-არხზე გამთენიისას გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია „საგანგებო შემთხვევის” გამო. რა შემთხვევა იყო ეს, აქსიონოვი არ აკონკრეტებდა. სოციალური ქსელებით გავრცელებული ცნობებით, ხიდზე აფეთქება მოხდა.
ყირიმის ხიდზე შეტევა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის და სამხედრო-საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო. ამის შესახებ გამოცემები „უკრაინსკა პრავდა“ და „რბკ უკრაინა” წერენ უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით. მათი წყაროს ინფორმაციით, ხიდს „წყალზედა დრონებით“ შეუტიეს და მიუხედავად იმისა, რომ ხიდამდე მიღწევა რთული იყო, ეს შეძლეს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპიკერმა ანდრი იუსოვმა უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ დღეს მთელი მსოფლიო ხედავს „მრავალკილომეტრიან საცობს და ხიდის კონსტრუქციების რღვევას”, თუმცა მიზეზებზე დამატებით კომენტარს არ გააკეთებენ. იუსოვის თქმით, მას შეუძლია მოიყვანოს მხოლოდ სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის ციტატა, რომ „ყირიმის ხიდი ზედმეტი კონსტრუქციაა“.
ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა გამთენიისას ტელეგრამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხიდზე მიმოსვლა შეჩერებულია „საგანგებო შემთხვევის” გამო. რა შემთხვევა იყო ეს, აქსიონოვს არ დაუკონკრეტებია. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.
2022 წლის 8 ოქტომბერს, ყირიმის ხიდზე მოხდა ძლიერი აფეთქება, რომელმაც გამოიწვია ხიდის საავტომობილო ნაწილის ნგრევა და ძლიერი ხანძარი სარკინიგზო ნაწილზე. უკრაინა აფეთქებასთან კავშირს ოფიციალურად არ აღიარებდა. 2023 წლის 8 ივლისს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარმა ტელეგრამზე დაწერა, რომ 273 დღე გავიდა ყირიმის ხიდზე პირველი დარტყმიდან, რომლის მიზანი იყო რუსეთის ლოგისტიკის გატეხა.
უკრაინა და რუსეთი ქერჩის სრუტეზე სატრანსპორტო გადასასვლელის ერთობლივ მშენებლობაზე 2013 წელს შეთანხმდნენ.
2014 წელს რუსეთმა ყირიმის ანექსია განახორციელა და ხიდი თავად ააშენა.
2018 წელს რუსეთმა ხიდის საავტომობილო ნაწილი გახსნა, ხოლო 2019 წელს – სარკინიგზო.
2022 წლის თებერვალში, უკრაინის ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისას რუსეთი ყირიმის ხიდს იყენებდა საკუთარი ჯარების მომარაგებისთვის.
ხერსონის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხუთკილომეტრიანი საავტომობილო საცობია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც იუწყებიან, ტურისტები ცდილობენ, დატოვონ ყირიმი და მელიტოპოლის მიმართულებით გადაადგილდნენ. ამის გამო ჯანოკოე-მელიტოპოლის მარშრუტზე გააუქმეს კომენდანტის საათი. დონეცკის ოლქის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა თქმით, ეს ნაბიჯი გადადგეს, რათა ტურისტებს ამ ტერიტორიის გავლით რუსეთში ჩასვლის საშუალება მისცენ.
ამასთან, რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია იუწყება, რომ ყირიმში ტურების მასობრივი გაუქმება არ შეინიშნება, თუმცა ტურისტების ნაწილი უახლოესი დღეების ჯავშნებს აუქმებს.
რუსული მედიის ცნობით, ტურისტული ავტობუსებისთვის ღიაა საბორნე გადასასვლელი და ასევე არსებობს ჰიბრიდული მარშრუტი, რომელიც გულისხმობს ელექტრომატარებლით მგზავრობასაც.
ცნობისთვის, გუშინ, ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. შედეგად ხიდზე შეწყვეტილი იყო საავტომობილო და სარკინიგზო მიმოსვლა.
ცნობისთვის, გუშინ, ღამით ყირიმის ხიდზე აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ინფორმაციით, შედეგად დაიღუპა ორი ადამიანი და ერთი დაშავდა. მომხდარის გამო ყირიმის ხიდზე შეწყვეტილი იყო ტრანსპორტის გადაადგილება. რუსეთში აფეთქებას ტერორისტული თავდასხმა უწოდეს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, „დიდი ინტერესით აკვირდებიან, რომ პუტინის რეჟიმის ერთ-ერთი სიმბოლო კიდევ ერთხელ ვერ უძლებს სამხედრო დატვირთვას“.
მანამდე, რუსულ „ბიბისისთან“ საუბარში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ყირიმზე თავდასხმა უკრაინის სამხედრო საზღვაო ძალებისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი სპეცოპერაცია იყო. ამავე წყაროს ცნობით, თავდასხმა უპილოტო საზღვაო დრონებით მოაწყვეს.
შეგახსენებთ, „ბიბისის“ რუსულენოვანი ბიურომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაცია იყო.