უკრაინა რუსეთის გარეშე გააგრძელებს „მარცვლეულის შეთანხმებას“
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლით რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებას ცდილობს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის რუსეთის გარეშე გააგრძელოს “მარცვლეულის შეთანხმება” და შესაბამის სიგნალებს გაუგზავნის შეთანხმების შუამავლებს – გაეროსა და თურქეთს.
“ჩვენ გვქონდა ორი შეთანხმება: უკრაინა, თურქეთი, გაერო; კიდევ ერთი შეთანხმება – რუსეთი, თურქეთი, გაერო. ამიტომ, როდესაც რუსეთი ამბობს, რომ აჩერებს, ის არღვევს შეთანხმებებს გაეროს გენერალურ მდივანთან გუტერეშთან და პრეზიდენტ ერდოანთან. და არა ჩვენთან, რადგან მათთან არანაირი შეთანხმება ჩვენ არ გვქონია”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა აფრიკელ ჟურნალისტებთან ინტერვიუში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი შავი ზღვის “მარცვლეულის შეთანხმების” შეწყვეტას ეხმაურება და რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს.
“მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის შეწყვეტის შესახებ. ევროკავშირი მუშაობს მსოფლიოს დაუცველი მოსახლეობის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. #EUSolidarityLanes გააგრძელებს აგროპროდუქტების უკრაინიდან და გლობალურ ბაზრებზე გატანას,” – წერს ლეიენი Twitter-ზე.
აშშ-ის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა CBS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთს უკრაინასთან მარცვლეულის შეთანხმებიდან შესაძლო გასვლის შემთხვევაში, დიდი „დიპლომატიური ხარჯი“ ექნება.
„მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ, რას იზამს ვლადიმირ პუტინი. შეიძლება რუსეთი გავიდეს შეთანხმებიდან, შეიძლება გაგრძელოს. თუ ისინი დატოვებენ შეთანხმებას, მთელი მსოფლიო შეხედავს ამას და იტყვის, რომ რუსეთმა ზურგი შეაქცია გლობალური სამხრეთის, აფრიკის, სამხრეთ ამერიკის და აზიის ქვეყნებისთვის საჭირო სურსათის მისაღებ ფასებში წვდომის საშუალების მიცემას. ვფიქრობ, მომავალში რუსეთს ამის გამო უზარმაზარი დიპლომატიურ ხარჯი ექნება”, – განაცხადა სალივანმა.
ჯო ბაიდენის მრჩეველმა აღნიშნა, რომ აშშ მზად არის ყველა სცენარისთვის და მჭიდროდ თანამშრომლობს ამ საკითხში კიევთან. ადრე გავრცელდა ცნობა, რომ ოდესის ნავსადგურიდან 16 ივლისს მარცვლეულით დატვირთული ბოლო გემი გავიდა, მარცვლეულის შესახებ არსებული შეთანხმების ჩარჩოებში.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი რუს კოლეგასთან, სერგეი ლავროვთან მარცვლეულის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს გამართავს.
„ჩემი საგარეო საქმეთა მინისტრი მოლაპარაკებებს გამართავს რუს კოლეგასთან. მე თვითონ, როგორც კი [სპარსეთის ყურის ქვეყნებში] ვიზიტიდან დავბრუნდები, გავმართავ მოლაპარაკებებს ბატონ პუტინთან. როცა აგვისტოში პირადად შევხვდებით, ასევე განვიხილავთ ამ თემას. ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ მოვიქცეთ რუსული სურსათის ექსპორტისთვის დაბრკოლებების აღმოსაფხვრელად“, – განაცხადა ერდოღანმა სპარსეთის ყურის ქვეყნებში ვიზიტის წინ გამართულ ბრიფინგზე.
გაერო-ს გენერლაური მდივანის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, რუსეთის შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გასვლით, ასევე შეჩერდება შეთანხმება, რომელიც რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებების მოხსნას ითვალისწინებდა.
როგორც გუტერეშმა ნიუ იორკში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, წუხილს გამოთქვამს რუსეთის მიერ შეთანხმებიდან გასვლის გამო. მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება აუცილებელად გამოიწვევს ადამიანების ტანჯვას.
გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ასევე ისაუბრა იმ წერილზე, რომელიც მან რუსეთის ხელისუფლებას გაუგზავნა და რომელშიც, მისივე განცხადებით, დასახელებული იყო ახალი წინადადებები, რომელთა განხორციელებასაც გაერო სთავაზობდა რუსეთს, რათა რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებები მოხსნილიყო.
გაერო-ს გენერალური მდივანი ამბობს, რომ ამ წინადადებებს შორის იყო რუსული ბანკის, „როსსელხოზბანკის“ საერთაშორისო საგადახდო სისტემა „სვიფტში“ დაბრუნება და სხვა ზომებიც.
„ღრმად ვარ დამწუხრებული, რომ ჩემი შეთავაზებები უყურადღებოდ დარჩა. რუსეთის დღევანდელი გადაწყვეტილება აისახება გაჭირვებულ ადამიანებზე ყველგან, მაგრამ ჩვენ არ შევწყვეტთ ძალისხმევას, რათა გლობალურ ბაზრებზე უზრუნველყოფილი იყოს საკვები პროდუქტების და სასუქების დაუბრკოლებელი მიწოდება, როგორც უკრაინიდან, ისე რუსეთის ფედერაციიდან“, – განაცხადა გუტერეშმა.
გუტერეშის თქმით, განსაკუთრებულ მადლობას უხდის თურქეთის ხელისუფლებას „მარცვეულის შეთანხმების“ განხორციელებაში გაწეული ძალისხმევისთვის.
„ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ გამოსავლის გზების ძიებას. ძალიან ბევრი დევს ფსონზე შიმშილითა და გაჭირვებით აღსავსე სამყაროში“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა. ამასთან, ანტონიო გუტერეშმა აღნიშნა, რომ ასობით მილიონი ადამიანი შიმშილის წინაშეა და უმკლავდება საცხოვრებელი ხარჯების გლობალურ კრიზისს.
„მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გასვლით რუსეთი შიმშილის იარაღად გამოყენებას ცდილობს, – აღნიშნულის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი მხარს უჭერს გაერო-ს გენერალური მდივნის ყველა ძალისხმევას, რომელიც შეთანხმების გახანგრძლივებისკენ არის მიმართული.
„სამწუხაროა, რომ რუსეთმა უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე. ეს ძალიან სერიოზული საკითხია და ბევრ პრობლემას შექმნის ადამიანებისთვის მთელ მსოფლიოში. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია ჩვენი სოლიდარობის ხაზების პროექტით, რათა უკრაინული მარცვლეული ხელმისაწვდომი იყოს ადამიანებისთვის, რომლებისთვისაც ის საკვებად აუცილებელია. უნდა დავადანაშაულო რუსეთი ამ გადაწყვეტილებისთვის. ადამიანების შიმშილის იარაღად გამოყენება სრულიად გაუმართლებელია“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კი „მარცვლეულის შეთანხმებასთან“ დაკავშირებით რუსეთის ნაბიჯს ცინიკური უწოდა.
„მკაცრად ვგმობ რუსეთის ცინიკურ ნაბიჯს, შეაჩეროს „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“, მიუხედავად გაერო-სა და თურქეთის ძალისხმევისა. ევროკავშირი მუშაობს, რათა უზრუნველყოს სურსათის უსაფრთხოება მსოფლიოში ყველაზე დაუცველებისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიანმა.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელება აუცილებელია დაუცველი ქვეყნებისთვის.
„მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ გაერო-ს გენერალური მდივნის ეგიდით „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ყველაზე დაუცველი ქვეყნებისთვის, რადგან ეს შეთანხმება ევროპული სოლიდარობის ხაზებთან ერთად, გვეხმარება იმის უზრუნველყოფაში, რომ ყველაზე დაუცველ ქვეყანებს ჰქონდეთ წვდომა მარცვლეულთან და სასუქთან, რაც ხალხს სჭირდება“, – განაცხადა შარლ მიშელმა.
ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთი უარს ამბობს, გააგრძელოს გაეროსა და თურქეთის შუამავლობით უკრაინასთან მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს. შეთანხმების მოქმედების ვადა 17 ივლისს, დღის ბოლოს, ამოიწურება.
პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს უთხრა, რომ შეთანხმებამ მოქმედება „ფაქტობრივად“ უკვე შეწყვიტა, რადგან არ სრულდება რუსეთთან დაკავშირებული პირობები. „ამიტომ, მისი მოქმედება წყდება“, – განაცხადა პესკოვმა.
”მარცვლეულის შეთანხმება” რუსეთ-უკრაინას შორის, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით, 22 ივლისს სტამბოლში დაიდო. ის უკრაინიდან ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტს ითვალისწინებდა და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აფრიკისა და აზიის ქვეყნების ხორბლით მომარაგებისთვის.
კრემლის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი, რომელიც ამ საკითხზე ვლადიმირ პუტინთან აპირებს მოლაპარაკებას.
„მჯერა, რომ პუტინს სურს, რომ ჰუმანიტარულმა დერეფანმა გააგრძელოს ფუნქციონირება“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
უკრაინამ და რუსეთმა, თურქეთის და გაეროს შუამავლობით, 2022 წლის 22 ივლისს სტამბოლში მიაღწიეს შავი ზღვით უკრაინული ხორბლისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციის ექსპორტის განახლების შეთანხმებას.
გემების კონტროლისა და უსაფრთხო ნაოსნობისთვის სტამბოლში გაიხსნა უკრაინის, რუსეთის, თურქეთისა და გაეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული სპეციალური საკოორდინაციო ცენტრი.
შეთანხმების მოქმედების ვადა რამდენჯერმე გაგრძელდა და ამჯერად დღეს, 2023 წლის 17 ივლისს იწურება.