მნიშვნელოვანისიახლეები

შავი ზღვის წყალი სუფთაა ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს-ომიაძე

შავი ზღვის წყალი სუფთაა და დამსვენებლებისთვის უსაფრთხო, ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს.

მაია ომიაძის ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გაზრდილია დამსვენებელთა რაოდენობა.

„შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა არის უსაფრთხო. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებთან, ასევე მუდმივ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ და საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებთ და ვატყობინებთ ახალი კვლევის შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ზღვის სანაპირო ტურისტებით არის სავსე, ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ველოდებით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს. დაბინძურების ფაქტი არ დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო 10 დღეში ერთხელ იღებს სინჯებს და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.
უწყებაში აცხადებენ, რომ “განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია”.

სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, “აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს”.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო 10 ივლისიდან წყლის სინჯებს იღებენ 3-ით მეტ სადგურში, ახლა უკვე 12 წერტილში.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტომ 2023 წლის 6 და 10 ივლისს განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. გარემოს ეროვნული სააგენტომ შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგისთვის 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაზარდა, მანამდე არსებულებს ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე 3 წერტილი დაემატა.

მსგავსი პოსტები

Back to top button