მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

“მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა- ბატონო პუტინო დაასრულეთ ეს ომი ახლავე”-კლევერლი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ განაცხადა, რომ მსოფლიო ვერ დაუშვებს უკრაინაში ომის გაჭიანურებას. მან მოუწოდა რუსეთის პრეზიდენტს, სასწრაფოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და გახსნას შავი ზღვა გემებისთვის. უკრანული მედიის ცნობით, მან ამ თემაზე ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა.

“ვერ დავუშვებთ, რომ ეს ომი კიდევ 500 დღე გაგრძელდეს. პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიანმა გეგმამ აჩვენა წინსვლის გზა. უკრაინას მშვიდობა სურს. ჩვენ გვინდა მშვიდობა. მთელ მსოფლიოს სურს მშვიდობა”, – თქვა კლევერლიმ.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებას სურს და რუსეთმა ეს არჩევანი დღესვე უნდა გააკეთოს უკრაინიდან ჯარის გაყვანით.

“ბატონო პუტინო, დააბრუნეთ თქვენი ჯარები სახლში, დაასრულეთ ეს ომი ახლავე”, – კლევერლი.

გასულ ღამეს რუსეთი უკრაინას ისევ “შაჰიდის” დრონებით დაესხა თავს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, აფეთქებების ხმა მიკოლაევსა და ოდესაში ისმოდა.

მიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის, ცნობით, თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა, თუმცა მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სამხრეთის ოპერატიული სარდლობის თქმით კი, ოდესაში თავდასხმის შედეგად დაშავდა ხანდაზმული მამაკაცი. მას რაკეტების ნამსხვრევები სახლში მოხვდა და კლინიკაში გადაიყვანეს.

უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და დნეპროპეტროვსკის ოლქებშიც. ბალისტიკური იარაღის გამოყენების საფრთხე კი პოლტავას, ჩერკასის, დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და კიროვოგრადის ოლქებში.
რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმის რეგიონზეც, სადაც დაიღუპა ორი და დაშავდა 10 ადამიანი. დაზიანდა სახლები, ელექტროქსელები და ტექნიკა.

გასულ დღეს რუსულმა ძალებმა დონეცკის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 3 ადამიანი დაიღუპა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ, განაცხადა:

“გუშინ, დღის განმავლობაში, რუსმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქის 3 მცხოვრები მოკლეს. ამასთან, დაშავებულია 4 ადამიანი,” – ამბობს კირილენკო.

მისივე ცნობით, 18 ივლისის მდგომარეობით, დონეცკის ოლქში ჯამში, სულ მცირე 1 616 მშვიდობიანი მოქალაქეა დაიღუპა, დაშავდა 3 855. თუმცა, კირილენკო აღნიშნავს, რომ ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან მარიუპოლსა და ვოლნოვახაში ზუსტი მონაცემების დადგენა ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button