მნიშვნელოვანისიახლეები

იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20.1 პროცენტით გაიზარდა

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოში საქონლით საგარეო- სავაჭრო ბრუნვა იყო 10 268,6 მილიონი აშშ დოლარი. გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ზრდა 20,1 პროცენტია. საქსტატის მონაცემებით, გაზრდილია როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის მაჩვენებლები.

ექსპორტი 3052,8 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 19,3 პროცენტით);
იმპორტი 7215,8 მლნ. აშშ დოლარია (გაიზარდა 20,4 პროცენტით).
საგარეო ვაჭრობის შესახებ მონაცემებით, ეს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, კორონავირუსის პანდემიისა და მის შემდეგ პერიოდში, ყველაზე კარგი შედეგია. საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის ლიდერობენ სომხეთი და აზერბაიჯანი. სამეულშია რუსეთიც. 2023 წლის 6 თვეში ყველაზე მეტად გაიზარდა მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის კომპონენტი:

ექსპორტი გაზრდილია 267,3 პროცენტით;
იმპორტი – 94,6 პროცენტით.
მსუბუქი ავტომობილები აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალშიც პირველ ადგილზეა. მონაცემები აჩვენებს, რომ სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხდება. მაგალითად, საქართველოდან რუსეთში იმპორტირებული საქონლის ჩამონათვალში ავტომობილები მეორე ადგილზეა – წინა წლის 6 თვესთან შედარებით ზრდა 100 პროცენტზე მაღალია.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარ-ივნისში 4 163.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.5 პროცენტია.

ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.6 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1 457.7 მლნ აშშ დოლარით, რუსეთი – 1 271.2 მლნ აშშ დოლარითა და აშშ – 820.9 მლნ აშშ დოლარით

2023 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 3 052.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

საქსტატის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, მთლიანი ექსპორტის 48.3 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.6 პროცენტით შემცირდა და 1 473.7 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 76.3 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები არიან რუსეთი – 266.6 მლნ აშშ დოლარით, ჩინეთი – 197.8 მლნ აშშ დოლარითა და თურქეთი – 188.2 მლნ აშშ დოლარით.

ამასთან, მიმდინარე წლის 2023 წლის იანვარ-ივნისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 336.2 მლნ აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 22.8 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინის სახეობები 125.7 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილს იკავებს ფეროშენადნობები 109.6 მლნ აშშ დოლარით.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 80.6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ცნობით, უმსხვილეს საექსპორტო სამეულში პირველ ადგილს 440.0 მლნ. აშშ დოლარით სომხეთი იკავებს, მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი – 413.3 მლნ. აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი – 343.9 მლნ. აშშ დოლარით.

რაც შეეხება იმპორტს, უწყების მონაცემებით, მიმდინარე წლის წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 70.5 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედიან თურქეთი – 1 246.9 მილიონი აშშ დოლარით, რუსეთი – 927.3 მილიონი აშშ დოლარითა და აშშ – 775.2 მილიონი აშშ დოლარით.

ამასთან, უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივნისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი დაიკავა მსუბუქმა ავტომობილებმა 990.9 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 32.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სპილენძის მადნები და კონცენტრატები 341.3 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო მესამე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინის სახეობები 126.0 მილიონი აშშ დოლარით.

მსგავსი პოსტები

Back to top button