“ფულადი გზავნილების შეზღუდვებზე ამერიკის საელჩოსთვის ცნობილი არ არის”
აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილი არ არის ამერიკის მიერ, საქართველოში ფულად გზავნილებზე დაწესებული შეზღუდვების შესახებ. განმარტებისთვის გირჩევთ დაუკავშირდეთ ვესტერნ იუნიონს ან ბანკს. – ამის შესახებ ამერიკის საელჩომ საქართველოში, რადიო თბილისს განუცხადა.
რადიო თბილისთან, საქართველოს ეროვნული ბანკი არ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში თანხებზე დაწესებულ შეზღუდვებს.
“ქართული კომერციული ბანკების მეშვეობით Western Union – ის სისტემით შეუფერხებლად ხორციელდება ტრანზაქციები აშშ – დან საქართველოში, ასევე პირიქით – საქართველოდან აშშ – ში.” – ამის შესახებ რადიო თბილისთან საქართველოს ეროვნულ ბანკში განაცხადეს.
ეროვნული ბანკის თქმით, ცალკეული ინდივიდუალური შემთხვევა,შესაძლოა უკავშირდებოდეს გზავნილის ლიმიტებს.
“ასეთ შემთხვევაში, კლიენტმა უნდა მიმართოს მომსახურე საფინანსო ორგანიზაციას.” – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.
ამერიკის შეერთებული შტატებიდან საქართველოში “ვესტერნ იუნიონის” გავლით, თანხების გადმორიცხვა ნაწილობრივ შეიზღუდა – ამის შესახებ რადიო თბილისთან, ამერიკაში მცხოვრებმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.
დავით ქართველიშვილი ამბობს, რომ “ვესტერნ იუნიონით” შეერთებული შტატებიდან მხოლოდ 5 ტრანზაქციის შესრულებაა შესაძლებელი. მცირე თანხების გადმორიცხვაზე კი უარი იმ მიზეზით ეთქვა, რომ საქართველო სანქცირებულ ქვეყნების სიაშია.
“ამერიკიდან საქართველოში თანხების გადმორიცხვა შეიზღუდა – მიზეზი სანქციებია”