სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერის გარეშე “სავარაუდოა”აზერბაიჯანთან კიდევ ერთი ომი

ვიდრე აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება ხელმოწერილი არ არის, ომი ძალიან სავარაუდოა – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ნიკოლ პაშინიანის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყოველდღიურად ირღვევა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში გენოციდის განხორციელებაში და იქ „გეტოს“ შექმნაში დაადანაშაულა.
“სანამ სამშვიდობო ხელშეკრულება არ არის ხელმოწერილი და ასეთი ხელშეკრულება არ არის რატიფიცირებული ორი ქვეყნის პარლამენტების მიერ, რა თქმა უნდა, [ახალი] ომი [აზერბაიჯანთან] ძალიან სავარაუდოა”,ამას ემატება აზერბაიჯანის აშკარა აგრესიული რიტორიკა, სიძულვილის ენა, დღევანდელი გეოპოლიტიკური ვითარება, სადაც ვხედავთ, რომ მსოფლიო წესრიგი, რომელიც ჩვენ ვივარაუდეთ, არ არსებობს.
ახალი ესკალაციები, ახალი ომები ყოველთვის შესაძლებელია, რაც არ ნიშნავს, რომ ეს მოხდება. სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა ფაქტობრივად ყოველდღე ხდება,”- აცხადებს ნიკოლო პაშინიანი.
მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო ომი 2020 წელს დაიწყო და ექვსი კვირის განმავლობაში 7 000 სამხედრო იმსხვერპლა. ომის შედეგად აზერბაიჯანმა მოიპოვა კონტროლი მთიანი ყარაბაღის ნაწილსა და მიმდებარე შვიდ რაიონზე. ომი დასრულდა რუსეთის შუამავლობით ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით, რომლის შედეგად, მოსკოვმა რეგიონში დაახლოებით 2000 სამხედრო სამშვიდობო მისიით განათავსა.
სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, ბოლო კვირების განმავლობაში, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რამდენიმე უშედეგო მოლაპარაკება გაიმართა.
დაძაბულობა კვლავ მაღალია ლაჩინის დერეფანში. ის ერთადერთი გზაა, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან აკავშირებს. ბაქოს მტკიცებით, სომხეთიდან მიმავალ წითელი ჯვრის მანქანებში კონტრაბანდა აღმოაჩინეს, რის გამოც აზერბაიჯანმა გამოძიების დასრულებამდე დერეფნის საგუშაგოზე გადაადგილება აკრძალა.
მიმოსვლის შეჩერებამ მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის რისკი შექმნა. სომხეთი აცხადებს, რომ ტერიტორიაზე საკვების, მედიკამენტებისა და ენერგორესურსების დეფიციტია.
ფაშინიანმა AFP-თან ინტერვიუში მკვეთრად გააკრიტიკა ბლოკადა და თქვა, რომ ეს არის მთიანი ყარაბაღში ეთნიკური სომხების გენოციდის პროცესი.
ბრალდებებს აყენებს აზერბაიჯანიც. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ სერიოზულ ძალისხმევას ახორციელებს ტერიტორიის განსანაღმად. მისი თქმით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე 1 მილიონზე მეტი ნაღმია დამარხული.
21 ივლისს შუშას გლობალურ მედია ფორუმზე აზერბაიჯანის ლიდერმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ ნაღმების აფეთქებებმა 300-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა 21 ივლისს განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ვერ გადაჭრიან ურთიერთობებს უსაფრთხოების ფაქტორისა და მთიან ყარაბაღში სომეხი მოსახლეობის უფლებების გათვალისწინების გარეშე.
“ჩვენ გვჭირდება სასწრაფო ჰუმანიტარული ჩარევა 120,000 ადამიანის შიმშილისგან გადასარჩენად. შემდეგ ჩვენ შევძლებთ გავაგრძელოთ მოლაპარაკებები ყველასთან, ვინც დაინტერესებულია რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებით. საკმარისი სისხლი უკვე დაიღვარა სამხრეთ კავკასიაში. ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარება უმნიშვნელოვანესი იქნება”, – თქვა მირზოიანმა.
მირზოიანმა ავსტრიულ გაზეთ DerStandard-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის მთავარი საკითხი ხალხის უსაფრთხოება და მათი ფუნდამენტური უფლებებია.
2020 წლის ომის ბოლოს ზავის პირობებით, რომელიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, რუსეთმა არეალში განათავსა თავისი “სამშვიდობო ჯარი”.