მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ოკუპანტი პრეზიდენტის განცხადებით კიევის კონტრშეტევამ მარცხი განიცადა

პუტინი და ლუკაშენკა კრონშტადტის საზღვაო საკათედრო ტაძარს ეწვივნენ

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, კიევის კონტრშეტევამ მარცხი განიცადა.

ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის პრეზიდენტთან სანქტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ “კონტრშეტევა არ არსებობს“.

„ის არსებობს, მაგრამ ჩავარდა“, – განმარტა პუტინმა.

ამასთან, მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეცოპერაციაში“ განსაკუთრებით დიდ დანაკრგებს, „თავიანთი სისულელეების გამო“, უცხოელი დაქირავებული მებრძოლები განიცდიან იმ ქვეყნების საზოგადოებამ, რომელთა მთავრობებიც ხალხს საბრძოლო მოქმედებების ზონაში აგზავნიან, უნდა იცოდნენ რა ხდება იქ.

მოლაპარაკებები ორ დღეს გასტანს, პუტინმა თქვა, რომ ამ მიზნით ზოგიერთი თავისი გეგმა შეცვალა. მოლაპარაკებების პირველი რაუნდის შემდეგ პუტინი და ლუკაშენკა ჩავიდნენ კრონშტადტში, სადაც მათ რუსეთის თავდაცვის მინისტრის ქალიშვილმა ქსენია შოიგუმ ჩაუტარა ექსკურსია. შემდეგ პუტინი და ლუკაშენკა კრონშტადტის საზღვაო საკათედრო ტაძარს ეწვივნენ. რუსეთის პრეზიდენტმა საკათედრო ტაძარში შეკრებილ რამდენიმე ადამიანთან ერთად გადაიღო სურათი, მათ შორის იყვნენ ბავშვები, იუწყება „კომერსანტი“. უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში პუტინი უკვე მეორედ ესაუბრა ხალხს ქუჩაში, პირველად ეს იყო დერბენტში ივნისის ბოლოს. „ვაგნერის“ ამბოხებამდე ასეთი ეპიზოდები რამდენიმე წლის განმავლობაში არ ყოფილა. ადამიანებს, რომლებიც პუტინს ხვდებოდნენ, კარანტინში ათავსებდნენ და ის უცხოელ ლიდერებს უჩვეულოდ გრძელ მაგიდასთან ესაუბრებოდა.

დაქირავებულმა მებრძოლებმა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერიდან“, რომელსაც ათიათასობით შეიარაღებული მებრძოლი და მძიმე ტექნიკა ჰყავდა და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის ომში, 23–24 ივნისს პრიგოჟინის ხელმძღვანელობით მოაწყო შეიარაღებული მსვლელობა დონის როსტოვსა და მოსკოვზე და სამხედრო ხელმძღვანელობის გადადგომა მოითხოვა. რუსეთის ხელისუფლებამ ეს ქმედებები ამბოხებად შეაფასა. კოლონების მოძრაობა შეწყდა ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას მონაწილეობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ. გამოცხადდა, რომ აჯანყებაში მონაწილეობისთვის არავინ დაისჯებოდა და „ვაგნერი“ ბელარუსში დაიდებდა ბინას. ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ჩასული „ვაგნერის“ დაქირავებული ჯარისკაცები ბელარუსის სამხედროებს მოამზადებენ. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, მოგილიოვის რაიონის სოფელ ცელში დაქირავებულთა საველე ბანაკი მოეწყო.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა გუშინ ჩავიდა პეტერბურგში. ოფიციალური მონაცემებით, მხარეები გეგმავენ უსაფრთხოების საკითხებისა და საერთაშორისო დღის წესრიგის განხილვას, ასევე „სამოკავშირეო სახელმწიფოს ფარგლებში ინტეგრაციულ თანამშრომლობაზე“ მსჯელობას.

ალიაქსანდრ ლუკაშენკას რეჟიმი უკრაინის წინააღმდეგ მეომარი რუსეთის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება. ლუკაშენკამ არ გაგზავნა ჯარები უკრაინის წინააღმდეგ ომში, მაგრამ მოსკოვს უფლება მისცა, ქვეყნის ტერიტორია სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად გამოეყენებინა.

მინსკმა ასევე დაუშვა ქვეყანაში რუსული ბირთვული იარაღის განლაგება. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის უკვე ბელარუსის ტერიტორიაზეა. ამ ინფორმაციას ადასტურებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოც.

სეგახსენებთ კვირას სანქტ-პეტერბურგში ვლადიმირ პუტინისა და ალიაქსანდრ ლუკაშენკას მოლაპარაკებები იმართება. რუსეთის პრეზიდენტი ბელარუსის ავტორიტარ ლიდერს პირველად ხვდება პირადად კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ამბოხების შემდეგ, რომლის დროსაც ლუკაშენკა მოლაპარაკებებს აწარმოებდა „ვაგნერის“ დამფუძნებელ ევგენი პრიგოჟინთან და, როგორც იტყობინებიან, ბელარუსში გადასვლაზე დაითანხმა ის.

მოლაპარაკებების დაწყების ამსახველ ვიდეოში, რომელიც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა, ლუკაშენკა ამბობს: „ვაგნერელებმა ჩვენი დაძაბვა დაიწყეს. ‘დასავლეთში გვინდა. ნება მოგვეცით’. მე ვეუბნები, რაში გჭირდებათ დასავლეთში წასვლა? ‘ექსკურსიაზე წასასვლელად ვარშავაში, ჟეშუვში’“.

პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში მდებარეობს აეროდრომი, რომლის მეშვეობითაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინას სამხედრო აღჭურვილობითა და იარაღით ამარაგებენ. შემდგომში ისინი სახმელეთო გზით იგზავნება უკრაინაში. ლუკაშენკას თქმით, პუტინთან შეთანხმებით, ის „ვაგნერის“ დაქირავებულ მებრძოლებს ბელარუსის ცენტრალურ ნაწილში აჩერებს და არ გადაიყვანს მათ დასავლეთის საზღვრებისკენ, „რადგან მათი განწყობა ცუდია“. ვიდეოში პუტინს ეღიმება ლუკაშენკას სიტყვებზე ვარშავასა და ჟეშუვში „ექსკურსიაზე“.

პუტინმა ამავე შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელარუსს შორის თანამშრომლობის ყველა გეგმა გადაჭარბებით სრულდება. ლუკაშენკამ კი თქვა, რომ პოლონეთს თავისი ძალები ბელარუსის დასავლეთ საზღვარზე გადაჰყავს და დასძინა, რომ პოლონეთს არ უნდა მიეცეს დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის საშუალება. ლუკაშენკას თქმით, ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ „დასავლეთ უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად“.

რამდენიმე დღის წინ პუტინმა ასევე ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისაუბრა ვარშავის სავარაუდო გეგმებზე უკრაინის დასავლეთ რეგიონების ანექსიის შესახებ. ამან პოლონეთის პროტესტი გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button