პუტინის თქმით მოსკოვს შეუძლია ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული-ოკუპანტებმა ოდესა კვლავ დაბომბეს

რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანა უკრაინის ოდესის ოლქზე. უკრაინის თავდაცვის ძალების სამხრეთის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, გასული ღამიდან, თითქმის 4-საათიანი შეტევის სამიზნე იყო დუნაის საპორტო ინფრასტრუქტურა.
დრონით დარტყმის შედეგად დანგრეულია მარცვლეულის საცავი და დაზიანებულია სხვა სახეობის ტვირთების რეზერვუარები. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა 4 ადამიანი. სამხრეთის სარდლობის ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 3 დრონი გაანადგურეს.
უკრაინის ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა ოლეგ კიპერმა უკრაინულ მედიასთან განაცხადა, რომ უკრაინული მარცვლეულის გლობალურ ბაზრებზე ექსპორტის დაბლოკვის მცდელობით, რუსეთს მსოფლიოში შიმშილის გამოწვევა სურს.
მისი თქმით, ამას მოწმობს რუსეთის საჰაერო თავდასხმების ახალი სერია მდინარე დუნაის ტერიტორიაზე განლაგებულ მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე.
23 ივლისს გამთენიისას ოდესაზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თადასხმის შედეგად დაზიანდა ფერიცვალების ტაძარი, საცხოვრებელი სახლები და ინფრასტრუქტურა. დაიღუპა სულ მცირე ერთი, დაშავდა ათობით ადამიანი. უკრაინის ცნობით, რუსეთმა იერიში მიიტანა მარცვლეულის მარაგებზეც.
რუსეთმა ოდესაზე იერიშები გაახშირა მას შემდეგ, რაც 17 ივლისს მარცვლეულის შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა. ეს შეთანხმება უკრაინას შავ ზღვაში მარცვლეულის გადატანისთვის უსაფრთხო დერეფანს უქმნიდა. შეთანხმებიდან გასვლისას კრემლში განაცხადეს, რომ მისი ნაწილი, რომელიც რუსეთს ეხება, “ამ დრომდე არ შესრულებულა”.
19 ივლისს რუსეთის მხრიდან ოდესაზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, ოდესაზე თავდასხმისას რუსი სამხედროები მიზანმიმართულად უმიზნებდნენ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას.
რუსეთმა ოდესის ოლქზე და ქალაქ ოდესაზე უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით ინტენსიური შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 17 ივლისს ყირიმის ხიდზე დრონებით თავდასხმა იყო. იმავე დღეს რუსეთმა გამოაცხადა, რომ 18 ივლისიდან ტოვებს „მარცვლეულის შეთანხმებას”. გაეროს და თურქეთის შუამავლობით, 2022 წლის ივლისში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შავი ზღვით ხორციელდებოდა უკრაინული ხორბლის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტი. რუსეთის დარტყმების შედეგად დანგრეული ან დაზიანებულია არა მხოლოდ საპორტო ინფრასტრუქტურა, არამედ სახლები და სხვა შენობები ქალაქ ოდესის ცენტრშიც, რომელიც იუნესკოს მიერ გამოცხადებულია მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად.
მიუხედავად ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ყოველ ჯერზე ამტკიცებს, რომ ოდესის ოლქში სამხედრო დანიშნულების ობიექტებს უტევენ და ეს „შურისგების ოპერაციაა”.
თითქმის ერთი წლის განმავლობაში „მარცვლეულის გარიგების“ ფარგლებში უკრაინიდან ექსპორტირებული ტვირთის 70 პროცენტი მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში მიდიოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„თავად განსაჯეთ, თითქმის ერთი წლის განმავლობაში „გარიგების“ ფარგლებში სულ 32,8 მილიონი ტონა ტვირთი იქნა ექსპორტირებული უკრაინიდან, საიდანაც 70%-ზე მეტი მიდიოდა მაღალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში, ხოლო ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ეთიოპია, სუდანი და სომალი, ასევე იემენი და ავღანეთი ერთ მილიონზე ნაკლები – 3%-ზე ნაკლები იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამავდროულად, პუტინის თქმით, „მარცვლეულის გარიგების“ რუსული ნაწილი არ შესრულებულა და, ამ ფაქტის გათვალისწინებით, „მარცვლეულის გარიგების“ გაგრძელებამ, რომელიც არ ამართლებდა თავის ჰუმანიტარულ მიზანს, აზრი დაკარგა.
„მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია, ჩაანაცვლოს უკრაინული მარცვლეული როგორც კომერციულად, ასევე უფასოდ, მით უმეტეს, რომ წელს ისევ რეკორდულ მოსავალს ველოდებით. სანქციების მიუხედავად, რუსეთი გააგრძელებს ენერგიულ მუშაობას აფრიკისთვის მარცვლეულის, საკვებისა და სასუქების მიწოდების ორგანიზებაზე: ჩვენ ძალიან ვაფასებთ და გავაგრძელებთ ეკონომიკური კავშირების განვითარებას აფრიკასთან. ჩვენს საერთო ინტერესებში შედის ჰუმანიტარული სფეროს, კულტურის, სპორტისა და მედიის სფეროში თანამშრომლობის ახალ, უფრო მაღალ დონეზე აყვანა“, – აღნიშნა პუტინმა.
მარიუპოლის მერის თანაშემწის პეტრო ანდრიუშენკოს ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა ქალაქ მარიუპოლში მდებარე ყველა ხიდი დანაღმეს.
აღნიშნულ განცხადება ანდრიუშენკომ „ტელეგრამის” არხზე გავრცელა და აღნიშნა, რომ ამჟამად ხიდებზე გასვლა შეზღუდულია.
„მარიუპოლში ოკუპანტებმა ყველა ხიდი დანაღმეს და თითოეულთან თავდაცვითი ნაგებობები მოაწყვეს. ახლა ხიდებზე გასვლა შეზღუდულია, ხოლო თავდაცვითი ნაგებობების ტერიტორია შემოღობილია“, – ნათქვამია
ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსულმა ძალებმა ხარკივის ოლქში კუპიანსკის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.
“[კუპიანსკის რაიონში] სოფელ პეშანოეს დაბომბვის შედეგად 12 წლის ბიჭი დაშავდა. ასევე დაშავებულია 2 ქალი – 31 და 48 წლის. ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, სოფელ დვურეჩნაიას დაბომბვის შედეგად 60 წლის კაცი დაიჭრა. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – აცხადებს ხარკივის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაცია.
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.